სამცხე-ჯავახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ახალციხეში „ძველი გვარდიის“ ნაწილი „ოცნებაში“ მივიდა და წინასაარჩევნო კამპანიაში აქტიურად ჩაერთო, ნაწილი კი ამბობს, რომ შტაბში სამუშაოდ არ სცალია, თუმცა ისევ მმართველი გუნდის მხარდამჭერია. "ძველ გვარდიელებს" შორის არიან ისეთებიც, ვინც „ოცნების“ რიგები დატოვეს და არჩევნებისთვის „ნაციონალების“ გასამარჯვებლად იბრძვიან.

პოლიტიკა
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 16 ნოემბერი 2018
ახალციხეში „ოცნების“ ე.წ. ძველი გვარდიის წევრი კახა ლომიძე 15 ნოემბერს გაერთიანებულ ოპოზიციას შეუერთდა: „მეგონა „ოცნების“ მოსვლით ქვეყანაში, ბევრი რამ შეიცვლებოდა, თუმცა მალევე სკამებისთვის დაიწყეს ბრძოლა და არა ქვეყნისა და ხალხისათვის. როგორც „ოცნებაში“ ვიყავი აქტიური წევრი, იმაზე აქტიური ვიქნები ახლა. უკვე მივედი ოპოზიციის შტაბში და ბოდიში მოვიხადე „ოცნების“ მხარდაჭერის გამო“, – გვიყვება ლომიძე. ახალციხეში „ნაციონალური მოძრობის“ წევრი ირაკლი ბარძიმაძე ამბობს, რომ ლომიძე ერთადერთი არ არის, ვინც ბოლო პერიოდში „ქართული ოცნებიდან“ ოპოზიციას შეუერთდა: „ასეთი იმედგაცრუებული ადამიანი კიდევ ბევრია, უბრალოდ მე ახლა, ვერცერთის ვინაობას ვერ დავასახელებ".ახალციხეში „ქართული ოცნების“ საოლქო ორგანიზაციაში ამბობენ, რომ პარტიიდან მხარდამჭერების წასვლა სიცრუეა: „მსგავსი ფაქტი არ მსმენია, თვითონ იგონებენ რაღაცას, ვითომ პარტიას მხარდამჭერები ტოვებენ, მაგრამ ეს ასე არ არის“, – გვითხრა „ქართული ოცნების“ ახალციხის საოლქო ორგანიზაციის აღმასრულებელმა მდივანმა გიორგი გვარამაძემ.კახა ლომიძისგან განსხვავებით, ექვსი წლის შემდეგ, ისევ „ქართული ოცნების“ აქტიური მხარდამჭერები არიან ის ადამიანები, რომლებიც 2012 წელს პარტიაში გაწევრიანდნენ. „მე ვიყავი ბოლო პერიოდში ახალციხეში ჩამოსული, ვესაუბრე „ოცნების“ წევრებს და იციან, რომ მხარს ვუჭერ მათ. წინასაარჩევნო კამპანიაში სხვებივით აქტიურად ვერ ჩავერთვები. თუმცა ყველაფერს გავაკეთებ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი, არამხოლოდ პრეზიდენტად, ნებისმიერ სახელისუფლებო შტოში ვერ დაბრუნდეს, რადგან ეს, იქნება „ქართული ოცნების“ პოლიტიკური მარცხი“,– ამბობს „სამხრეთის კარიბჭესთან“ სატელეფონო საუბარში გურამ კუტალაძე, რომელიც 2012 წელს საპარლამენტო არჩევნებში ახალციხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იყო და „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატთან ვაჟა ჩიტაშვილთან დამარცხდა. „ოცნების“ მხარდამჭერად რჩება, თუმცა წინასაარჩევნო კამპანიაში ვერ ერთვება პარტიის კიდევ ერთი წევრი მეგი ბარბაქაძე: „დამირეკეს და შემომთავაზეს მეც შევერთებულიყავი „ძველ გვარდიას“, მაგრამ ფიზიკურად კახეთში ვარ, ბავშვები მყავს და ვერ მოვახერხებ, რაც შემიძლია რომ გავაკეთო, არჩევნებზე მივალ და ხმას მივცემ“. აქტიურ საარჩევნო კამპანიაშია ჩართული ახალციხის ყოფილი გამგებელი ბესიკ ხითარიშვილი: „ქართულ ოცნებაში“ ვარ და პირველი ტურიდანვე აქტიურად ჩავერთე საარჩევნო კამპანიაშიც. ისევ ვაგრძელებ აქტიურობას“. ახალციხეში „ძველი გვარდიის“ წევრები სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო შტაბში 12 ნოემბერს მივიდნენ. ამავე დღეს შეიკრიბნენ 2012 წელს „ქართული ოცნების“ აქტიური მხარდამჭერები ადიგენშიც. ახალციხისა და ადიგენისგან განსხვავებით, „ძველი გავრდიის“ წევრები არ გამოჩენილან ასპინძაში. თუმცა, მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებელი ლევან ცაბაძე, რომელიც გასულ წელს, თვითმმართველობის არჩევნებზე ასპინძის მერის დამოუკიდებელი კანდიდატი იყო, აცხადებს, რომ „ოცნებას“ და სალომე ზურაბიშვილს მხარს უჭერს და წინასაარჩევნო კამპანიაშიც აქტიურად ჩაერთვება: „ჯერ–ჯერობით არ ვარ „ძველი გვარდიის“ რიგებში, არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე ჩამოვალ ასპინძაში. ჩემზე რაც იქნება დამოკიდებული ყველაფერს გავაკეთებ“.კვლავ „ოცნებას“ უჭერს მხარს ასპინძაში ნუგზარ ელიზაბარაშვილი, რომელმაც შარშან მმართველი გუნდის წინასაარჩევნო შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვა და პარტიას ხალხზე ზეწოლის გამო ღიად დაუპირისპირდა. მაშინ იგი ასპინძაში ააიპ კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი იყო: „ყოველთვის ვიყავი „ოცნების“ წევრი, კანდიდატსაც ვუჭერ მხარს, მაგრამ წინასაარჩევნო კამპანიაში აქტიურად ჩართული არ ვარ, თუ დამიძახებენ, მაშინ მივალ“. ოპოზიციური პარტიის წევრები ფიქრობენ, რომ „ქართულ ოცნებაში“ ე.წ ძველი გვარდიის წევრების გამოჩენა არაფერს შეცვლის: „ძველი გვარდია ნიშნავს იმას, რომ მათ აქვთ დამსახურება თითოეული მოქალაქის წინაშე და ამათ რა დამსახურება აქვთ?!“ – კითხულობს ახალციხეში „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ირაკლი ბარძიმაძე. „ევროპული საქართველოს“ რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე გელა დემეტრაძე ამბობს, რომ ე.წ ძველი გვარდიის წევრები „ოცნებაში“ ყველა არჩევნების წინ აქტიურდებოდნენ და ეს სიახლე არც ამჯერადაა: „ეს იმის საჩვენებლად სჭირდებათ, რომ თითქოს რაღაც ახალი შეემატა ოცნებას, ეს მაინც არაფერს უშველის, რადგან განწირულია დამარცხებისთვის მმართველი გუნდი და ამას უნდა შეეგუონ“.ბიძინა ივანიშვილმა, ხუთ ნოემბერს, ვიდეო მიმართისას, პარტიის გაბრაზებული წევრები „ძველ გვარდიად“ მოიხსენია, მათ წყენის დავიწყებისა და გაერთიანებისკენ მოუწოდა: "ახლა მთავარია, ხელისუფლებასა და ცალკეულ ჩინოვნიკებზე გაბრაზებულებმა, ხელისუფლების დასჯის სურვილით, საკუთარი მომავალი და საკუთარი ქვეყანა არ დავსაჯოთ და არ გადავყაროთ წყალში ყველაფერი, რაშიც 2012-ში სიცოცხლე ჩავდეთ", – აღნიშნა ივანიშვილმა ვიდეომიმართვაში.[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია