გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

" ერიცა და ბერიც უიმედოდაა გარყვნილი და გაფარისევლებული"- ზურაბ გურული

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 02 სექტემბერი 2019

ამერიკაში, მისისიპის უნივერსიტეტის პროფესორი ზურაბ გურული, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

"ამერიკაში, მოსახლეობის საერთო განათლების დონე რომ აიღო, დიდად არ განსხვავდება საქართველოს მოსახლეობის განათლების დონისაგან. ერთი განსხვავებაა მხოლოდ, მნიშვნელოვანი განსხვავება; ამერიკაში სამოქალაქო შეგნება არის მაღალი თითქმის ყველა სპექტრის ამომრჩევლებში.

ლადო აფხაზავას რომ დასცინოდნენ მავანნი პედაგოგნი, რისი მასწავლებელია ეგო, სწორედ იმის მასწავლებელია აფხაზავა, რისი შეგნებაც ნოლის დონეზეა საქართველოს მოსახლეობის 99%-ში. სწორედ, ამიტომ შეიძლება საქართველოში ხალხისათვის ნებისმიერი სახის პოლიტიკური და სოციალური შეურაცხყოფის მიყენება დაუსჯელად.

სსრკ-დან მივიღეთ ეს მემკვიდრეობით, რადგან არავის სამშობლო არ იყო სსრკ, რუსების გარდა და ყველას ეკიდა. შესაბამისად, სამოქალაქო პასუხისმგებლობის კულტურის არმქონე მოსახლეობაში პოლიტიკური სპექტრიც არ იზრდება და არ ვითარდება და პოლიტიკური პლატფორმები მხოლოდ პრიმიტიული ინსტიქტების ეფექტურად აღძვრაზეა ორიენტირებული. და მიდის მერე შეჯიბრი უფასო ფულზე, პენსიების მომატებაზე, სახრავი ადგილების დარიგებაზე. სწორედ ამის შესაბამისად ვითარდება საქართველოში ყველა სოციალური სფერო, მედიაც და რელიგიაც. თუნდაც ის ფაქტი, რომ დამოუკიდებელი ქვეყნის რელიგიური სპექტრი პირდაპირი მემკვიდრეა სსრკ-ში გამოყვანილი გახრწნილი და კონფორმისტი რელიგიური ელიტისა, საზოგადოებას არ აშფოთებს, მაგრამ უკვირს ის ფაქტი, რომ საქართველოს დანიშნული პრეზიდენტის მრჩეველი კგბ-ს ოფიცერია. არადა, ამ ფაქტებს შორის არსებითი განსხვავება არ არსებობს.

მარკეტინგი თავისებურად უცნაურ ლოგიკურობაზეა აგებული. ამ სფეროს შემქმნელები ითვალისწინებენ, რომ ადამიანთა სამყაროში უმრავლესობა პრიმიტივია და მათ ინსტიქტებზე აგებენ თავიანთ წარმოებას. ზუსტად ასევეა პოლიტიკური და სოციალური მარკეტინგიც. იგებს ის, ვინც უფრო დიდი რაოდენობით ჰყიდის თავის საქონელს.

ეს არის მთავარი მიზეზი იმისა, რომ ე.წ. ახალი დემოკრატიების ქვეყნებში დემოკრატია ვერ იმარჯვებს. ამის მშვენიერი მაგალითია თუნდაც ლათინური ამერიკისა და აფრიკის ქვეყნებიც. ისტორიაწაშლილ და ისტორიადაკარგულ ქვეყნებში საზოგადოების იმ მცირერიცხოვანი ელიტის განვითარება ვერ მოხდა, რომლებსაც მასებისათვის გაუგებარ იდეალებზე უნდა აეგოთ სახელმწიფოს შექმნის პრინციპები.

ზუსტად ამიტომ არა აქვს მომავალი პოსტსაბჭოთა ქვეყნებსაც. შიშითა თუ ანგარებით შექმნილმა კონფორმისტთა თაობამ თავისი კომპლექსები საკუთარ მომავალ თაობებში გადაიტანა და გარყვნა.

გააღწევს საქართველო ამ მოჯადოებული წრიდან, სადაც ერიცა და ბერიც უიმედოდაა გარყვნილი და გაფარისევლებული?

მე პირადად არა მაქვს ამაზე პასუხი. ერთადერთი იმედი არის იდეალისტ ახალგაზრდათა თაობის გამოზრდა; ოღონდ ისინი დამოუკიდებლად უნდა გაიზარდონ, თორემ უკვე წარყვნილი უფროსი თაობა მათ ვერაფერს ასწავლის.

უცხოეთმა უნდა გაზარდოს ამიტომ; მაგრამ დაბრუნდებიან კი უცხოეთიდან და შესწირავენ ერთხელ მიცემული ცხოვრების დათვლილ წლებს ფსევდორელიგიითა და ფსევდოპოლიტიკით გამოპრუტუნებულთა კეთილდღეობას?..."- წერს გურული.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია