გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"პარლამენტში 10-12 პარტია შევა და შეიძლება იტალიის მაგვარი კრიზისი მივიღოთ“ - ანჯაფარიძე

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 04 ივლისი 2019

„პოლიტიკოსი, რომელიც დებატებზე არ მიდის და ოპონენტებთან დებატებს თავს არიდებს, გამოდის, რომ გარკვეულ არასრულფასოვნების კომპლექსს განიცდის. ეს ნიშნავს იმასაც, რომ მას სადებატოდ არგუმენტები არ აქვს. 2 ივლისის დებატები ერთ-ერთი ჩვეულებრივი პოლიტიკური დებატები იყო, რომელიც განსაკუთრებული დატვირთვით არ გამოირჩეოდა, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ ცალკეული პოლიტიკოსების სრული სახეცვლილება ვნახეთ," - ასე აფასებს „რეზონანსთან" საუბრისას ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე 2 ივლისს, გადაცემა „არჩევნებში" წარმართულ პოლიტიკურ დებატებს.

„რუსთავი 2"-ის პირდაპირ ეთერში პროპორციული არჩევნები კამათის მთავარ საგანად იქცა. „შენების მოძრაობის" ლიდერი, დავით უსუფაშვილი და „ნაციონალური მოძრაობის" წევრი ხატია დეკანოიძე გადაცემაში ერთმანეთს დაუპირსპირდნენ. ეთერში დეკანოიძემ ასევე „სამოქალაქო მოძარობის" თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილსაც შეუტია და "ოცნებასთან" კაპიტულანტობაში დასდო ბრალი.

ამ საკითხთან დაკავშირებით, „რეზონანსი" ანალიტიკოსს, ზაალ ანჯაფარიძეს ესაუბრა.

2 ივლისის დებატები ერთ-ერთი ჩვეულებრივი პოლიტიკური დებატები იყო, რომელიც განსაკუთრებული დატვირთვით არ გამოირჩეოდა, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ ცალკეული პოლიტიკოსების სრული სახეცვლილება ვნახეთ, ვგულისხმობ გუბაზ სანიკიძის გამოსვლას, რომელიც ამტკიცებდა, რომ ბიძინა ივანიშვილსაც უნდა დაეტოვებინა ქვეყანა იმისათვის, რომ სააკაშვილთან თანაბარ მდგომარეობაში ყოფილიყო.

მოვისმინეთ იმ პოლიტიკოსების განცხადებები, რომლებიც ორიენტირებულნი არიან იმაზე, რომ დაპირისპირების პროცესი დიალოგის რეჟიმში გადაიყვანონ და მათიც, რომლებიც მოწადინებულნი არიან, რომ დაპირისპირების რეჟიმი გაგრძელდეს და ხელისუფლების დემონტაჟზე მუშაობენ.

ის პოლიტიკოსები, რომლებსაც, მიუხედავად იმისა, რომ მმართველი გუნდის მიმართ ბევრი პრეტენზია დაუგროვდათ, „ქართული ოცნების" მიერ წარდგენილ ნულოვანი ბარიერის სისტემის პრეზენტაციას დაესწრნენ და გამოთქვეს მზაობა, რომ ყველა ეს საკითხი, რომელიც ახალი ტიპის პროპორციული სისტემის შემოღებასთან არის დაკავშირებული, დიალოგით გადაწყდეს, სწორედ ცივილიზებული, ევროპული გზაა არსებული პოლიტიკური პრობლემების გადასაჭრელად, თუმცა არსებობს პოლიტიკური პარტიების მეორე ჯგუფი, რომელიც კვლავ ცდილობს, რომ პროცესი ქუჩაში გადაიტანოს და ამისთვის რუსთაველზე მიტინგს აქტიურად იყენებს.

ჯერ უნდა დაველოდოთ პროცესების დასრულებას. გასაგებია, რომ პროპორციულ სისტემაზე გადასვლის მზაობა გამოითქვა და ეს უკვე გადაწყვეტილია, მაგრამ ამასაც აქვს თავისი რისკები აქვს.

პროპორციული არჩევნები ნულოვანი ბარიერით ჩატარდება, თუ მაინც შენარჩუნდება ის ბარიერი, რაც კონსტიტუციითაა გათვალისწინებული, ამას აქვს მნიშვნელობა; თუ ეს არჩევნები ნულოვანი ბარიერით ჩატარდა, მართალია მეტ სუბიექტს მიეცემა საშუალება, რომ პარლამენტში შევიდეს, თუმცა აქაც უნდა ვნახოთ, ახალი საარჩევნო კოდექსი როგორ იქნება გაწერილი. ეს ყველაფერი მოსაწესრიგებელია.

თუკი ნულოვანი ბარიერი შენარჩუნდა, იქ დაახლოებით 10-12 პარტია შევა და ძალიან რთული იქნება ამ პარტიებს შორის კონსენსუსის მოძებნა ბიუჯეტზე თუ სხვა საკითხებზე და არ არის გამორციხული, რომ მივიღოთ მორიგი საპარლამენტო კრიზისი. გავიაროთ ის გზა, რა გზაც გაიარა, მაგალითად, იტალიამ 60-90-იან წლებში, რის შედეგადაც გავხვდით მოწმენი რიგგარეშე საპარლმანენტო არჩევნების სერიის. მგონია, რომ ასეთი სცენარი დიდი ალბათობით, საქართველოშიც დადგება.

პროპორციული სისტემის ერთ-ერთი მთავარი ხიბლი და პლიუსი არის ის, რომ ეს შედარებით უკეთ უზრუნველყოფს ამომრჩეველთა ხმების სამართლიან განაწილებას, მაგრამ მეორე მხრივ, ამომრჩეველს არ აქვს საშუალება ზუსტად იცოდეს თუ ვის ირჩევს. უყურებს მხოლოდ საარჩევნო სიას, კითხულობს სახელს და გვარს და არ იცის ვინ არის ესა თუ ის პიროვნება.

მაჟორიტარული სისტემის დროს მან კონკრეტულად იცი ვის აძლევს ხმას, უსმენს კანდიდატს, აფასებს მის პოზიციებს და ამის საფუძვლეზე აკეთებს არჩევანს, უფრო გააზრებულად და შეგნებულად. მომხრე ვარ იმისა, რომ ქვეყანაში არჩევნები მაჟორიტარული სისტემით ტარდებოდეს, თუმცა ის სისტემა, რაც ახლა არსებობს, ძირეულადაა შესაცვლელი.

ძალიან მნიშვნელოვანია, საარჩევნო ბლოკები დაშვებული იქნება თუ არა. ოპოზიცია სწორედ ამაზე ამახვილებს ყურადღებას, რომ საარჩევნო ბლოკების გაუქმება არ მოხდეს, რადგან ჩვენთან არაერთი პოლიტიკური პარტიაა, რომელმაც შეიძლება 14 ათასი ხმაც კი ვერ მოაგროვოს, იმდენად არის დასუსტებული, რომ არ აქვს რესურსები სრულფასოვან კამპანიის საწარმოებლად.

პროპორციული სისტემა აწყობთ ძირითადად იმ პარტიებს, რომლებიც ბლოკებში ერთიანდებიან-ხოლმე უფრო ძლიერ პარტიებთან და შედიან პარლამენტში. თუ ეს სისტემა შენარჩუნდა, მათთვის იქნება შესაძლებლობა, რომ ერთი-ორი მანდატი მიიღონ. რეალურად, პროპორციული სისტემა მოწოდებულია იმისთვის, რომ პარტიებმა შეძლონ პარლამენტში შესვლა, შედარებით მცირე შეძლებლობის მქონე პარტიებს უჩნდებათ შანსი პარლამეტში შევიდნენ. 3%-იანი ბარიერის შემთხვევაში ეს შანსი უკვე მცირდება, მაჟორიტარული არჩევნების შემთხვევაში კი კიდევ უფრო.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია