შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ესაა ზღვარი, რასაც საზოგადოების დიდი ნაწილი აღარ მოითმენს - არმაზ ახვლედიანი

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 21 ივნისი 2019

პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებს პოლიტიკოსები ეხმაურებიან. საკანონმდებლო ორგანოსთან მთელი ღამის განმავლობაში სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მიმდინარეობდა. პოლიციამ პროტესტის გასანეიტრალებლად რეზინის ტყვიები, ცრემლსადენი გაზი, ხელკეტები და წყლის ჭავლი გამოიყენა.

მომხდართან დაკავშირებით ხელისუფლებას სრულ პასუხისმგებლობას აკისრებს პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი, ”დემოკრატიული აუდიტის ცენტრის” ხელმძღვანელი, არმაზ ახვლედიანი.

„როდესაც ხელისუფლება თავად ძალადობს, როცა ხელისუფლება არის ისეთი უგუნური, რომ არა მხოლოდ გავრილოვისმაგვარი ბოლშევიკი ჩამოჰყავთ საქართველოში და მას ტახტს უმზადებს, არამედ თვითონ იქცევა, როგორც ბოლშევიკები იქცეოდნენ 100 წლის წინ, ეს არის, ვფიქრობ, ის ზღვარი, რომლის შემდეგაც საქართველოს საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილი, ნებისმიერი ასაკის აღარ მოითმენს და ეტყვის „ოცნებას“, რომ საქართველო უნდა დარჩეს ამ „ოცნების“ გარეშე,“ - განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.

პარლამენტის ფრაქცია ”პატრიოტთა ალიანსი და სოციალ-დემოკრატების” წევრი, ემზარ კვიციანი მიმდინარე მოვლენებში "ქართულ ოცნებასთან" ერთად ნაციონალურ მოძრაობასაც ადანაშაულებს.

„გუშინ იყო დაგეგმილი ისეთივე გადაბარება, როგორც თავის დროზე შევარდნაძემ გააკეთა, მაგრამ აღმოჩნდნენ ძალები, რომლებმაც ეს არ დაუშვეს, ჩემი აზრი ასეთია და ამას ყველაფერს შეწირეს ჩვენი ახალგაზრდობა, გულანთებული პატრიოტი ახალგაზრდობა შეწირეს ამას,“ - განაცხადა ემზარ კვიციანმა.

საზოგადოების საპროტესტო მუხტი რუსი დეპუტატის საქართველოში ჩამოსვლას, საკანონმდებლო ორგანოში მისვლას და პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლის დაკავებას მოჰყვა.

მოსახლეობა ითხოვდა, რომ რუს დეპუტატს, გავრილოვს საქართველო დაუყოვნებლივ დაეტოვებინა და მის საქართველოში შემოყვანასთან დაკავშირებით კონკრეტულ პირებს პასუხისმგებლობა აეღო, მათ შორის, ირაკლი კობახიძეს, გიორგი გახარიას და ვახტანგ გომელაურს.

აქცია პარლამენტის წინ მიმდინარეობდა, სადაც დიდი ოდენობით სამართალდამცავები იყვნენ მობილიზებულები. ღამით კი სამართალდამცავებსა და მოქალაქეებს შორის დაპირისპირება დაიწყო, რა დროსაც პოლიციამ რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა, მოგვიანების წყლის ჭავლით სცადეს მომიტინგეების დაშლა.

შეტაკებების დროს დაშავდა ათეულობით მოქალაქე, მათ შორის, სამართალდამცავებიც. 

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია