შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

„გინდა არ გინდა მომეცი ხმაიო და ხალხს პაწა ყურადღებასაც არ აქცევენ“-გურულები მთავრობას გაუბრაზდნენ

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 15 ივნისი 2019

 

უკვე წელიწადნახევარი გავიდა მას შემდეგ, რაც ოზურგეთში ახალი მოწვევის საკრებულო საქმიანობას შეუდგა და ზუსტად ამდენივე დროა გასული, რაც  კონსტანტინე შარაშენიძე ნერის მოვალეობას ასრულებს.

ცოტა ნაკლები, ანუ ჯერ მხოლოდ ათი თვეა, რაც გურიას გუბერნატორიც  შეუცვალეს და ადგილობრივი ხელისუფლებაც სრული შემადგენლობით მას შემდეგ ხან ერთ ქუჩაზე ეცნობა ასფალტის საფარის დაგების, თუ რომელიმე სკვერის, ან ეზოს კეთილმოწყობის სამუშაოების მიმდინარეობას და ხანაც სხვადასხვა უბნებში ისმენენ მოსახლეობის აზრს (მსგავსი შეხვედრები არც წინა მერის და გუბერნატორის დროს იყო უცხო). მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის სადღაც არიან და რაღაც სამუშაოებს ესწრებიან, უკვე წლებია ადგილობრივი მოსახლეობა მაინც ერთ და იმავე პრობლემაზე, ხელისუფლების მხრიდან ხალხის უყურადღებოდ მიტოვებასა და მათი ინტერესების უგულებელყოფაზე საუბრობს.

როგორ აფასებენ ოზურგეთლები მერის, საკრებულოსა და გუბერნიის მუშაობას ბოლო ერთი წლის განმავლობაში, ამ კითხვით „გურიის მოამბემ“ ადგილობრივებს მიმართა და მათი შეფასებები მოისმინა:

 ო. ტრაპაიძე - ადგილობრივ ხელისუფლებას არ აძლევს იმის  საშუალებას  ცენტრალური ხელისუფლება რომ იმუშაოს. არ უწყობენ ხელს.

ზ.ვ. - ადგილობრივი ხელისუფლების მუშაობას  საშუალოდ ვაფასებ. მეტის გაკეთება შეუძლიათ დ იმედია გამოასწორებენ ყველაფერს.

ლია ჩხეიძე - მოუწონებელი არაფერი არა აქვს ადგილობრივ ხელისუფლებას. აკეთებენ  ჯერჯერობით . 24 საათი ეჩხუბებიან და კიდო კარგად  აკეთებენ, რასაც აკეთებენ და რა ვიცი  რა იქნება შემდეგში. დადებითად ვაფასებ ამათ  მუშაობას.

ემზარ ხინთიბიძე - მე მერს არ ვემდური ყოველ შემთხვევაში. იმიტომ, რომ რასაც ვხედავთ, კი აკეთებს. მეტი რა უნდა ქნას, თუ ზევიდან არ დააფინანსეს სახელმწიფო?

გიორგი შათირიშვილი - სკამი არ გაუთბიათ ჯერ და რას გააკეთებდნენ? დღეს ვერც ერთი მთავრობა გლეხს ვერ შეინახავს, ჩვენ რომ გვინდა ისე მაინც ვერ იხალქნება.

რ.მ. - მთავრობა  ხალხს პაწა ყურადღებას მაინც რატო არ აქცევს? თუ გლეხს ვერ შეინახავს მთავრობა, მაშინ წევიდეს სახლში. გინდა არ გინდა  მომეცი ხმაიო და ხალხს  საჭმელის ფული არა აქ.  პენსია  რაა?   ოცი მანეთია ფაქტობრივად. 

კოსტა ლიპარტელიანი - კმაყოფილი?  რა ვიცი.   პატრონი არ გვყავს. ნაღობილევიდან ვარ და უწყლობით ვიხრჩობით მთელი კუთხე. არის დაპირებები და ყველა გვატყუებს. მოსახლეობა იძულბით თმენაშია. ხალხი მოწამლული საქონელივით დაიყრება მალე, იმფერი პირობები გვაქვს  ჩვენ. მერი და თავისი წარმომადგენლები კი იყვენ  ამოსულები, მარა მაგათ მარტო რა შეუძლიათ, თუ ზემოდან არ გააკეთეს? პატრონი არ ყავს ჩვენს მერიას. დადექი შენ გენერლად უჯაროდ რაფერ იქნება?!

ზ.ნ. - თუ მოაშორებთ ივანიშვილს აი მაშინ გვეშველება. რაცხა კი კეთდება, არ ვარ უკმაყოფილო ადგილობრივი ხელისუფლების. რაც შეიძლება მეტი მისცეს  პენსიონერებსს  პენსია  და ხელფასები ხალხს.

წ.კ. - ივანიშვილი არ მინდა, იმიტომ, რომ პენსიონერებს არაფერი არ მოუმატა.

 ქ.ვ.  -  ველოდები დახმარებას.  ხვალ ან ზეგ გადმომერიცხება  ფული, სახლი მაქ დამწვარი  დავით აღმაშენებელზე. გზები კეთდება  და ბევრი რამე. დადებითად ვარ განწყობილი. 

ბ.ღ. - გაკეთებული აფერი არ  მინახავს და რა ვიცი. ბაზარი მოგვიწესრიგოს  ცოტა.  მე არ მივსულვარ და არ მიმიმართავს,  სად ვირბინო  იქანე? მოვიდეს და შეგვეკითხოს ახლა ვინმე, რა გვიჭირს აქანე რომ ვდგავართ. ხალხში უნდა ქონდეთ კონტაქტი.

გ. ბარამიძე - მაგენს მოხვდა ტყვია და ამათ მომყვანს. სად გვყავს  ხელისუფლება?  რომელ გუნდს  ჩივი ნენა? წყალმა  ნახევარი   ჰექტარი მიწა  წამართვა  შემოქმედში.  დამპირდებიან  ახლა მოვალ, ხვალე მოვალ ან არ მცალია  ან ადგილზე არაა.  არაფერი არაა მოგვარებულა.  18  მეტრი მიწა წყალმა რომ წეიღო მსხმოიარე  ხეებიანა, ცოდვა არ ვარ? 4 წელია დავსდევ მაგენს. ხმის მიცემა რომ უნდებიან,  ზეწოლას კი ახდენენ მაშინ და გვერდიდან არ მოგშორდებიან მაშინ. ვის ეკითხება მე ხმას ვის მივცემ?! ჩამეიხედა ეზოში ერთმა ქალბატონმა მაგენის გუნდიდან და  ვის აძლევ ხმასო-მკითხა და მე ვუთხარი- მაი ჩემი უფლებაა-მეთქი და მასე არაა, ჩვენს პარტიას უნდა მიცე ხმაო... 

ჰ.ო. - ჩვენ აქ, ბაზარში მაგათი „დუხი“ არ გვინახავს.  სკამზე მოკალათდებიენ და ვსიო, მერე დამთავრდა.

ჭ.მ. - მაგენის გაკეთებულს ვერაფერს ვერ ვხედავ. ექადიაზე ქალაქში ვცხოვრობ და ვიხრჩობით,  წყალი არ გვაქ. ახლა კონტრაქტი გაფორმდაო და მივესალმები.

ნინო ბოლქვაძე - ცოტა ხალხს მიაქციონ ყურადღება. რაც შეგვპირდნენ, იქედან  რა გააკეთეს? მე კარგი, მოვხუცდი და აგერ ვარ, მარა ახალგაზრდებს, რომ სამსახური არა  აქვთ, იგენმა რა ქნას? აქ რომ  მოვიდა და შეგვეხვეწა გვიშველეთო,  მერე რა გააკეთა?-არაფერი.   წარმოიდგინეთ ელემენტარული  რამე.   აგერ  ბაზარში  „კრუგში“  ეს ვერ  მოუწესრიგებია.  პროდუქტები, რომ   ქუჩაში ყრია  და ისე   ვაჭრობენ, ეს ვერ მოაწესრიგა. ბოშათა ბანაკს გავს  აქაურობა  ისეთი მდგომარეობაა.  რა უნდა გითხრათ მეტი? საცოდავი  ხალხი  დაჩაგრულია. ეს გლეხებია  ცოდვა. გლეხმა იკითხოს  თორე, მთავრობის ხალხს კი აქვთ ყველაფერი.

ზირა ბაქანიძე,  პედაგოგი, მერიის საჯარო სკოლა - მე ნაღობილევიდან ვარ , კი ყურადღებას გვაქცევენ. ახლა წყალი გამოიყვანეს,  გაზი გვექნება.  მე არ ვარ უკმაყოფილო.

 

 

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია