სამცხე-ჯავახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ჩემს წინააღმდეგ ბინძური ბრალდებები გაჟღერდა – ენზელ მკოიანი განცხადებას ავრცელებს

სამართალი
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 21 ივლისი 2019
ენზელ მკოიანი, განცხადებაში ბაღების გაერთიანების დირექტორის მიერ ფულის მითვისებაზე საუბრობს და გინოსიანის ბრალდებებს, მის წინააღმდეგ "ნაციონალური მოძრაობის" წევრებთან ერთად დაგეგმილ ბინძურ კამპანიას უწოდებს.ენზელ მკოიანის განცხადებას სრულად გთავაზობთ. „19 ივლისს, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ნინოწმინდის ბაღების გაერთიანების დირექტორი, ნარინე გინოსიანი და მისი ბუღალტერი ანჟელიკა ფუტულიანი პასუხისგებაში მისცა. ამ ქალბატონებს ბრალად სსკ–ს 182–ე მუხლი წარუდგინეს, რაც მითვისებასა და გაფლანგვას გულისხმობს. 5 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ, დღეს ნარინე გინოსიანი თავისუფალია, თუმცა ორი დღეა, მიზანმიმართულად ხდება იმ ბინძური კამპანიის მონაწილე, რომელიც ჩემს წინააღმდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან ნინოწმინდაში უკვე რამდენიმე თვეა მიმდინარეობს.იმ ამაზრზენი ბრალდების საპასუხოდ, თითქოს ნარინე გინოსიანის მიმართ გარკვეული ინტერესი მქონდა, მინდა, საზოგადოებას ვაცნობო მოვლენათა განვითარების ქრონოლოგია: გინოსიანის მიერ საბავშვო ბაღების კუთვნილი თანხების ფლანგვასთან დაკავშირებით, კითხვები ჯერ კიდევ 2016 წელს გაჩნდა. მისი საქმიანობა აუდიტის სამსახურმა შეისწავლა და გინოსიანს არაერთი დარღვევა აღმოუჩინა. კერძოდ: საკანცელარიო ნივთების იმაზე ძვირად შესყიდვა, ვიდრე ოფიციალურ დოკუმენტაციაში ჰქონდა გაფორმებული. ასევე, საკვები პროდუქტების, მათ შორის პურის შეძენა ზედმეტ თანხად, ხოლო ბავშვების რაციონისთვის ისეთი მნიშვნელოვანი პროდუქტის სრულად მოპარვა, როგორიცაა თევზი. როგორც მშობლები და მზარეულები ირწმუნებიან, ბაღის აღსაზრდელები მუდმივად ერთი სახის საკვებს მიირთმევდნენ და მათ რაციონში თევზი, რომელსაც დოკუმენტაციის მიხედვით, გინოსიანი დიდი რაოდენობთ ყიდულობდა, საერთოდ არ ყოფილა.აუდიტის სამსახურმა, შესწავლის დასრულების შემდეგ, ეს საქმე საქართველოს მთავარ პროკურატურას გადასცა და გინოსიანს შესაბამისი ბრალიც წარედგინა.გარდა ამისა, არსებობს პირდაპირი მტკიცებულებები, ვიდეოკადრების სახით, იმის შესახებ, როგორ აძლევს ნარინე გინოსიანი უცხო პირებს მხოლოდ სამსახურეობრივი ტრანსპორტის მოხმარებისთვის განკუთვნილი საწვავის ე.წ. ჩიპებს. ანუ, ეს ქალბატონი საბიუჯეტო სახსრებს იყენებს პირადი და მისი მეგობრების კერძო მოხმარებისათვის, რაც ასევე დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და ამის მტკიცებულება ბენზინგასამართი სადგურების ქსელის „რომპეტროლის“ ერთ-ერთ სათვალთალო კამერას აქვს დაფიქსირებული.მინდა, თხოვნით მივმართო „რომპეტროლის“ ხელმძღვანელობას, გაასაჯაროოს ეს კადრები, რომელთაც ჩემი მხრიდან, აუცილებლად გადავცემ შესაბამის უწყებებს. ასევე, მინდა ვამცნო საზოგადოებას, რომ მაქვს ინფორმაცია „ნაციონალური მოძრაობის“ ორი კონკრეტული ლიდერის შესახებ, რომელთაც უკვე გამართეს შეხვედრები ფულის მიმთვისებელ გინოსიანთან და ამ საქმისთვის პოლიტიკური ელფერის მისაცემად, მას ჩემს წინააღმდეგ ბინძური ბრალდებების გაჟღერება ურჩიეს. მივმართავ ამ პარტიის მესვეურებს - შეწყვიტონ თავიანთ ბინძურ კამპანიაში ჩემს წინააღმდეგ ბავშვების ფულის მიმთვისებლების გამოყენება, წინააღმდეგ შემთხვევაში, გავასაჯაროებ ამ ლიდერების გვარებს და ნარინე გინოსიანთან ერთად, ამ ადამიანების წინააღმდეგ სარჩელს შევიტან, ჩემი პატივისა და ღირსების შემლახველი ქმედებების გამო“, - აღნიშნულია განცხადებაში.ნინოწმინდის ბაღების გაერთიანების დირექტორმა ნარინე გინოსიანმა გუშინ, 20 ივლისს "სამხრეთის კარიბჭესთან" საუბარში განაცხადა, რომ ენზელ მკოიანს მასთან ინტიმური კავშირის დამყარება სურდა, რაზეც უარი მიიღო. ამის შემდეგ კი დეპუტატი მას დაემუქრა. გინოსიანი, მის მიმართ ძიების დაწყებას, სწორედ აღნიშნულ ფაქტს უკავშირებს."სამხრეთის კარიბჭე" გუშინ, ენზელ მკოიანთან დაკავშირებას ცდილობდა თუმცა, დეპუტატმა სატელეფონო ზარებს და მოკლეტექსტურ შეტყობინებას არ უპასუხა.ნინოწმინდის ბაღების გაერთიანების დირექტორი, ნარინე გინოსიანი და მისი ბუღალტერი ანჟელიკა ფუტულიანი, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა პასუხისგებაში გუშინ, 19 ივლისს მისცა. დირექტორსა და ბუღალტერს ბრალი სსკ–ს 182–ე მუხლით ედებათ, რაც მითვისებასა და გაფლანგვას გულისხმობს. ახალციხის რაიონულმა სასამარლომ არკვეთის ღონისძიებად გირაო დირექტორს 5 000, ხოლო მის ბუღალტერს 3 000 ლარი შეუფარდა.[sknews.ge]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია