1-15 აგვისტოს ჩათვლით საქართველო მრავალეროვნულ სწავლებას „ღირსეული პარტნიორი 2018" მეოთხედ უმასპინძლებს ს.
ღირსეული პარტნიორი 2018“ საქართველოს შეიარაღებული ძალებისა და აშშ-ის არმიის ევროპული სარდლობის ლიდერობით ხორციელდება. წელს მრავალეროვნული სამხედრო სწავლებაში ნატოს წევრი და პარტნიორი 13 ქვეყნის 3000-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე მიიღებს მონაწილეობას. მონაწილე ქვეყნებია: საქართველო, აშშ, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, ესტონეთი, საფრანგეთი, ლიეტუვა, პოლონეთი, ნორვეგია, თურქეთი, უკრაინა, აზერბაიჯანი და სომხეთი. გაზრდილია სწავლებაში მონაწილე ამერიკის შეერთებული შტატების ავიაციისა და გერმანული ჯავშანტექნიკის რაოდენობაც.
მრავალეროვნული სამხედრო სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2018“-ის მიზანია საქართველოს, აშშ-ს და პარტნიორ ქვეყნებს შორის მზადყოფნის და თავსებადობის ამაღლება. ასევე, სტაბილურობის, თავდაცვითი და შეტევით ოპერაციებში უნარ-ჩვევების გაუმჯობესება და შავი ზღვის აუზში უსაფრთხოების გარემოს შექმნაში წვლილის შეტანა. სწორედ ამიტომაც, სწავლების მთავარი გზავნილია „ძალა პარტნიორობაშია“. სწავლება კომპლექსურია და მისი სცენარი ითვალისწინებს სამეთაურო-საშტაბო და საველე სწავლებებს საბრძოლო სროლებით, სამანევრო და საბრძოლო მხარდამჭერი ელემენტების ურთიერთქმედებას თავდაცვით და შეტევით ოპერაციებში.
3000-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურიდან 1300 ქართველი ჯარისკაცი იქნება, 1170 ამერიკელი, ხოლო 500 დანარჩენი ქვეყნებიდან.
სწავლებაში მონაწილეობას მიიღებს 140 ერთეული სამხედრო ტექნიკა, რომელიც ფოთის პორტიდან ვაზიანის სამხედრო ბაზაზე ჩავა.
სწავლებაში მონაწილეობას მიიღებს 28- M1126 Infantry Carrier Vehicle "Stryker", 12 - MC2 Bradley Infantry Fighting Vehicle Variants, 5- M1A2 Abrams Tanks. ასევე საქართველოს შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში არსებული 14 ერთეული BMP-2 და 5 ერთეული T -72 ტანკი.
სწავლებაში მონაწილეობას მიიღებს 9 ერთეული „შავი ქორის“ და „აპაჩეს“ ვერტმფრენები.