შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ადიგენში, სოფელ აბასთუმანში სკოლის დირექტორის ქეთევან ობოლაშვილის მიერ მიღებული არასწორი გადაწყვეტილების გამო სასწავლებელმა ბიუჯეტიდან 5 000–მდე ლარი გადაიხადა.

სამართალი
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 09 ნოემბერი 2018
ორი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით აბასთუმნის სკოლიდან გათავისუფლებული მასწავლებელი დათა დათაშვილი სამსახურში დააბრუნეს. იძულებით განაცდური კი დათაშვილს მხოლოდ მას შემდეგ აუნაზღაურეს, რაც მან აღსრულების ეროვნულ ბიუროს მიმართა. „აღსრულება რომ არ ჩარეულიყო და დირექტორს ჩემთვის სასამართლოს მიერ დაკისრებული იძულებით განაცდური თანხა აენაზღაურებინა, სკოლას შედარებით ნაკლების გადახდა მოუწევდა. გარკვეული თანხა აღსრულებამაც დააკისრა, ჩემი 12 თვის ხელფასი 4000–მდე ლარი იყო, ასევე მას დაევალა სასამართლო ბაჟის გადახდაც და საბოლოო ჯამში ბიუჯეტიდან გაწერილმა თანხამ 5000–მდე ლარი შეადგინა“, – ამბობს სოფელ აბასთუმანში სპორტის მასწავლებელი დათა დათაშვილი. რა დაუჯდა სკოლას დათაშვილის სამსახურიდან გათავისუფლება, ამ შეკითხვით სოფელ აბასთუმნის სკოლის დირექტორს ქეთევან ობოლაშვილს დავუკავშირდით: „იმდენჯერ შემაწუხეთ უკვე, რომ აღარ მსურს თქვენთან საუბარი“, – გვითხრა მან და ტელეფონი გაგვითიშა. დათაშვილმა სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგ სკოლის სამეურვეო საბჭოს მიმართა და პოზიციაზე დაბრუნება ითხოვა. „საბჭომ მაშინ მიიღო გადაწყვეტილება და სამსახურში აღმადგინა, მაგრამ ეს დირექტორმა არ გაითვალისწინა. ამას შემდეგ მოჰყვა სასამართლო პროცესები და ა.შ. დირექტორს, რომ თავიდანვე არ მიეღო ეს არასწორი გადაწყვეტილება, სკოლის ბიუჯეტიდან 5 000–მდე ლარის გადახდა არ მოუწევდა“, – ამბობს დათაშვილი. შეგახსენებთ, რომ ობოლაშვილმა სპორტის მასწავლებელი დათა დათაშვილი სამსახურიდან გასული წლის 7 ივლისს იმ დისციპლინური გადაცდომების გამო გაათავისუფლა, რომელთა დარღვევაც დათაშვილს სკოლაში დისციპლინური კომიტეტის არცერთ სხდომაზე არ დაუდგინდა. დათაშვილმა მისი გათავისუფლების შესახებ ბრძანება, სამეურვეო საბჭოში გაასაჩივრა და 12 ივლისს დაუკმაყოფილეს კიდეც, თუმცა დირექტორმა საბჭოს გადაწყვეტილება არ აღასრულა. სწორედ ამიტომ დათაშვილმა ახალციხის რაიონულ სასამართლოს მიმართა. ყოფილმა თანამშრომელმა ობოლაშვილს ორი ინსტანციის სასამართლო მოუგო. ახალციხის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციომ უცვლელად ძალაში დატოვა. მოპასუხე მხარეს ეს უზენაესში აღარ გაუსაჩივრებია.[თამუნა უჩიძე, ადიგენი]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია