შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

მიკროსაფინანსო კომპანიები სწრაფი ტემპით კოტრდებიან

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 29 აგვისტო 2019

სწრაფი სესხების კომპანიები საფინანსო ბაზარს ტოვებენ და ეს ტენდენცია საკმაოდ სწრაფი ტემპით გრძელდება. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ბაზარზე 71 მისო ოპერირებდა, დღეს კი მათი ოდენობა, ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 55-ს არ აჭარბებს. მკაცრი რეგულაციებიდან გამომდინარე, სპეციალისტები მიკროსაფინანსო კომპანიების კიდევ უფრო შემცირებას ვარაუდობენ. 

საქართველოს ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2019 წლის ივლისში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ბაზარზე მისო-ების რაოდენობა 71-დან 55-მდე შემცირდა. დღეს ქვეყანაში 55 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ოპერირებს (2018 წლის ივლისში - 71 ორგანიზაცია). სამაგიეროდ, სწრაფად იზრდება სესხის გამცემი სუბიექტების რაოდენობა და დღეს უკვე 193 ერთეულს შეადგენს. იანვარში, როდესაც ასეთ სუბიექტებს რეგისტრაციის ვალდებულება დაეკისრათ, მხოლოდ 11 სუბიექტი ოპერირებდა, თებერვალში კი რეგისტრაცია უკვე 75 სესხის გამცემ სუბიექტს ჰქონდა გავლილი.

რეგულაიცების ამოქმედების  შედეგ, რომელიც გარდა კომერციული ბანკებისა მიკრო საფინანსო ორგანიზაციებსაც შეეხო, მათი ოდენობა ბაზარზე მუდმივად მცირდება. 

სპეციალისტების შეფასებით, ტენდენცია გაგრძელდება და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ოდენობა მინიმუმამდე დავა. საბანკო სფეროს ექსპერტი მიხეილ თოქმაზიშვილი ფიქრობს, რომ ბაზარზე საბოლოოდ მისო-ების ნაწილი დარჩება, რომელიც წარსულში და ახლაც გადახდისუნარიან სეგმენტს უწევს მომსახურებას.

„მიკროსაფინანსოები საკმაოდ მაღალი საპროცენტო განაკვეთებით მუშაობენ, რაც მათი ბაზრისთვის დამახასიათებელია. ბოლო დროს მიღებულმა რეგულაციამ კი, ცხადია, მათ საქმიანობაზე გავლენა მოახდინა. შესაბამისად, მათი ბრუნვა და გაცემული სესხები მოთხოვნას ვეღარ აკმაყოფილებს. აქედან გამომდინარე, ფინანსურად ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ და ბევრისთვის ეს პროცესი გაკოტრებით დასრულდა, როგორც "ჯაბა კრედიტის" შემთხვევაში ხდება. ის ნაწილი კი, რომელსაც გადახდისუნარიანი სეგმენტი აქვს აღებული, საქმიანობას ჩვეულებრივ გააგრძელებს, ასეთი კი მიკროსაფინანსო ბაზარზე სულ რამდენიმეა", - ამბობს „რეზონანსთან" თოქმაზიშვილი.

ფინანსისტი, ირაკლი ბერძენაძე იმ მიზეზებს განმარტავს, რამაც ჯერ მიკროსაფინანსოების პრობლემები, შემდეგ კი მათი დახურვა გამოიწვია. 

,,არასაბანკო საფინანსო სექტორს პრობლემები ჯერ კიდევ 2017 წლიდან გაჩნდა, როდესაც ე.წ. ლარიზაცია დაიწყო. რეალურად საფინანსო ინსტიტუტების უმრავლესობას ფინანსური რესურსები მოზიდული ჰქონდა უცხოურ ვალუტაში, რაც უკვე რისკებს ქმნიდა. რეალურად მიკროსაფინანსო ორგანიზაციების და ზოგადად არასაბანკო საფინანსო სექტორში ოპერირებადი კომპანიების რაოდენობის შემცირება პირდაპირ უკავშირდება 2018 წელს მიღებულ იმ რეგულაციებს, რომელიც ძალაში 2019 წლის იანვრიდან შევიდა რითაც ფაქტობრივად როგორც ლიცენზირებული ასევე არალიცენზირებული საფინანსო ინსტიტუტები აღმოჩნდნენ კაბალურ მდგომარეობაში - ერთის მხრივ მათ დაუწესდათ მრავალი შეზღუდვა, გაიზარდა კაპიტალის მინიმალური ოდენობა. ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ სამწუხაროდ რეგულატორმა რისკების სათანადოდ ვერ გაითვალისწინა და ვერ მოახდინა სექტორზე ორიენტირებული რეგულაციების შემუშავება. ბოლო პერიოდში ლიკვიდირებულ ლიცენზირებულ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებსა და გაკოტრების პირას მისულ არალიცენზირებულ საფინანსო ინსტიტუტებს თუ გადავხედავთ თვალნათლივ დავინახავთ, რომ რეალურად სექტორის კაბალურ პირობებში ჩაყენება სწორედ აღნიშნულმა რეგულაციებმა გამოიწვია, რამაც მნიშვნელოვნად დააზარალა ისედაც დაზარალებული ბიზნესი", - აღნიშნა ბერძენაძემ და დასძინა, რომ სესხის გამცემი სუბიექტის სტატუსის შემოღება რეალურად განპირობებული იყო რეგულატორისგან, რათა საფინანსო სექტორის კორექცია მოეხდინა. 

,,აღსანიშნავია, რომ წარმოდგენილი სტატუსის მქონე ორგანიზაციები მისო-ს საქმიანობისგან რეალურად არაფრით განსხვავდება. ადრე თუ არსებობდა როგორც ლიცენზირებული ასევე არალიცენზირებული საფინანსო ინსტიტუტები, დღეს არსებობს მხოლოდ ლიცენზირებული საფინანსო ინსტიტუტები, რომელსაც ერთპიროვნულად ეროვნული ბანკი აკონტროლებს” - ამბობს ბერძენაძე. 

მისი თქმით, საფინანსო ბაზარზე ეროვნული ბანკის მიერ დაწესებულმა რეგულაციებმა რეგრესი გამოიწვია და ეს პროცესი კვლავ გრძელდება. 

,,რამდენიმე წლის წინ დაახლოებით 600 - მდე სუბიექტი არსებობდა, რომელიც გასცემდა სესხს და დღეს მხოლოდ 193 სუბიექტია რეგისტრირებული. ბაზარი მაქსიმალურად შეიკვეცა და მომხმარებელს აღარ აქვს არჩევანის თავისუფლება. აქ საკმაოდ მნიშვნელოვანია, დღეს რამდენი გასცემს რეალურად სესხს, რადგან 2019 წლის აპრილიდან სესხის ამოღების ოპერაციებს ვერ განახორციელებს კომპანია თუ სპეციალურ სტატუსს არ ფლობს. რეალურად ჩვენ დღეს გვაქვს არასაბანკო საფინანსო სექტორის რეგრესის ნათელი მაგალითი, რომელიც მომავალშიც გაგრძელდება. ყველაფერმა ამან გამოიწვია ე.წ. შავი უკონტროლო ბაზრის ე.წ. მევახშეების გააქტიურება, სადაც სხვადასხვა უძრავი თუ მოძრავი ქონების უზრუნველყოფით სესხების გაცემა დღესაც უცხოურ ვალუტაში ხდება”- ამბობს ბერძენაძე ,,რეზონანსთან”.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია