სამცხე-ჯავახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

სტუდენტები, რომლებიც 1+4 პროგრამაზე სწავლობენ, მომავალი წლიდან იმ კონკრეტული დარგის ლექსიკის უკეთ შესწავლას დაიწყებენ, რომელსაც სპეციალობად ირჩევენ. ამისთვის პროგრამაში ცვლილებები შედის.

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 15 ნოემბერი 2018
სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი ჟორა გაბრელიანი ახალქალაქიდან, სოფელ ხორენიადანაა. იმის გამო, რომ ქართულად წერა–კითხვა არ იცოდა, უნივერსიტეტში ჯერ ერთწლიანი მოსამზადებელი კურსი გაიარა შემდეგ პროფესია აირჩია. ახლა ის ბიზნესის ადმინისტრირების პირველი კურსის სტუდენტია: „მოსამზადებელ კურსამდე ქართულად მხოლოდ ორი სიტყვა ვიცოდი – გამარჯობა და ნახვამდის, ახლა უკვე ვლაპარაკობ. როცა რამეს ვერ ვგებულობთ ლექტორები დამატებით გვიხსნიან“. გაბრიელიანი ქართულად საუბობს, თუმცა ამბობს, რომ ლექციების კარგად გააზრება ჯერ კიდევ უჭირს: „ცუდია, როდესაც მოსამზადებელ კურსზე მხოლოდ ქართულად გესაუბრებიან, კარგი იქნება, რომ თარჯიმანიც იყოს. ზოგჯერ ერთ სიტყვის მინიშვნელობის გაგებაზე მთელი დღე მიფიქრია“. გაბრელიანთან შედარებით უკეთ იცის სახელმწიფო ენა მისმა თანაკურსელმა კარაპეტ კინოსიანმა, თუმცა სწავლის პერიოდში სირთულეებს ისიც აწყდება: „მოსამზადებელ კურსზე საკმარისად ვერ ვისწავლე, ახლა უფრო მონდომებული ვარ. ლექციებზე ბევრი სიტყვა მესმის, მაგრამ ლაპარაკი მიჭირს“. ე.წ. 1+4 პროგრამა , რომელიც ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს შესაძლებლობას აძლევს უმაღლესი განათლება მიიღონ, 2010 წლიდან ამოქმედდა. არაქართულენოვანი აბიტურიენტები, ზოგადი უნარების გამოცდას სომხურ აზერბაიჯანულ, აფხაზურ, ოსურ ენებზე აბარებენ, სათანადო ქულების დაგროვების შემთხვევაში ერთი წლის განმავლობაში ქართულ ენაში მომზადების კურსს გადიან და 60 კრედიტის დაგროვების შემთხვევაში სწავლას სასურველ ფაკულტეტზე აგრძელებენ. სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში ე.წ. 1+4 პროგრამას წელს 66 სტუდენტი გადის. მათ დღეში ოთხი ლექცია აქვთ. „ადმინისტრაციულ ცეტრს მოწყვეტილ ბავშვებს ენის ბარიერი განსაკუთრებით აქვთ. ისინი ქართულ ტელევიზიებსაც არ უსმენენ, უმეტესად რუსულ და სომხურ არხებს უყურებენ“, – ამბობს მოსამზადებელი კურსის ლექტორი ნათელა მელიქიძე. მისი თქმით, სტუდენტებს ენის სწავლაში ეხმარება ის, რომ ლექციები მხოლოდ ქართულ ენაზე ტარდება: „თავიდან აქვთ განცდა, რომ არაფერი არ ესმით და ეს ასეც არის, მაგრამ ამ შემთხვევაში უფრო მეტად მობილზებულები არიან. თუ რამეს ვერ გებულობენ განმარტებებსაც ვუკეთებთ, ვიხმართ ლექსიკონს, იმ ბავშვებს ვრთავთ რომლებმაც უკეთ იციან ქართული. ერთობლივად ვმუშაობთ და საბოლოოდ კარგ შედეგებსაც ვაღწევთ. თუ ნახავთ, წარმტებული სტუდენტების დაფაზე არა ერთი ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელია“. სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ლია გიგაური ამბობს, რომ ენის შესასწავლად ერთი წელი საკმარისი არ არის: „ეს კვლევებმა და მონიტორინგმაც აჩვენა. ისინი საკომუნიკაციო ქართულ ენას მაღალ დონეზე ეუფლებიან, თუმცა ეს სხვადასხვა დისციპლინაში სრულფასოვანი განათლების მისაღებად საკმარისი არ არის. დგას საჭიროება უფრო მეტი აქცენტი გაკეთდეს თავად დარგის სამეცნიერო ენის შესწავლაზე“. მისი თქმით, 1+4 პროგრამამ „ძალიან ბევრ ახალგაზრდას უმაღლესი განათლების მისაღებად კარი გაუხსნა. პროგრამის გადამუშავება, გაძლიერება და განვითარება დღის წესრიგში დგას. უნივერსიტეტებს დაწყებული აქვთ მუშაობა საუკეთესო მოდელის შესარჩევად“.ლია გიგაურს ეთანხმება სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი მაკა ბერიძე.მისი თქმით, ამ პრობლემის მოგვარებაზე მუშაობა უნივერსიტეტს უკვე დაწყებული აქვს.„ერთწლიანი კურსის გავლის შემდეგ აბიტურიენტს აღარ აქვს მოსმენილის გააზრების პრობლემა საკომუნიკაციო დონეზე, მაგრამ პირველ წელს ახალგაზრდები მაინც სირთულეებს ეჭიდებიან. ამიტომ ქართული ენაში მომზადების ახალი პროგრამა სააკრედიტაციოდ ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში უკვე გავგზავნეთ. მეორე სემესტრიდან სტუდენტებს ექნებათ დარგობრივი ლექსიკის სახელმძღვანელოები, ასევე, სპეციალური სასწავლო კურსები, რომლის ფარგლებშიც დიდი დოზით ჩავსვით დარგობრივი ლექსიკის კურსები. შევიმუშავეთ ახალი სტრუქტურა და სილაბუსები“, – ამბობს ბერიძე. ნახეთ გადაცემა ამავე თემაზე.[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია