გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"მაგრამ ჩნდება კითხვა: მაშინ პოლიტიკაში რატომ მოვიდა ივანიშვილი"?

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 05 აგვისტო 2019

“მაინც მგონია, რომ ისევე როგორც თავის დროზე შევარდნაძე საყოველთაო კორუფციით ცდილობდა ხელისუფლების შენარჩუნებას, ესენი მართვადი ქაოსით ცდილობენ. როდესაც ასეთ მოკლე პერიოდში ამდენი მიმართულებით ჩნდება დაძაბულობის კერები, საფუძვლიანია ეჭვი, რომ ეს შემთხვევითობა კი არა, მიზანმიმართული ქმედებების შედეგია. რა თქმა უნდა, ამ პროცესების უკან რუსეთის ინტერესები აშკარად ჩანს, კრემლი რომ აქ პროვოკაციებს აქეზებს, თქმა არ უნდა, მაგრამ რას ვუპირისპირებთ ჩვენ ამას?! პროცესი ფეთქებადსაშიშია. 

არა მარტო ხელისუფლებაშია ქაოსი, არამედ მთელ პოლიტიკურ სპექტრში. აღარ დარჩა არც ერთი კუნძული საზოგადოებრივ ცხოვრებაში, რომელზეც კითხვის ნიშნები არ იყოს გაჩენილი. ეს რას გამოიწვევს ან დუღილის ტემპერატურა სადამდე მივა, არავინ იცის. 

ახლა, იმაზე ვართ დამოკიდებული, ბიძინა ივანიშვილი როდის მოიცლის საქვეყნო საქმეებისთვის. არა აქვთ პასუხები კითხვაზე, რა იქნება ხვალ-ზეგ იმიტომ, რომ კონკრეტული სფეროს ხელმძღვანელმაც კი არ იცის, რა გადაწყვეტილების მიღებამ შეიძლება მოუწიოს.ერთი ვერსიით, ხელისუფლება ამ ქაოსს შესაძლოა იმიტომ უწყობს ხელს, რომ მისი მართვით ძალაუფლების შენარჩუნება შეძლოს. დღესდღეობით ამ უბედურებაში, რაც პოლიტიკურ სივრცეში ტრიალებს, დომინანტი ორი ძალაა - “ქართული ოცნება” და “ნაციონალური მოძრაობა”. მრჩება შთაბეჭდილება, რომ ორივეს ამოცანაა, არ დაუშვან ისეთი ახალი პოლიტიკური ძალის გაჩენა, რომელიც მოახერხებს პოლიტიკური ველის დაბალანსებას და ამასთანავე, ქვეყანაში სტაბილურობის შენარჩუნებასაც შეუწყობს ხელს. კიდევ ერთი ვერსია შეიძლება ისიც იყოს, რომ ბიძინა ივანიშვილს აღარ უნდა ხელისუფლებაში ყოფნა და პროცესებში მისი ჩაურევლობით შექმნილი ქაოსი ხელსაც აძლევს, რადგან თუ ვინმესთან გარკვეული ვალდებულება აქვს, უთხრას, რომ ვითარებას მეტად ვეღარ მართავს... მაგრამ აქ ჩნდება კითხვა: მაშინ პოლიტიკაში რატომ მოვიდა? ამ ვერსიებს თუ გავყვებით, შეიძლება ძალიან არასასიამოვნო დასკვნებამდეც მივიდეთ, რისი დაჯერებაც არ მინდა”, - აღნიშნავს ექსპერტი ვახტანგ ძაბირაძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში.


დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია