შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

რუსთავი 2-ზე გასულ სიუჟეტს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია  გამოეხმაურა

საზოგადოება
წყარო:  გაზეთი ბოლნისი / http://bolnisi.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 23 ოქტომბერი 2018

ბოლნისის მუნიციპალიტეტი საკლებულომ რიგგარეშე სხდომა გამართა.    დღის წესრიგით გაწერილი  საკითხების განიხილვის შემდეგ, საკრებულოს თავმჯდომარე ტელეკომპანია „რუსთავი 2-ზე გასულ სიუჟეტს გამოეხმაურა, სადაც საკრებულოს ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი სამირა ისმაილოვა საუბრობდა სოფელ ტალავერში განსახორციელებელ   პროექტებზე გამოყოფილი თანხების   არამიზნობრივ გახარჯვაზე.

სამირა ისმაილოვა, ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი, ნაციონალური მოძრაობა:

-მე მანამდე გამოთხოვილი მქონდა სოფლის განვითარების პროგრამა, სადაც გარკვეული თანხები იყო  გამოყოფილი, სოფელ ტალავერში სასმელი წყლის პრობლემის მოსაგვარებლად. დღეს 2018 წელია და პრობლემა პრობლემად რჩება. ამაზე ადგილობრივები საუბრობენ,  მე არა ერთხელ გავაჟღერე ეს თემა საკრებულოს თუ კომისიის სხდომაზე, სამწუხაროდ მხოლოდ სიტყვიერად, წერილობით რომ მიმემართა   მექნებოდა შესაბამისი საბუთი თუ როგორ საუბრობდნენ აღნიშნული პრობლემის მოგვარებაზე.

აღნიშნულ საკითხს გამოეხმაურა სივრცითი ტერიტორიის მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი კონსტანტინე კორძაძე, მან აღნიშნა რომ 2012 წლიდან დღემდე  სოფელ ტალავერში, როგორც სასმელი წყლის, ასევე  შიდა გზების გაუმჯობესების  კუთხით არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა.

„სოფელში მთავარი პრობლემა ნამდვილად  იყო წყალი, თუმცა 2013 წლიდან არა ერთი სამუშაო  განხორციელდა. განხორციელდა სოფლის  მთავარი მაგისტრალური მილის რეაბილიტაცია. მოეწყო ახალი ჭაბურღილი, დაიქსელა 4 ქუჩა. გაკეთდა საუბნო ონკანები, თითოეულ ქუჩაზე დაყენდა 4 საუბნო ონკანი, თუმცა დღეს  ჩვენს მიერ დაყენებული ონკანებიდან შეიძლება ბევრი გაუქმებული იყოს. მოსახლეობა თვითნებურად ახორციელებს ჩაჭრებს და ეზოებში შეჰყავთ.  გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ სოფელ ტალავერის ერთი უბნის სასმელი წყლის სისტემის მოწყობის საპროეტქო სამუშაოები დაიწყო. ერთ კვირაში საპროექტო დოკუმენტაცია მომზადდება.  პროექტის დასრულების შემდეგ 80-მდე ოჯახს სასმელი წყლის პრობლემა საბოლოოდ მოუგვარდება.

სასმელ წყალთან დაკავშირებული პრობლემა მომავალში გამრიცხველიანების გამო კიდევ უფრო დალაგდება. აღსანიშნავია, რომ სოფელ ტალავერში ბოლო 30 წლის განმავლობაში სანახევროდ ივსებოდა რეზერვუარი, ჩვენ დამატებით ტუმბო შევიძინეთ, გარდა ამისა მოძველებული ელექტროგაყვანილობის სისტემები შეიცვალა, რომელიც იწვევდა გათიშვებს. ამ წუთებში მიმდინარეობს 700 000 ლარის სამუშაოები, სოფელ ტალავერში ცენტრალური გზის მონაკვეთის ბეტონიზირება. ყველა პროექტი განხორციელებულია და ექსპერტიზა აქვს გავლილი,“განაცხადა კონსტანტინე კორძაძემ.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიამ ბოლო წლების განმავლობაში, აღნიშნულ სოფელში, სასმელი წყლის საკითხის გადასაჭრელად, არაერთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი განახორციელა.
კერძოდ, 2013 წელს- სასმელი წყლის ორი ჭაბურღილის მოწყობა ქსელთან ერთად; 2014 წელს- სასმელი წყლის რეზერვუარის სარეაბილიტაციო სამუსაოები , სასმელი წყლის სისტემისა და ჭაბურღილის მოწყობა, 2015 წელს- სასმელი წყალის სისტემების მოწესრიგება, ახალი ქსელისა და წყაროს მოწყობა; 2016 წელს- სასმელი წყლის სისტემის აღდგენითი სამუშაოები.

სოფელ ტალავერის ძირითადი ნაწილი ამჟამად წყლით უზრუნველყოფილია. სოფელში რამდენიმე ისტორიული წყარო და საუბნო ონკანია, რითაც მოსახლეობა სარგებლობს.

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის საპროექტო დეპარტამენტის წარმომადგენლები ამჟამად სოფელ ტალავერში საველე სამუშოებს ატარებენ, რის საფუძველზეც, დაახლოებით 1 კვირაში საპროექტო დოკუმენტაცია მომზადდება.
პროექტის შედგენის შემდეგ უკვე გამოცხადდება სამშენებლო ტენდერი, რომლის დასრულებაც დაახლოებით 80-მდე ოჯახს სასმელი წყლის პრობლემას საბოლოოდ მოუგვარებს.

 


დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია