20 წლის გოგონა, რომელიც მეუღლემ ერაყში სამუშაოდ წაიყვანა, ყვება, რომ არა მარტო ოჯახური ძალადობის, არამედ ოჯახის წევრებისგან ტრეფიკინგის მსხვერპლი გახდა. წელიწადნახევრის განმავლობაში ყოველდღიურად 8 საათის განმავლობაში დამლაგებლად მუშაობდა, უმძიმესი სამუშაოდან მიღებულ ანაზღაურებას კი ქმარი ართმევდა და ბანკის ვალებს იხდიდა. დაახლოებით 8 ათასამდე დოლარი, რომელსაც მონურ სამუშაოში იღებდა, კვების თანხად დაუანგარიშეს. საქართველოში დაბრუნება რომ მოითხოვა, პასპორტიც ჩამოართვეს.
დაზარალებულმა საკუთარი უფლებების დასაცავად მას შემდეგ, რაც პოლიციიდან უარით გამოისტუმრეს, ადვოკატს მიმართა და დავას სასამართლოში დაიწყებს, მისი ნამუშევარი თანხა უკან რომ დაიბრუნოს.
ოზურგეთის დაბა ლაითურში მცხოვრები მ.ზ. 17 წლის იყო, როცა ჩოლოქში გათხოვდა. დედა ამბობს, რომ გაიპარა. 10 თვის განმავლობაში ის მეუღლის სახლში ცხოვრობდა, შემდეგ კი დედამთილის მოწვევით, რომელიც წლების წინ წავიდა ერაყში სამუშაოდ, ახალგაზრდა ცოლ-ქმარიც იქ წავიდნენ სამუშაოდ:
"ბანკის ვალები ჰქონდათ. ამიტომ წავედით ერაყში სამუშაოდ. მე ჩემმა დედამთილმა გამომიგზავნა მოწვევა იქედან და ლეგალურად წავედი, ჩემი მეუღლე კი ახლაც არალეგალურად ცხოვრობს იქ. ერთად არ წავსულვართ, ის ცოტა ხანში ჩამოფრინდა. სამსახური გარკვეული იყო. რამდენიმე გოგონასთან ერთად, ძირითადად ქართველები ვიყავით, სასწავლო დაწესებულებს ვალაგებდით. 8 საათი ვმუშაობდი ყოველ დღე და თვეში 450 $-ს მიხდიდნენ. სიმძიმეების ტარება მიწევდა, სართულებიდან დიდი პარკებით ვეზიდებოდით ნაგავს, ლიფტიც არ იყო. მხარი მტკიოდა საშინლად".
ბოლო წლებში საქართველოდან ,,გახიზნული და გადახვეწილი“ თანამოქალაქეების ზუსტი მონაცემები სტატისტიკის მიღმაა დარჩენილი. მათ შორის, არავის იცის, რამდენი ადამიანი გახდა უცხო ქვეყანაში ტრეფიკინგის მსხვერპლი.
ჩვენ უბრალოდ ვისმენთ მხოლოდ იმ გახმაურებულ ფაქტებზე, რასაც ცენტრალური, ან რეგიონალური ტელევიზიები და სააგენტოები გაგების შემთხვევაში აშუქებენ: მკვლელობა ან თვითმკვლელობა.
შრომითი მიგრაცია, გასული საუკუნის 90–იან წლებიდან, ,,რკინის ფარდის“ მოშლის შემდეგ გახდა აქტუალური. მისი ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი უმუშევრობა გახდა, რომელიც ქვეყანაში დღემდე მნიშვნელოვან პრობლემად რჩება. რა პრობლემების დაძლევა უხდებათ ემიგრაციაში მცხოვრებლებს, ამის გარკვევას “გურიის მოამბე“ ოზურგეთის რამდენიმე სოფელში, სწორედ იმ ოჯახებში შეეცადა, საიდანაც უკვე წლებია საზღვარგარეთ სამუშაოდ მათი რომელი წევრია წასული.
არის სოფლები და დაბები, სადაც სეზონზე მამაკაცების აბსოლუტური უმრავლესობა თურქეთში გადადიან სამუშაოდ და ადგილზე თვეობით მხოლოდ ქალები, ბავშვები და მოხუცები რჩებიან:
„პირველად გაზაფხულზე ჩაის სეზონი იწყება. ამ დროს აქ მამაკაცებს ვერ იპოვით. ყანაც, ბოსტანიც და ეზოს ქალების მისახედია. დილით ადრე სოფლის ცენტრში მიკრორაფები ჩერდება, გაივსება და რამდენიმე წუთში ცარიელდება სოფელი. ერთ-ორ თვეში ნაწილი დროებით ბრუნდება და თხილის სეზონისთვის ემზადებიან. იქ ნორმალურად გვიხდიან. იმდენი ფული ჩამოგვაქვს, რომ ორი თვე მაინც ვამყოფინოთ ოჯახს. მერე ისევ ვბრუნდებით, ზამთრისთვის რომ შევძლოთ შეშით და საკვებით მომარაგება“-გვითხრა დაბა ნასაკირალში მცხოვრებმა გ. ასანიძემ.
ყველაზე მძიმე, რაზეც რესპონდენტები გვესაუბრებიან, იმ ოჯახის ქალების, დედების ხვედრია, რომლებიც იძულებულები არიან საზღვარგარეთ წავიდნენ და სამუშაო იქ ეძებონ.
„ახალგაზრდა ქალები, იძულებულები არიან სახლები მიატოვონ, შვილებს ყურადღება მოაკლონ და სხვა ქვეყანაში იმუშაონ. ჩემი რძალი 35 წლისაა, 2 მცირეწლოვანი ჰყავს. შვილი გარდაცვლილი მყავს. მე და ჩემი მეუღლე პენსიონერები ვართ. სულ წამლები გვჭირდება. ძალიან რომ გაგვიჭირდა ჩემმა რძალმა გვითხრა, საბერძნეთში უნდა წავიდე, ვიმუშავებ, ბავშვებს რჩენა ხომ უნდაო?! ერთი წელია წასულია, აგზავნის იქედან ფულს, ბავშვებისთვის ტანსაცმელს. ამათ დედა ენატრებათ, იმას შვილები. რამდენჯერ თვალცრემლიანებს დაუძინიათ. როგორია შენ სხვის შვილს უვლიდე და საკუთარი უპატრონოდ გყავდეს დატოვებული? აღარ ვიცი ამათი ცოდვით რა გავაკეთო“-გვიყვება სოფელ ოზურგეთში მცხოვრები ს. თოხაძე.
„ჩემი ბიჭი და რძალი ორივე თურქეთში არიან სამუშაოდ. ორი შვილიშვილი ჩემთან ჰყავთ დატოვებული. გოგოები არიან, თან იმ ასაკში, ყველაზე მეტი ყურადღება რომ სჭირდებათ. 3 თვეში ერთხელ რომ ნახავენ ბავშვები მშობლებს, ეს კარგია? საუბრობენ ტელეფონით, მაგრამ დედის სითბოს ეს შეცვლის? ასე გადის წლები, ბავშვები იზრდებიან იმ სიყვარულის გარეშე, რაც ყველაზე მეტად სჭირდებათ“-გვითხრა ლ. ღლონტმა.
„ჩემი შვილები 14 და 12 წლისები არიან. გოგოები. ბებიასთან იზრდებიან ფაქტიურად. მე სულ თურქეთში დავდივარ. იყო შემთხვევა, როცა 6 თვეც ვერ ვნახე ბავშვები. მირეკავდნენ და ტიროდნენ, ისე ძალიან გვენატრები, გაძლება აღარ შეგვიძლიაო. ბავშვები სკოლაში კლასელების მშობლებს რომ ხედავენ, ამაზე სულ ნერვიულობენ, ალბათ ისე დავამთავრებთ სკოლას, ჩემს კლასელებს ნანახიც არ ეყოლებიო. ისე მტკივა ეს ყველაფერი, გული მიჩერდება. ახალ წელს რამდენჯერ იქ შევხვდი. სხვის ოჯახში ვტრიალებ, სუფრას ვუწყობ, ტკბილეულს ვუმზადებ, ამ დროს ჩემი შვილები ბებიასთან ერთად ზიან და ვინ იცის გული როგორ ტკივათ. ეს აუტანელი ყოფაა ყველა დედისთვის. 10 დღეა ჩამოვედი, კიდევ რამდენიმე დღე და უკან უნდა დავბრუნდე. მერე ისევ თვვების განმავლობაში ვერ ვნახავ შვილებს.“-გვითხრა დვაბზუში მცხოვრებმა თ. ბერიძემ.
„ერთადერთი შვილი მყავს, 16 წლისაა. მერვე წელია საბერძნეთში ვმუშაობ. ისე გაიზარდა ჩემი შვილი, წელიწადში მხოლოდ ერთხელ ვნახულობ, ისიც 20 დღით. დეიდასთან მყავს დატოვებული. კი უვლის, აჭმევს, ამეცადინებს, მაგრამ დედას ვინმე შეცვლის? რა ვქნა, მეუღლე დამეღუპა, ვის იმედად დავრჩენილიყავი სოფელში? თხილის მოსავალზე ვყოფილიყავი დამოკიდებული მთელი წელი? ბავშვს რეპეტიტორებთან ვატარებ, მერე სტუდენტი გახდება, სწავლის ფული გადასახდელი, ბინის ქირა გადასახდელი, ვინ იზამს ამას ყველაფერს? უსწავლელი ხომ არ დავტოვებ ერთადერთ შვილს? პირველად რომ ჩავედი საბერძნეთში, სულ ვტიროდი, ისე მენატრებოდა შვილი, მერე შევეგუე, ვიცოდი სხვა გამოსავალი არ მქონდა. ყველაზე მეტად იმ გაუცხოების შიში მაქვს, წლების განმავლობაში ასე ცალ-ცალკე ცხოვრებამ რომ იცის’-გვიყვება მ. პაპავა.
„ჩემი გოგოები 9 და 11 წლის იყვნენ, საზღვარგარეთ წასვლა რომ გადავწყვიტე. იძულებული გავხდი, რომ წავსულიყავი. ძალიან დიდი ბედნიერებაა შვილების გვერდით ყოფნა, მაგრამ როგორი ასატანია, როცა ბავშვი სკოლიდან მოვა მშიერი, საჭმელი უნდა დაახვედრო და არ გაქვს ამის საშუალება? რომ გეტყვის, სკოლაში ორი ლარი მაქვს მისატანიო და ვერ აძლევ? მამა რას აკეთებდა ამ დროსო, იკითხავთ. მუშაობდა და 80 ლარი ჰქონდა თვეში. ეყოფა ორი ბავშვის გაზრდას? სკოლის დაწყების დრო რომ მოდიოდა, გათენება არ მინდოდა. თავი მისკდებოდა იმაზე ფიქრით, რა ვუყიდო, რა ჩავაცვა, ჩანთა სად ვუშოვო? მერე ნაცნობ გამყიდველებთან მივდიოდი, ნისიად ვართმევდი რაც სჭირდებოდაა მთელი წელი ვიხდიდით. ახლა ჩემი შვილები 19 და 21 წლის არიან. ყველაფერი აქვთ და ჰქონდათ ეს წლები, რაც მე წასული ვიყავი. მაგრამ, არ ჰქონდათ ყველაზე მთავარი, დედის ყურადღება და სითბო. შიშით ვუყურებ ახლაც ორივეს, სულ მეჩვენება, რომ მე აღარ ვარ იმ მნიშვნელობის ადამიანი მათთვის, რაც მაშინ ვიყავი, პატარები რომ იყვნენ. ბევრ რამეს აღარ მეკითხებიან, იმიტომ, რომ მიჩვეულები არიან უჩემობას. ეს დამანგრეველია. ორმაგი ტკივილი, ვიდრე არ ქონა“-გვითხრა მ. სალუქვაძემ.
“5 წლის იყო ჩემი ბიჭი, დედაჩემს რომ დავუტოვე და მოსკოვში წავედი სამუშაოდ. ახლა 23 წლისაა და ორი შვილი ჰყავს. ერთი წლით მყავდა წაყვანილი ჩემთან, სანამ სკოლაში წავიდოდა. საკონდიტროში მუშაობდი. ნამცხვრებს რომ ვუყურებდი ჩემი შვილი მედგა თვალწინ, ნეტა ხომ არ შია? ნამცხვარ რამდენი ხანია არ უჭამია. მაშინ საქართველოში ძალიან უჭირდა ყველას. ცრემლები, ნერვიულობა, დარდი და მუშაობა. ესაა ჩვენი მძიმე ტვირთი.
სკოლა დაამთავრა, უნივერსიტეტში დაიწყო სწავლა, მერე მიატოვა, ოჯახი შექმნა და ახლა სამშენებლო კომპანიაში მუშად მუშაობს. ვერ ვაქცევდი ყურადღებას, არ ვედექი გვერდით და...ახლა ჩემი შვილიშვილების ფოტოებს, როგორ იზრდებიან, ფეისბუკით ვნახულობ. ორ წელიწადში ერთხელ ჩამოვდივარ და მაშინ ვნახულობ. ესაა ემიგრანტის ცხოვრება, მოწყვეტილი ოჯახს, შვილს, ქმარს. აქედან რასაც ვაკეთებ ოჯახისთვის, იმაზე მეტს ვკარგავ“-გვიყვება ლ. სანიკიძე.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ასკანაში ადგილობრივები ცხოვრების მძიმე პირობებსა და გაჭირვებას გაურბიან. მიუხედავად ადგილობრივი ხელისუფლებისაგან პრობლემების მოგვარების მცდელობისა, სოფელი მოსახლეობისაგან, გასაკუთრებით ახალგაზრდობისაგან, ნელ-ნელა იცლება. ადგილობრივები სოფელს ტოვებენ და სამუშაოდ თურქეთში მიდიან.
„ძალიან მძიმე მდგომარეობაა სოფელში, ახალგაზრდები დაუსაქმებლები არიან, შემაძრწუნებელი ის არის, რომ იკეტება სახლები. ჩემს კუთხეს მოხუცების კუთხეს ვუწოდებ, იმიტომ, რომ ახალგაზრდები წასულია სოფლიდან. მოგვაქციონ ყურადღება, ჩვენც საქართველოს მოქალაქეები ვართ”. - აცხადებს სოფელ ასკანის მკვიდრი დარეჯან შევარდნაძე.ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ სილაურში, ძეგორას უბანში 40-მდე ოჯახი ცხოვრობს. ადგილობრივები ამბობენ, რომ მათი შემოსავლის ძირითად წყაროს ციტრუსისა და თხილის მწირი მოსავალი წარმოადგენს, რომლითაც წლიდან წლამდე თავის გატანას ვერც ერთი ოჯახი ვერ ახერხებს. გვიყვებიან, რომ ჩაის სეზონზე სოფელში მოხუცების, ქალებისა და ბავშვების მეტი არავინაა, ვისაც შრომის უნარი შესწევს, თურქეთში სამუშაოდ არიან გადახვეწილები.
„დასაქმების პრობლემა დიდია. ძირითადად მაინც, ვისაც შესაძლებლობა აქვს, თურქეთში დადის, ვისაც არა, ვართ სოფლის მეურნეობის ამარა“,- გვეუბნებიან ძეგორას უბნელები.
დაბა ლაითური შვიდი დასახლებული რაიონისგან შედგება დაახლოებით 750 კომლს ითვლის, რომელთაგანაც დიდ ნაწილს 60-იან წლებში მაღაღმთიანი აჭარიდან ჩამოსახლებული ეკომიგრანტები შეადგენენ. დაბაში ნომერ პირველ პრობლემად უმუშევრობას ასახელებენ, მტკივნეულად აღიქვამენ, როცა ადგილობრივი შრომისუნარიანი მამაკაცების უმრავლესობა, ოჯახების გამოსაკვებად შავ მუშა ხელად თურქეთში გადადის და სეზონურად მუშაობენ. ისინი კი, ვინც საქართველოს საზღვრებს გარეთ გასვლას ვერ ახერხებენ, იმის იმედად არიან, იქნებ ვინმეს ადგილზე, შეშის დასაპობად ან ყანის გასათიბად მუშა ხელი დასჭირდეს.
ანალოგიური სიტუაციაა დაბა ნარუჯაში.
„აქ დასაქმებული კაცი არ არსებობს. ჩვენი დასაქმების ადგილი არის თურქეთი, სადაც ჩაიში ვმუშაობთ. გვესმის, რომ დასაქმების პრობლემა ასე უცებ არ მოიხსნება, მაგრამ ის მაინც ხომ შეიძლება გვკითხონ, ახლა თუ გიჭირთ რამეო? არჩევნებზე კი ვახსენდებით!
ახალგაზრდა კაცი ვარ, შრომისუნარიანი და სამსახურს ვერსად ვერ ვპოულობ, მაინცდამაინც თურქეთში უნდა ვიარო, როგორმე ოჯახის შენახვა რომ შევძლო? სხვას უნდა ვემსახუროთ მონებივით? -გვეუბნებიან ლაითურის პირველ რაიონში ბირჟაზე შეკრებილი მამაკაცები“.
უმუშევრობითა და მომრავლებული პრობლემებით გადაღლილი მოსახლეობის დიდი ნაწილი მძიმე საყოფაცხოვრებო პირობებსა და მატერიალურ სიდუხჭირეს მხოლოდ მეზობელ ქვეყანაში სეზონურ სამუშაოებში აღებული თანხებით უმკლავდებიან:
"როცა თურქეთში მუშაობის სეზონია, აქ კაცს ვეღარ იპოვი. არ არსებობს ოჯახი, საიდანაც ერთი ან ორი კაცი მაინც წასული არ იყოს. ადგილზე მარტო ქალები, ბავშვები და მოხუცები ვრჩებით. ვისაც მუშაობა შეუძლია და ჯანმრთელობის პრობლემა არა აქვს გადადის თურქეთში. რა ქნან, ოჯახები რითი არჩინონ? არის აქ რამე სამუშაო რომ დასაქმდნენ? არ არის"!
„როცა სოციალური სააგენტოდან მოვიდნენ, მკითხეს ვინ გეხმარებათო, ვინ უნდა მეხმარებოდეს, მე თვითონ გავდივარ თურქეთში და ისე ვარჩენ ოჯახს, აბა ბავშვებს შიმშილით ხომ არ დავხოცავ? იმდენი ქულა მომანიჭეს, ეს რომ ვუთხარი, ჩემი თავი ვიღაც მდიდარი მეგონა“.
„ ჩვენი ახალგაზრდების უმრავლესობა თურქეთშია გადახვეწილი. ჩემი ბიჭიც იქ არის. სანამ ის ჩამოვა მანამადე ვიღებთ მაღაზიაში ნისიებს, მერე ჩამოიტანს რაღაც ორ კაპიკს და ვიხდით ვალებს~.
`ორი ბიჭი მყავს, ორივე შრომისუნარიანი და ჯანმრთელია. აქ სამუშაო რომ ვერ იპოვეს გადაიხვეწენ თურქეთში. სირცხვილი არ არის, ჩვენი ქართველები იქ რომ გადადიან სამუშაოდ? ნუთუ არ შეიძლება ადგილზე გამოიძებნოს რამე სამსახურები და ეს ბიჭები აქ დაასაქმონ? ამაზე არავინ არ უნდა დაფიქრდეს, ჩვენც ხომ ადამიანები ვართ და ადამიანური ყოფა გვჭირდება.~
დღეის მონაცემებით, ყოველწლიურად იზრდება საქართველოდან უცხოეთში წამსვლელთა რაოდენობა. არაოფიციალური სტატისტიკით, შრომითი მიგრანტებიდან სჭარბობს ქალების რაოდენობა. 92% არალეგალური სტატუსით იმყოფება უცხო ქვეყანაში. პროფესიით მხოლოდ 5%-ია დასაქმებული.
დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ გამოქვეყნებული დაუზუსტებელი მონაცემებით, სამუშაოს მაძიებელი მოქალაქეების ძირითადი ნაწილი საქართველოდან ოთხ ქვეყანაშია წასული - რუსეთში ( 800 000 ადამიანი), საბერძნეთში ( 250 000 ადამიანი), უკრაინასა ( 150 000 ადამიანი) და თურქეთში ( 100 000 ადამიანი), სულ კი საზღვარგარეთ, დაახლოებით, საქართველოს 1 607 744 მოქალაქე იმყოფება.