გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ყველაზე საშიში რამ, რაც ახლა ვითარდება ჩვენს თვალწინ"

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 06 ივლისი 2019

"ყველაზე საშიში რამ, რაც ახლა ვითარდება ჩვენს თვალწინ, არის საქართველოს ყველაზე მრავალრიცხოვანი ოპოზიციური ძალის განაპირების, ანუ მარგინალიზაციის პროცესი.
ანალოგიურ მოვლენას უკვე ჰქონდა ადგილი 90-იანებში, როდესაც "მრგვალი მაგიდა" ჯერ გაინაპირეს, მერე გააკომიკურეს და საბოლოოდ გააქრეს. ამ გაკომიკურება-განაპირებას ხელი შეუწყო როგორც "მრგვალი მაგიდის" პატივცემული წევრების მიერ ლეგენდების შეთხზვა-გავრცელებამ, ასევე კგბ-ს დაუღალავმა პროპაგანდამ აბსურდული ჭორებით. "ზვიადი ჩამოვა" - სჯეროდათ მაშინ, მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტის ჩამოსვლის არავითარი შანსი არ არსებობდა; თუნდაც იმიტომ, რომ მან თავად კარგად უწყოდა, ეს დაბრუნება უთანასწორო, სისხლიან სამოქალაქო ომში ჩაბმის ტოლფასი იქნებოდა. ობიექტურად არ არსებობდა ქვეყნის შიგნით ქართული სამხედრო ძალაც, რომელიც რუსეთის მიერ ლობირებულ პუტჩისტების შეიარაღებულ ძალებს დაამარცხებდა. 
"მიშა ჩამოვა" - ანალოგიური ფანატიზმით სჯერათ ენმ-ს ორთოდოქს მომხრეებს; მიუხედავად იმისა, რომ ამის პრაქტიკული შანსი არ არსებობს. არ არსებობს, რადგან ქვეყანაში არ არსებობს ძალა, რომელიც ივანიშვილის პერსონალურ დაქვემდებარებაში მყოფ ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს დაუპირისპირდება. ამასთან, არ არსებობს საზოგადოების უმრავლესობის, ე.წ. საკონტროლო პაკეტის, ნება და სურვილი, რომ ექსპრეზიდენტი სამშობლოში დაბრუნდეს და პოლიტიკური მოღვაწეობა გააგრძელოს. 
20 ივნისი ერთერთ უმნიშვნელოვანეს თარიღად შევა საქართველოს უახლეს ისტორიაში, მაგრამ ჯერ არავინ იცის, თუ რა ინტერპრეტაციით. 
20 ივნისს საქართველოში დამყარებულმა ობიექტურად პრორუსულმა, რენეგატულმა რეჟიმმა სისხლიანი ანგარიშსწორება მოახდინა საკუთარ მოქალაქეებთან და მათ დაუმტკიცა რომ საკუთარ ძალაუფლებას, კეთილდღეობას, მილიონობით ნაძარცვ ქონებას, შეუზღუდავ პრივილეგიებს უსისხლოდ არ დათმობს. სწორედ ამ მტკიცებულების სიმბოლოა შსს მინისტრი და სწორედ ამიტომ არ ხდება მისი გადაყენება. საკმარისია გახარია გადააყენონ, რომ ივანიშვილის რეჟიმის ურყევობას წყალი შეუდგება. ვერცერთი ახალი მინისტრი ვერ გაბედავს გადამწყვეტ მომენტში სისხლის დაღვრას და მოქალაქეთა აღშფოთების კულმინაციის ძალისმიერ აღკვეთას. 
საქართველოში ამჟამად პოლიტიკა მკვდარია. ივანიშვილის რეჟიმი სხვა არაფერია, თუ არა კორუმპირებულ მძარცველთა სინდიკატი, რომელიც უკანასკნელ სისხლს სწოვს ქვეყანას და თავად კი უსაზღვროდ მდიდრდება. 
ოპოზიციის ყველაზე მრავალრიცხოვანი ძალა პოლიტიკისაგან მთლიანად ჩამოშორებულია ერთი მხრივ სინდიკატის, მეორე მხრივ კი საზოგადოების "საკონტროლო პაკეტის" მიერ. 
თავდაცვის უკანასკნელი ხაზი გადის მოულოდნელად თავწამოყოფილ სამოქალაქო აქტიურობაზე და თუ ამ აქტიურობამ შედეგი არ გამოიღო, კატასტროფა გარდაუვალია. სამოქალაქო აქტივისტებმა უნდა გაითვალსწინონ, რომ საქმე აქვთ კრიმინალთა და პარაკრიმინალთა სერიოზულ ბანდასთან, რომელსაც აქვს ფინანსებიც და შეიარაღებაც. ქართული პოლიტიკის გაცოცხლება მათთვის სიკვდილის, ფიზიკური სიკვდილის, ტოლფასია, ამიტომ ისინი ბოლომდე, დაუნდობლად იბრძოლებენ. ასევე, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების მხარდამჭერებმა, განსაკუთრებით ენმ-ს, კარგად უნდა გააცნობიერონ რომ ეს სამოქალაქო გააქტიურება გედის სიმღერაა ქართული "დიდი ღამის" დაწყებამდე და თუ სინდიკატმა ის ჩაახშო, ყველაფერი დასრულდება.
სწორედ ამიტომ, კონსენსუსი უნდა შედგეს და შედგეს სასწრაფოდ, დაუყოვნებლივ. სამოქალაქო აქტივობამ უკვე გაუკეთა ელექტროშოკი ქართულ პოლიტიკურ სხეულს და გააცოცხლა. თუ ეს შოკები არასწორად წარიმართება, ისევ გადაიყვანს არითმიაში ძლივს მოღიმღამე გულს და ამ სხეულს ისევ გვამად აქცევს.
დაფიქრდით!!! შეეშვით ერთმანეთის ლანძღვასა და განაპირებას!!!
საქართველოს ინტერესები ყველაზე მაღლა დგას"!

წერს ამერიკაში მცხოვრები ქართველი ექიმი, პროფესორი და მწერალი, ზურაბ გურული. 

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია