სამცხე-ჯავახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

წინასაარჩევნო კამპანიაში, ახალციხეში, „ოცნების“ ის ძველი წევრები ჩაერთნენ, რომლებიც პარტიაში მანამდე გაწევრიანდნენ, ვიდრე „ქართული ოცნება“ ხელისუფლების სათავეში მოვიდოდა.

პოლიტიკა
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 12 ნოემბერი 2018
„ქართული ოცნების" „ძველი გვარდია“ ყოველთვის მზადაა პარტიისა და ქვეყნისათვის. 48 ბრძოლა გამარჯვებისთვის“,– ამ სათაურით გამოაქვეყნა საკუთარ ფესიბუქ გვერდზე ფოტო ახალციხის ბაღების გაერთიანების ყოფილმა უფროსმა ნანა გელაშვილმა.გელაშვილი „სამხრეთის კარიბჭესთან“ ამბობს, რომ ისინი, ვინც 2012 წელს „ქართული ოცნების“ აქტიური წევრები იყვნენ, საქართველოს კეთილდღეობისთვის გაერთიანდნენ და არჩევნებში სალომე ზურაბიშვილის გამარჯვებისთვის იბრძოლებენ. „ბიძინა ივანიშვილის მიმართვის შემდეგ, რომელშიც „ძველ გვარდიას“ მოგვიწოდებდა დაგვევიწყებინა წყენა და გავერთიანებულიყავით, გადავწყვიტეთ ერთმანეთს შევხმიანებოდით და შტაბში მივსულიყავით, იმედი გვაქვს, რომ ჩვენი ძალებით გამარჯვებას მოვიპოვებთ“, – გვითხრა გელაშვილმა.„ძველი გვარდიის“ წევრები დღეს, 12 ნოემბერს ჯერ ახალციხის ცენტრალურ პარკში შეიკრიბნენ, შემდეგ კი სალომე ზურაბიშვილის შტაბში მივიდნენ. აქ მათ ახალციხე–ადიგენის მაჟორიტარი დეპუტატი და „ქართული ოცნების“ ახალციხის საოლქო ორგანიზაციის ხელმძღვანელი გია კოპაძე დახვდა: „ერთმანეთს მეგობრულად ვესაუბრეთ და წინასაარჩევნო კამპანიაში ჩასართავად დავალებებიც მივიღეთ“, – ამბობს გელაშვილი. სხვა წევრებთან ერთად დღეს წინა საარჩევნო კამპანიაში „ძველ გვარდიას“ შეუერთდა, ახალციხის მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებელი ბესიკ ბლიაძე, რომელიც ამ პოზიციას 2014 წლის 24 მარტამდე იკავებდა. ბლიაძე სამსახურეობრივი სიყალბისთვის მისცეს პასუხისგებაში და გამამტყუენბელი განაჩენიც გამოუტანეს: „იყო რაღაცა პრობლემები, მაგრამ მაგას დღეს უკვე არანაირი არსებითი მნიშვნელობა არ აქვს და „ოცნებასთან“ თანამშრომლობას ვგეგმავ. ბატონმა ბიძინამ მოგვიხმო ძველ გვარდიას, კიდევ დასჭირდა ქვეყანას ჩვენი ერთგულება“, – აცხადებს ბლიაძე. დღეს, „ძველი გვარდიის“ რიგებში არ გამოჩენილა ახალციხის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე ოლეგ სანდროშვილი. იგი ამბობს, რომ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი არის, თუმცა ჩაერთვება თუ არა წინასაარჩევნო კამპანიაში არ იცის: „ჯერ ჩემი საქმეებით ვარ დაკავებული, რამდენიმე დღეში არ გამოვრიცხავ, რომ მეც მათ რიცხვს შევუერთდე“.„ქართული ოცნების“ ახალციხის საოლქო ორგანიზაციის აღმასრულებელი მდივანი გიორგი გვარამაძე ამბობს, რომ მათთვის „ძველი გვარდიის“ წინასაარჩევნო კამპანიაში ჩართვა მნიშვნელოვანია: „ეს ადამიანები არიან პარტიის წევრები და გულშემატკივრები, შესაბამისად მათი მხარდაჭერა ამ კამპანიაში კარგი რესურსია და დადებითად აისახება საბოლოო შედეგებზე“.დღესვე, „ოცნების“ „ძველი გვარდიის“ წევრები შეიკრიბნენ და საარჩევნო კამპანიაში ჩაერთვნენ ადიგენშიც.ბიძინა ივანიშვილმა, ხუთ ნოემბერს, ვიდეო მიმართისას, პარტიის გაბრაზებული წევრები „ძველ გვარდიად“ მოიხსენია, მათ წყენის დავიწყებისა და გაერთიანებისკენ მოუწოდა: "ახლა მთავარია, ხელისუფლებასა და ცალკეულ ჩინოვნიკებზე გაბრაზებულებმა, ხელისუფლების დასჯის სურვილით, საკუთარი მომავალი და საკუთარი ქვეყანა არ დავსაჯოთ და არ გადავყაროთ წყალში ყველაფერი, რაშიც 2012-ში სიცოცხლე ჩავდეთ", — აღნიშნა ივანიშვილმა ვიდეომიმართვაში.[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია