გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ადუღებული სისხლი რისხვად გადმოსკდა ამოთხრილი თვალბუდეებიდან"-პარალელური საქართველო

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 27 ივნისი 2019

ბოლო დღეების განმავლობაში რუსტაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებსა და ახათობის ახალგაზრდის პროტესტს ქართველი ექიმი, პროფესორი ზურაბ გურული აფასებს და საკუთარ ფეისბუკ გვერდზე წერს: 

"პარალელური სამყაროების ხილვა თუ გსურთ, ჯერ რუსთაველზე, პარლამენტის წინ შეიარეთ, ცოტა ხნით მდუმარედ გაჩერდით, დააკვირდით აღგზნებულ ახალგაზრდებს, მათ ამაყ სახეებს, ენერგიის სპონტანურ ამოფრქვევებს და სულ რამდენიმე წუთში ადუღდება თქვენი აურაც. 
უცნაურად მეცნაურა, რომ ყველაზე კარგად ამ ახალგაზრდებმა შეიგრძნეს სიმბოლიკის მნიშვნელობა. თუნდაც წითელი სარტყელით თვალახვეული წუხანდელი მიტინგი რომ გავიხსენოთ. მავანთ დღესაც უკვირთ, რამ გადარია ეს ხალხი ასე უცებ, რამდენმა გავრილოვმა ჩაიარა საქართველოში ბოლო 7 წლის მანძილზეო.. მართლაც ბევრმა ჩაიარა.
სიმბოლიკას უდიდესი ძალა აქვს, რადგან მასშია განსხეულებული სიტყვაც და რწმენაც. და სწორედ ეს რწმენა აქცევს ფიცარზე მიხატულ გამოსახულებას ღმერთად და ქსოვილის ნაფლეთს დროშად, იმ დროშად, რომლის შეურაცხყოფასაც სულ ცოტა ხნის წინ სიკვდილი არჩია ამ ახალგაზრდების თანატოლმა. ჰოდა, იმ გაბითურებულმა და დათრგუნულმა რწმენამ იფეთქა მაშინ, როცა ღორისდასმული გავრილოვი საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს მეთაურის სავარძელში იხილა. იფეთქა იმიტომ, რომ ვეღარ დაეტია ძარღვებში ადუღებული სისხლი და რისხვად გადმოსკდა საშიშად მომზირალი ამოთხრილი თვალბუდეებიდან. 
უცნაურად გამჭოლი მზერა აქვს თვალდაკარგულ თვალბუდეს. ვისაც თავის ქალასათვის თვალი გაუსწორებია, იმას შეუძლია სიცარიელის მიღმა არსებული სამყაროს ხილვა. ამ ახალგაზრდების კბილა იუნკერები იცქირებიან დავსებული თვალებიდან, 9 აპრილს ტანკებს შელეწილნი იცქირებიან, ანწუხელიძეები იცქირებიან ...
... მერე ცოტას გაივლი, რუსთაველს გასცილდები, რესტორნებსა და ბარებს ვიტრინებიდან შეათვალიერებ, დარდისაგან შეურხეველ სიფათებს თვალს გააყოლებ და პარალელურ საქართველოსაც იხილავ, დუბელა რომ დაუდის ძარღვებში ...
არაფერი არ ყარს ისე, როგორც შემდორებულ-შემპალი სისხლი და ყარს ის პარალელური საქართველოც, საშინლად ყარს" ...წერს ზურაბ გურული.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია