რუსეთი ყოველდღიური პროვოკაციებით ცდილობს ჩვენს დამორჩილებას, ის ჩვენს ნერვებზე თამაშობს და ცდილობს მოგვაქციოს ისეთ საზღვრებში, რომელიც დაგვაკარგვინებს ჩვენს სამ მონაპოვარს: სტაბილურობას, დემოკრატიას და ევროპულ გზას, თუმცა ის ამას ვერ მიაღწევს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, საფრანგეთში, საერთაშორისო ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
საქართველოს პრეზიდენტის შეფასებით, 2008 წლის ომი რუსეთის მიერ საქართველოს სტრატეგიული, პროდასავლური ორიენტაციის შეცვლის მცდელობა იყო.
„ჩვენი ევროპაში დაბრუნების სურვილი ვერაფერმა შეცვალა. რუსეთის ეკონომიკური სანქციები მიზნად ისახავდა ჩვენ მიერ არჩეული გზის შეცვლას, მაგრამ სანქციებმა არ გაამართლა. 2008 წლის ომი იყო რუსეთის მიერ ჩვენი სტრატეგიული, პროდასავლური ორიენტაციის შეცვლის მცდელობა. ვხედავთ, ეს მცდელობა წარუმატებელია! რუსეთი ყოველდღიური პროვოკაციებით ცდილობს ჩვენს დამორჩილებას, ის ჩვენს ნერვებზე თამაშობს და ცდილობს მოგვაქციოს ისეთ საზღვრებში, რომელიც დაგვაკარგვინებს ჩვენს სამ მონაპოვარს: სტაბილურობას, დემოკრატიას და ევროპულ გზას. თუმცა, ის ამას ვერ მიაღწევს. ჩვენი მიზანდასახულობა ძლიერია. ჩვენი ევროპული მისწრაფება ჩვენივე ფესვებით აიხსნება. ჩვენ ევროპელობა სისხლში გვაქვს გამჯდარი", - აცხადებს პრეზიდენტი.