შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"შენ ჩემობის დრო აღარ არის"- იოსებ იმედაშვილი

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 18 აგვისტო 2019

უდიდესი განცდის ჟამია! ამას ყველა შეგნებული ადამიანი უნდა ჰგრძნობდეს და უზადო რწმენით ემსახურებოდეს ჩვენის ქვეყნის დაცვას აღყვავებას, წინსვლას! – სწორედ ასე წერდა საუკუნის წინ ქართველი მწერალი იოსებ იმედაშვილი.

ისტორიკოსი გიორგი კალანდია მწერლის ჩანაწერს “ჟამი განცდისა” აქვეყნებს და დასძენს, რომ 100 წლის წინ ნათქვამი, საოცრად ჰგავს დღევანდელ რეალობას:

“ვარდი უეკლოდ არავის მოუკრეფიაო, ჩვენზეა ნათქვამი.

ჩვენი სამშობლოს თავისუფლება საქართველოს მუშა მშრომელი ხალხის თვითმოქმედება, წოდებრიობის მოსპობა, მიწა-მამულის გლეხებზე განაწილება, მწერლობის მტერთა ბრჭყალებიდან განთავისუფლება და სამშობლო ხელოვნების ეროვნულ ნიადაგზე შედგომა -აი ვარდი ჩვენი გულისა…

ყველა ამისთვის რომ გარეშე მტერნი და შინაური უცხო ტომის მტერ-მოყვარენი გამძაფრებით გვებრძვიან, – ეს არ გვიკვირს, – გასაოცარი და სამწუხარო ისაა, რომ თვით ჩვენში – ქართველებში ჯერაც კიდევ ბევრია ისეთი, რომელიც ამ ვარდს ირგვლივ ეკლებს კი არ აცლის არამედ თვითვე ჰმოსავს ეკლებით. ვერ იქმნა და ისტორიის გაკვეთილები ჯერაც ვერ შევისწავლეთ რომ შეცდომები არ გავიმეოროთ: წინად თუ კუთხურ-წოდებრივი სიბეცე გვღუპავდა, დღეს პარტიულ-ჯგუფური ლიბრი თვალიდან ვერ მოგვიშორებია.

ის როდი კმარა, ქართველი ვარო, ვიძახოთ, ან ამა თუ იმ პარტიის წევრიო და პარტიული შურისგებლობით ქვეყნის სასარგებლო მუშაკებს გზა ავუქციოთ, არამედ ისა, რომ საუკეთესო მართვა-გამგეობით შინაურსა და შორით მაყურებლსაც თავი შევაყვაროთ. …პარტიული ჟინიანობით კი ბევრ ჩვენ საზოგადო საქვეყნო დაწესებულებაში ან საკუთარი უვიცი კაცი გვიზის, ან უცხო ტომელი – ეკალი ჩვენი ვარდისა!…

უდიდესი განცდის ჟამია! ამას ყველა შეგნებული ადამიანი უნდა ჰგრძნობდეს და უზადო რწმენით ემსახურებოდეს ჩვენის ქვეყნის დაცვას აღყვავებას, წინსვლას!

შენ ჩემობის დრო აღარ არის: საქართველოს ყველა ერთგულ შვილს, დემოკრატიის ნამდვილ წევრს, როგორც წინადაც მითქვამს, ასი თვალის, ასი ყურის გამობმა ჰმართებს ჩვენის თავისუფლების სადარაჯოდ, ამდენივე ხელი ამ თავისუფლების დასაცავად და განსამტკიცებლად.”

"არტინფო"

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია