გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

გურულებო, არ ვიმსახურებთ ჩვენ ამ ყოფას-ირაკლი ღლონტი

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 24 ივლისი 2019

პოლიტიკური გაერთიანება "კანონი და სამართალი"-ს წევრი ირაკლი ღლონტი მის მშობლიურ გურიაში არსებულ რეალობაზე წერს და მას, როგორც "სიცოცხლის სამოსახლოს" წარსულში მოიხსენიებს: 

"სიცოცხლის სამოსახლო ი ყ ო გურია !

ასეა საქმე მეგობრებო, ცხოვრებაში პირველად, წარსულ დროში ვამბობ ჩემს მშობლიურ გურიაზე ამ სიტყვებს. რამდენიმე დღე გავატარე ჩემს პატარა მხარეში და მე ასეთი გურია მაშინაც არ მინახავს, როცა შუქი არ გვქონდა და შეშით ვთბებოდით, სანთლის ალის და ლამპის შუქზე ვკითხულობდით წიგნებს, ბურთი არ გვქონდა და ახლაც კი არ ვიცი როგორ ვახერხებდით ფეხბურთის თამაშს, სათამაშო ბევრი არ გვქონდა, მაგრამ ხის ფიცრებისგან ვაწყობდით ათას რამეს, ვთამაშობდით, ბევრნი ვიყავით, ხალისი იყო, სიცოცხლე იყო, ერთობა და სიყვარული იყო. მახსოვს, რა დამავიწყებს ამას, სწორედ ამ ნოსტალგიით არ მავიწყებს თავს ჩემი მხარე, ჩემი უბანი.

ფერადი ბურთები, სათამაშოები, კომპიუტერები და სხვა ბევრი რამ ჩამოიტანა ჩემმა გოგონებმა, შუქიც არის, წყალიც და გაზიც, მაგრამ არაა ეს ის გურია, რომელსაც სიცოცხლის სამოსახლო ერქვა ,,ერხანს'...

ცარიელი სახლები, მოუვლელი ეზოები, ჭიშკარს გადაცილებული ბალახები, დაუმუშავებელი საყანე მიწები, დაცლილი სოფლები, დაცლილი გურია... ერთ დროს ჟივილ-ხივილით გაყრუებული უბნები ახლა უსიცოცხლოა, გზებიც უკეთესია, მაგრამ გზაზე ვეღარ ვხედავ ჩემს საყვარელ ხალხს ! აქა - იქ მიაბიჯებს მოხუცი გურულები, ის ხალხი, რომელიც ემიგრაციისთვის ,,დაბრაკულია', სამაგიეროს მათი შვილები და შვილიშვილები სარჩოს შესაგროვებლად მეზობელ თურქეთშია გადახვეწილი და გროშების სანაცვლოდ ჩაის კრეფს თურქის პლანტაციებში.

2 დღე სოფელ-სოფელ ვიარე, თან ვათვალიერებდი ჩემს მხარეს და თან გაჩერებაზე მდგარ ხალხს გადაადგილებაში ვეხმარებოდი იმ იმედით, რომ გზაში რომელიმე საიმედოს და პოზიტიურს მეტყოდა. სამწუხაროდ არა, ,,გავწბილდი' ... მე ასეთი ნირწამხდარი გურია და ჩემი გურულები არასდროს არ მინახავს და ღმერთმა ნუ მანახოს ასე მომავალში...

ნურც ის, რომ ხურდების და თურქების იმედად მყოფი გურულების გუბერნიასთან მედიდურად დგას შავი ჯიპები !

გურულებო არავისთვის არაფერი არასდროს ჩვენ არ დაგვიშავებია, სიყვარულის და იუმორის მეტი არაფერი გაგვიცია და არ ვიმსახურებთ ჩვენ ამ ყოფას, რამე უნდა ვქნათ, რამე უნდა შევცვალოთ, გურია უნდა გახდეს კვლავ ლაღი, მხიარული და სიცოცხლის და სიყვარულის დედაქალაქი...

მიყვარხართ, გულში მყავხართ" !-წერს ღლონტი. 

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია