შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

მსჯავრდებულის შეწყალება პრეზიდენტის კონსტიტუციით მინიჭებული უფლებაა. სააკაშვილის, მერაბიშვილის და ახალაიას შეწყალება კი გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის ერთ–ერთი დაპირებაა.

სამართალი
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 12 ნოემბერი 2018
გრიგოლ ვაშაძემ სხვადასხვა სატელევიზიო გადაცემაში საუბრისას არაერთხელ აღნიშნა, რომ ვანო მერაბიშვილს, ბაჩანა ახალაიას და მიხეილ სააკაშვილს პოლიტპატიმრებად მიიჩნევს და გაპრეზიდენტების შემთხვევაში მათ შეწყალებას აპირებს. ვანო მერაბიშვილის ადვოკატის, სტეფანე თუმანიშვილის თქმით, მერაბიშვილი საპატიმროს 2020 წლის თებერვალში ტოვებს. მერაბიშვილის მიმართ განხილული საქმეების და სასჯელის ვადები ასე გამოიყურება: “აკურას“ ღვინის ქარხნის უკანონოდ ჩამორთმევის საქმე - ორი წელი და სამი თვე, სანდრო გირგვლიანის საქმეზე მტკიცებულებების გადამალვა – სამი წელი, აქციის დარბევა 2011 წლის 26 მაისს – ოთხი წელი და ექვსი თვე, მითვისება, გაფლანგვა და ამომრჩევლის მოსყიდვა – ხუთი წელი, ვალერი გელაშვილზე ფიზიკური ანგარიშსწორება – ექვსი წელი და ცხრა თვე. საბოლოოდ კი სასჯელის შთანთქმის პრინციპით, მერაბიშვილს სასჯელის სახედ თავისუფლების აღკვეთა ექვსი წლითა და ცხრა თვით განესაზღვრა. მიხეილ სააკაშვილი მიმდინარე წლის ხუთ იანვარს საქალაქო სასამართლომ სანდრო გირგვლიანის საქმეზე მსჯავრდებული პირების შეწყალებისას, სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის დამნაშავედ სცნო და სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.რაც შეეხება ბაჩანა ახალაიას მას თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით, 2014 წლის 22 ოქტომბერს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის თავისუფლების აღკვეთა შვიდი წლითა და ექვსი თვით მიესაჯა.მსჯავრდებულთა შეწყალების თხოვნასა და მსჯავრდებულთა შეწყალების საკითხებს პრეზიდენტისთვის წარდგენამდე შეწყალების საკითხთა კომისია განიხილავს. თუმცა, კომისია არ განიხილავს შეწყალების თხოვნას იმ პირის მიმართ, რომელიც სასჯელს იხდის თავისუფლების აღკვეთის სახით ორი, ან მეტი დანაშაულის ჩადენისათვის და მოხდილი არა აქვს დანიშნული სასჯელის ნახევარი; ასევე არ განიხილავს, თუ პირს მსჯავრი დაედო მძიმე, ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის, მისჯილი აქვს თავისუფლების აღკვეთა ხუთ წელზე მეტი ვადით და მოხდილი არა აქვს დანიშნული სასჯელის ნახევარი და ასევე, პირს რომელიც პირველადაა მსჯავრდებული ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთით და მოხდილი არა აქვს სასჯელის ერთი მესამედი. ჩამოთვლილი წინაპირობებიდან, ვანო მერაბიშვილი და მიხეილ სააკაშვილი ყველა პირობას აკმაყოფილებენ გარდა ერთისა, არცერთი მათგანი თავს დამნაშავედ არ ცნობს. ამის შესახებ მათ საკუთარი ფეისბუქის საშუალებით განაცხადეს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ შეწყალების კომისიისგან დადებით რეკომენდაციას ვერ მიიღებენ, რადგან თუ პირი არ ცნობს თავს დამნაშავედ, არ ინანიებს ჩადენილ დანაშაულს და არ ითხოვს შეწყალებას, ამ შემთხვევაში კომისია მსჯავრდებულის შეწყალების საკითხს არ განიხილავს. ითხოვს თუ არა ბაჩანა ახალაია შეწყალებას, უცნობია.„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტის რევაზ აჭარაძის თქმით, კომისია ფორმალობაა და მას პრეზიდენტისთვის მსჯავრდებულის შეწყალების შეჩერება არ შეუძლია: „კომისიამ რომც უთხრას უარი მსჯავრდებულის შეწყალებაზე, კონსტიტუციით მინიჭებული უფლებით, პრეზიდენტს ახსნა–განმარტების გარეშე ნებისმიერი მსჯავრდებულის შეწყალება შეუძლია“. იგივეს ამბობს "საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის" ხელმძღვანელი გიორგი მშვენიერაძე: „შეწყალების კომისია თავად პრეზიდენტს აქვს შექმნილი დოკუმენტების ფილტრაციისთვის. მაგრამ მისი გვერდის ავლით შეუძლია ნებისმიერი შეწყალების განხორციელება. არათუ კომისიას, არამედ არც მთავრობას აქვს რაიმე ბერკეტი პრეზიდენტის ამ გადაწყვეტილების შესაჩერებლად“. შეწყალების გამოყენების წესის შესახებ ბრძანებულების მეხუთე მუხლში ვკითხულობთ, რომ კომისიის მიერ მომზადებულ წინადადებებს შეწყალების თხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე განიხილავს საქართველოს პრეზიდენტი და თვითონ იღებს საბოლოო გადაწყვეტილებასაც. შესაბამისად, იმ შემთხვევაში თუ საქართველოს მოსახლეობა გრიგოლ ვაშაძეს ქვეყნის პრეზიდენტად აირჩევს, დიდი ალბათობით ვანო მერაბიშვილი, სხვა ყოფილ მაღალჩინოსნებთან ერთად საპატიმროს ქვეყნის მეხუთე პრეზიდენტის შეწყალების საფუძველზე დატოვებს.[ავთო ინასარიძე, ახალციხე]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია