გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ლანჩხუთში გურული მოჯირითეების სახელობის მოედანი იქნება

საზოგადოება
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 27 ივნისი 2019

დღეს, საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ეთიკის კომისიის სხდომაზე, რომელსაც ვერიკო კვირკველია უძღვებოდა, ელექტრონული პეტიცია ,,გურული მხედრების სახელობის მოედანი ლანჩხუთში“ განიხილეს.

ელექტრონული პეტიციის ავტორი და ინიციატორი, მკვლევარი და რეჟისორი ირაკლი მახარაძე გახლავთ.

მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ამომრჩევლების 1% - მა ხელმოწერებით გამოხატა ნება, რომ ლანჩხუთში, საიდანაც იყვნენ გურული მხედრების უმეტესობა, ნინოშვილის ქუჩაზე, მხარეთმცოდნეობის მუზეუმის წინ მდებარე მოედანს ეწოდოს გურული მოჯირითეების სახელი და დაიდგას ბრინჯაოს კომპოზიცია.

პეტიციის განხილვაში კომისიის წევრების გარდა საკრებულოს წევრები, მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე სარიშვილი, პეტიციის ავტორი ირაკლი მახარაძე, მხარეთმცოდნეობის მუზეუმის დირექტორი ნონა იმნაძე, მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი ია ჩხაიძე და დაინტერესებული პირები მონაწილეობდა.

სხდომაზე იმსჯელეს და განიხილეს პეტიციის ირგვლივ გამოთქმული შენიშვნები და მოსაზრებები. როგორც აღინიშნა, ეს იქნება პატივისცემის გამოხატვა გურული მხედრების მიმართ, ტურისტული კუთხითაც მნიშვნელოვანია, ქალაქიც გალამაზდება და ასევე ღირშესანიშნაობაც იქნება ჩამოსული სტუმრებისათვის.

პეტიციის ავტორის თქმით, ბაფალო ბილისა და გურულების ურთიერთობის მაგალითი უძველესია ქართულ-ამერიკული ურთიერთობის ისტორიაში. გურულებმა გასაოცარი ტექნიკის წყალობით საუკეთესო მხედრების სახელი მოიხვეჭეს და თავისდა უნებურად წარუშლელი კვალი დაამჩნიეს ამერიკული შოუ - ბიზნესის განვითარების საქმეს, ისინი 30 წელზე მეტ ხანს გამოდიოდნენ ცნობილი ამერიკელი შოუმენის, ბაფალო ბილ ქოუდის Wild West Show - ველური დასავლეთის შოუს არენაზე, საყოველთაო აღიარება მოიპოვეს და დიდი გავლენა იქონიეს ქაუბოების ცხენოსნურ ტექნიკაზე.

კომისიამ იმსჯელა და მიიღო გადაწყვეტილება აღნიშნული პეტიციის შესწავლისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომისთვის განსახილველად წარდგენის თაობაზე.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია