ფორსმაჟორი აუცილებლად ჩათვალა იმ მფლობელმა, რომელიც სასამართლომ დაადასტურა, რომ არის მფლობელი, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს „რუსთავი 2“-ის ფორსმაჟორულ გადაფორმებაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.
როგორც ვოლსკიმ აღნიშნა, ხელისუფლება ვალდებულია შეასრულოს ის, რაც სასამართლოს განჩინებაშია ნათქვამი. ამასთან, როგორც უმრავლესობის ლიდერი ამბობს, მფლობელს შეუძლია იმ რეჟიმით იმოქმედოს, რაც მას წარმოუდგენია საჭიროდ.
„ხელისუფლება ვალდებულია შეასრულოს ის რაც სასამართლოს განჩინებაშია, წინააღმდეგ შემთხვევაში, სისხლის სამართლის კოდექსის გარკვეული მუხლები პასუხს მოითხოვენ ნებისმიერისგან, მათ შორის სახელმწიფო სტრუქტურისგან, რომელიც აღასრულებს სასამართლოს კანონიერ გადაწყვეტილებას. რასაც თქვენ ფორსმაჟორს ეძახით, ის არის ორწლიანი პროცესი, რომელიც მიმდინარეობდა და ჩემთვის პირადად არც ფორსმაჟორის მხარდაჭერა არის მნიშვნელოვანი და არც პირიქით, ამ ორი წლის ლოდინსაც ვერ დავარქმევთ რაიმე ცუდ პროცესს. ფორსმაჟორი აუცილებლად ჩათვალა იმ მფლობელმა, რომელიც სასამართლომ დაადასტურა, რომ არის მფლობელი. ნებისმიერ შემთხვევაში მას შეუძლია იმოქმედოს. მე მომწონს თუ არ მომწონს, ზუსტად იმ რეჟიმით იმოქმედოს, რაც წარმოუდგენია საჭიროდ", - განაცხადა გია ვოლსკიმ.