გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

„როცა რუსეთზეა საუბარი, სამხედრო პროვოკაციის ალბათობა ყოველთვის არსებობს" - კიდევ რას უნდა ველოდოთ მოსკოვისგან

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 01 ივლისი 2019

რუსეთმა გარკვეულ ქართულ კომპანიებს ღვინის შეტანა უკვე აუკრძალა, ასევე საჰაერო მიმოსვლის აკრძალვა სულ რაღაც ერთ კვირაში შევა ძალაში, მანამდე კი, აფხაზეთის სეპარატისტულმა ხელისუფლებამ ენგურის ხიდთან გზა ჩაკეტა, რითაც გალში მცხოვრებ ქართველებს პრობლემები შეუქმნა, მით უმეტეს ეს ხდება მაშინ, როცა ეროვნული გამოცდები დაიწყო და გალიდან აბიტურიენტებისთვის ეს გზა უმნიშვნელოვანესია.

კიდევ რას უნდა ველოდოთ მოსკოვიდან? უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტ ვახტანგ მაისაიას თქმით, კრემლს საქართველოს „დასჯის" ორი ბერკეტი კიდევ აქვს. ერთი ეს არის ქართველების დეპორტაცია რუსეთიდან, რაც 2006 წელს უკვე ვნახეთ და ასევე ფინანსური გადარიცხვების შეზღუდვა.

„რუსეთმა ეკონომიკური ომი გამოგვიცხადა და ამ ომში ეს ორი ბერკეტი კიდევ დარჩა. რუსეთს შეუძლია გადარიცხვებზე დააწესოს კონტროლი და აკრძალოს ტრანსფერები. ასევე მოახდინოს არალეგალურად მცხოვრები ქართველების დეპორტაცია. თუ მოსკოვი ჩათვლის, რომ ეს სჭირდება, ამაზეც წავა. ასევე შეუძლია გამოაცხადოს საზღვაო ბლოკადაც. ისევ გააქტიურდა ლუგარის ლაბორატორიის თემაც. რუსულ მედიაში ისევ დაიწყეს განხილვები, რომ ამ ლაბორატორიიდან ბიოლოგიური და ბაქტერიოლოგიური იარაღის გავრცელება ხდება და რომ ამ ობიექტების განადგურებაც უნდა მოხდეს. ითქვა, რომ თუ ამერიკელებს აქვთ უფლება გარკვეული ინფრასტუქტურის განადგურების უფლება ერაყში და მზად არიან გაანადგურონ ირანსა და ვენესუელაში, ეს ჩვენც შეგვიძლია,"- ამბობს მაისაია.

გარდა ამისა, მაისაიას თქმით, ცხინვალში რუსეთმა გამოაცხადა სრული სამხედრო მზადყოფნაც, თუმცა თვლის, რომ სამხედრო პროვოკაციებს, რუსეთი მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში გამოიყენებს.

„როცა რუსეთზეა საუბარი, სამხედრო პროვოკაციის ალბათობა ყოველთვის არსებობს. მცოცავი ოკუპაცია და ჩვენი მოქალაქეების გატაცებები, რა თქმა უნდა, გაგრძელდება. სამხედრო ბლოკადას და პროვოკაციებს რუსეთი უკიდურეს შემთხვევებში გამოიყენებს. ჰიბრიდული ტიპის კიბერშეტევების სუბიექტი შეიძლება გახდეს საქართველო. ასევე ჩვენს სიახლოვეს გაიზრდება სამხედრო წვრთნების ინტენსივობა და რუსული უპილოტო საფრენი აპარატების შემოჭრა ჩვენს საჰაერო სივრცეში," - აღნიშნავს მაისაია.

ექსპერტი მიიჩნევს, რომ რუსი დეპუტატის სერგეი გავრილოვის სკანდალიც და შემდეგ საქართველოს ერთგვარი ეკონომიკური დასჯა კრემლში წინასწარ იყო დაგეგმილი, რუსეთის გაღიზიანების მიზეზი კი ბევრი დაუგროვდა, მათ შორის არის აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეის განცხადებები ანაკლიის პორტის დასრულების აუცილებლობაზე, რუსეთის ეკონომიკური გავლენებისგან გათავისუფლებასა და იმაზე, რომ საჭიროა საქართველო ნატო-ში დაჩქარებული წესით მიიღონ.

„ვთვლი, რომ გავრილოვის ოპერაცია წინასწარ იყო დაგეგმილი. ამ თემის ირგვლივ ბევრი გაუგებრობაა, მაგრამ ის, რომ გავრილოვი პროვოკაციას მოაწყობდა თბილისში, დაჯდებოდა სპიკერის სკამზე და სესიას წაიყვანდა თვითონ და თან რუსულ ენაზე, ჩემი აზრით, ეს ყველაფერი გამიზნულად მოხდა. ამ ყველაფერმა გამოიწვია რეალურად სიტუაციის აღრევა. ეს გამოიწვია იმან, რომ აშშ-ისა და რუსეთის ინტერესების დაპირისპირების ადგილი გახდა კავკასიის რეგიონი. ამაზე რუსეთის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ პირდაპირ მიგვანიშნა, რომ რუსეთსა და ჩინეთს არ უნდა ჩავუგდოთ ანაკლიის პორტი. ასევე პომპეომ თქვა, რომ აუცილებელია საქართველო ნატო-ში დაჩქარებული წესით მიიღონ. ახალი ცივი ომის პარადიგმამ გამოიწვია ასეთი ტიპის სპეცოპერაციის განხორციელება. ეკონომიკური ინტერესები, ანაკლიის პორტი, ნატო-ს საკითხი და კიდევ სხვა თემები, ყველაფერი დაკავშირებულია ამ რუსულ პროვოკაციასთან. სიტუაცია საკმაოდ მძიმედ ვითარდება," - აღნიშნავს მაისაია.

მისივე თქმით, ის, რომ რუსეთიდან საქართველოზე დიდ წნეხი ხორციელდება, ამაზე შვედეთის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა კარლ ბილდტმაც დაწერა „ტვიტერზე", თუმცა ეს არის ცალკეული ადამიანების გამოხმაურებები და ევროპის უდიდესი სირცხვილია, როცა რუსეთს ევროსაბჭოში ხმის უფლება დაუბრუნეს და ამით ერთგვარად კიდევ უფრო წაახალისეს მისი აგრესია.

საგულისხმოა, რომ კარლ ბილდტმა „ტვიტერის" საკუთარ გვერდზე გააკეთა, რომ „რუსეთი საქართველოზე სერიოზულ ზეწოლას ახდენს და ევროკავშირმა რეაგირება უნდა მოახდინოს".

ბილდტმა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის პოსტი გააზიარა, რომელითაც ერიკ ჰუგი ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ საზღვარზე არსებული საკონტროლო-გამშვები პუნქტის დროებით ჩაკეტვას ეხმაურება.

„საჰაერო მიმოსვლა და ქართული ღვინის იმპორტი შეჩერებულია", - წერს კარლ ბილდტი.

თავის მხრივ, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა „ტვიტერზე" დაწერილ პოსტში ე.წ ენგურის საკონტროლო-გამშვები პუნქტზე დაწესებული შეზღუდვების გამო ღრმა შეშფოთება გამოთქვა. მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილა მნიშვნელოვნად ზღუდავს გადაადგილების თავისუფლებას და აზიანებს ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრების პირობებს.

მაისაიას თქმით, ევროპამ ვერ მოაგვარა ის, რომ პრინციპული ყოფილიყო რუსეთის მიმართ და გადაჭრით ეთქვათ უარი მაგალითად იგივე გაზსადენის ჩრდილოეთის ნაკადი 2-ისთვის, რომელიც რუსული პროექტია და მისი დასრულებით ევროპის რუსეთზე ენერგოდამოკიდებულება კიდევ უფრო გაიზრდება.

„ასევე აღმაშფოთებელი იყო ევროსაბჭოს მიერ განხორციელებული ქმედება, რომელმაც, ასე ვთქვათ, დააკანონა ყირიმის ოკუპაცია და რუსეთის დელეგაციას აღუდგინა უფლებამოსილება. გამოდის, ევროკავშირის შიგნით ქვეყნებს რუსეთის მიმართ პრინციპული პოზიცია არ აქვთ. ევროსაბჭო და ევროკავშირის საბჭოს სხვადასხვა ინსტიტუტებია, თუმცა გეოპოლიტიკურ კონტექსტში ერთი და იგივე ევროპული სივრცეა. ამიტომ ეს ყველაფერი რუსეთს დაუსჯელობის განცდას უღრმავებს. როდესაც ბრიტანეთსა და პოლონეთის დელეგაციებშიც კი გამოჩნდნენ სპიკერები, რომლებმაც ხმა მისცეს რუსეთის დელეგაციას, რა უნდა ვთქვათ. ამიტომ საქართველოს გამო ევროკავშირის მხრიდან რა რეაგირებას უნდა ველოდოთ?!"- დასძენს მაისაია.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია