სამცხე-ჯავახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ვიდრე რეგულაციები ამოქმედდება – საფრთხეები, რომელსაც შეიცავს სათამაშოები

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 24 ივლისი 2019
თამაზ ივანიძე ახალციხეში სათამაშოების მაღაზიის მეპატრონეა. ის უკვე რამდენიმე წელია, რაც ამ ბიზნესშია და სათამაშოებშიც კარგად ერკვევა: „როცა წლებია, ერთსა და იმავე საქმეს აკეთებ, უკვე იცი, რა არის ხარისხიანი და რა – არა. მაგრამ ამაშიც ვერ იქნები დარწმუნებული ბოლომდე, რადგან ეს სახელმწიფოს მიერ უნდა კონტროლდებოდეს. მე ლაბორატორიულ კვლევას ვერ ჩავუტარებ, მაგრამ მაქსიმალურად ვცდილობ, ისეთი სათამაშოები არ შემოვიტანო, რაც შეიძლება საზიანო იყოს ბავშვებისთვის“. ახალციხეში სათამაშოები ძირითადად მაღაზიების მეპატრონეებს თბილისიდან ჩამოაქვთ. პროდუქციის ხარისხს კი, ვინაიდან სახელმწიფოში არანაირი ნორმატივი არ არსებობს, საკუთარი გამოცდილებით ამოწმებენ. სათამაშოების უმრავლესობა, ახალციხის ბაზარზე, ჩინური წარმოებისაა. ზოგიერთ მათგანს კი, არა თუ ქართულად, არამედ ინგლისურადაც არ გააჩნია ინსტრუქცია. თამაზის მსგავსად, სათამაშოების მაღაზიის მფლობელია ნინო მელიქიძე, რომელიც საკუთარ ცოდნას და გამოცდილებას ეყრდნობა სათამაშოების სარეალიზაციოდ შერჩევისას: „ვიცი, რომ სათამაშოები კაშკაშა ფერის არ უნდა იყოს; ასევე, საღებავს არ უნდა ჰქონდეს სუნი, საღებავი ადვილად არ უნდა გადადიოდეს და მსგავსი დეტალები. ასე მეტ–ნაკლები შანსია იმის, რომ საფრთხის შემცველი სათამაშოების გაყიდვა თავიდან ავირიდო. კონტროლის სხვა მექანიზმი, სამწუხაროდ, არ არსებობს“. მომხმარებლების უმრავლესობა, ბავშვისთვის სათამაშოს შერჩევისას, მეტ ყურადღებას სათამაშოს დიზაინსა და ფასს აქცევს. შესაბამისად, ყურადღების მიღმა რჩებათ ისეთი ფაქტორები, როგორიც სათამაშოს ქიმიური შემადგენლობაა. „რასაც მაბარებს ხოლმე ჩემი შვილი, იმას ვყიდულობ. ადრე კი, სანამ ლაპარაკს ისწავლიდა, ისეთ სათამაშოებს ვყიდულობდი, რომლებიც მისი ასაკისთვის იყო განკუთვნილი. ქიმიურ შემადგენლობას რაც შეეხება, არ ვიცი, საიდან გავიგო ამის შესახებ ინფორმაცია. როგორც ვიცი, რაიმე დიდ საფრთხეს არ შეიცავს“, - ამბობს ნინოს მაღაზიის ერთ-ერთი მომხმარებელი. სათამაშოებით ინტოქსიკაციის რისკების თავიდან აცილებაზე საუბრობს ექიმი-პედიატრი მაია ზაზაძე. მაიას თქმით, იქამდე, სანამ სახელმწიფო გააკონტროლებს სათამაშოების უსაფრთხოებას, აუცილებელია, ბავშვებთან მომუშავე ადამიანებმა და მშობლებმა მოარიდონ ბავშვები ისეთ სათამაშოებს, რომლებიც შეუიარაღებელი თვალითაც შეიძლება შევაფასოთ, რომ საფრთხის შემცველია. „ასეთია, მაგალითად, ისეთი სათამაშოები, რომლებსაც საღებავი ადვილად ძვრება. ასევე – რბილი რეზინის სათამაშოები, რომლებიც შეიძლება, ისეთ ქიმიურ ნივთიერებებს შეიცავდეს, რაც მავნებელია ბავშვის ჯანმრთელობისთვის. გარდა ამისა, მშობლებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ მოარიდონ ბავშვები ისეთ სათამაშოებს, რომლებსაც, შესაძლოა, რაიმე მცირე ზომის დეტალი მოძვრეს“, - გვიყვება მაია.სათამაშოების უსაფრთხოების შესახებ კანონზე მუშაობა 2019 წლის ბოლოს დასრულდება, ხოლო რეგულაციების ამოქმედება მთავრობის გადაწყვეტილებაზე იქნება დამოკიდებული. აღნიშნული რეგულაციები ნიშნავს იმას ,რომ მკაცრად გაკონტროლდება ბაზარზე ისეთი სათამაშოების მოხვედრა, რომელიც ჯანმრთელობისთვის საშიშ ნივთიერებებს შეიცავს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო ავრცელებს. [რობიზონ ზარიძე, ახალციხე]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია