სამცხე-ჯავახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ნიჯგორში, წყლის სისტემის რეაბილიტაციისას, გზა დაზიანეს

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 16 სექტემბერი 2019
61 წლის დარიკო გიორგაძე, სახლამდე მისასვლელად, რამდენიმე ათეული წელია, ამ გზას გადის. ამბობს, რომ დაახლოებით თვენახევრის წინ, ეს სამანქანო გზა გათხარეს, სამელი წყლის მილები ჩააწყვეს და ზემოდან მიწა ისე გადააფარეს, რომ არ მოასწორეს. ამიტომ გზაზე დიდი ლოდები დარჩა და ახლა აქ ვერც მანქანა მიდის და პირუტყვსაც სიარული უჭირს. „ყოველდღიურად დავდივარ ამ გზაზე. საქონელი დამყავს და ამასწინათ, ტალახში ფეხი ისე ჩაერჭო, რომ კინაღამ მოიტეხა. მანქანაც ვეღარ დადის – თივა ჩამოვიტანე და სახლამდე ვერ მოვიტანე, თანასოფლელის ეზოში დავდგი. არ ვიცი, რა იქნება?! ან ფქვილი როგორ მოვიტანო ან – შეშა? გზა არ მაქვს, ყოველდღე პურს ვყიდულობ ფქვილის ნაცვალდ და უკვე მაგის ფულიც არა მაქვს“, – გვეუბნება დარიკო გიორგაძე.მისი თქმით, პრობლემით ასპინძის მერიასაც მიმართა: „მერთანაც ვიყავი. მოვუყევი ამის შესახებ. მეუბნება, გზებს ვაკეთებთო, მარა ეს გაკეთებული გზა არ არის, ეს არის დანგრევა. რომ წვიმს, მაშინ უნდა ნახოთ რა დღეშია ეს გზები, ვერ გაივლის ვერავინ“.დარიკო გიორგაძის მდგომარეობაში, ამ ტერიტორიაზე მცხოვრები კიდევ სამი ოჯახია. გარდა ამისა, ათობით ადგილობრივი საკუთარ ბაღებში ვერ მიდის, შეშა და თივა სახლში ვერ მიაქვთ დასაბინავებლად. ადგილობრივები ამბობენ, რომ ნიჯგორში ახლა შინდის სეზონია, თუმცა მისი სახლამდე მიტანა ხელით უწევთ, რადგან ტრანსპორტით ადგილამდე ვერ მიდიან.„იმ დღეს, ბაღიდან მივდიოდი, შინდი მომქონდა. ვიდრე გაღმა ნორმალურ გზაზე გავედი, ვიტირე, ისეთი გზა იყო. ამ გზაზე დავდივართ მუდმივად ბაღებში, ახლა ისეა გაფუჭებული, საიდან უნდა მიხვიდე, შეშა გვაქვს აქ, თივა გვაქვს და გვიფუჭდება“, – გვეუბნება ეთერ გოგოლაძე.მის მსგავსად ბაღებამდე მისვლას ვერ ახერხებს საროს მკვიდრი ოთარ ლონდარიძეც, რომელსაც ნიჯგორში ბაღები აქვს და მისასვლელად ლოდებით სავსე და დათხრილი გზა უნდა გაიაროს.„აქ ვინმეს სასწრაფო ან სახანძრო რომ დასჭირდეს, როგორ უნდა მივიდეს?! აღარაფერს ვამბობ, რომ ბაღები, საზამთროდ, ისევ მისალაგებელი გვაქვს და გზა ყოველდღიურად გვჭირდება, ეს ლოდები უნდა ამოიყაროს და გზა უნდა მოიხრეშოს, რომ მანქანა ავიდეს“, – ამბობს ოთარ ლონდარიძე.ადგილობრივების ნაწილი ამბობს, რომ გუშინ, მათი არაერთგზის მოთხოვნის შემდეგ, მერიის წარმომადგენლები მივიდნენ.„სოფლის წარმომადგენელს არაერთხელ ვუთხარით, ვეჩხუბეთ, მაგის გამო ხმას აღარ მცემს. ბოლოს ადგილობრივებმა, ყველამ რომ ავტეხეთ ამბები, ვითომ ვიღაცეები მოვიდნენ, გზას ზომავდნენ გუშინ“, – გვეუბნება ადგილობრივი დავით გურგენიძე.ნიჯგორში შიდა ბაღებამდე მისასვლელი გზა დაახლოებით 800 მეტრზეა გადათხრილი და ლოდები ყრია. ასპინძის მერის მოადგილე დავით პაპაშვილი ამბობს, რომ აქ „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, ადგილობრივების მიერ შერჩეული პროექტის განხორციელება მიმდინარეობს, რომელიც ჯერ არ დასრულებულა.„მთლიანად შეიცვალა არსებული სასმელი წყლის სისტემა, რომელიც ვეღარ ამარაგებდა სოფელს. ახლა გამანაწილებლები მონტაჟდება და შემდეგ დასრულდება სამუშაოები. გზა იმიტომ არის აყრილი, რომ სამუშაოების დასრულებას ველოდებით, ცალკე ტენდერი რომ გამოვაცხადოთ და მოვხრეშოთ“, – ამბობს მერის მოადგილე დავით პაპაშვილი.იგი ირწმუნება, რომ 800 მეტრის გზა, რომელიც წყლის სისტემის შეცვლის შედეგად გაუვალი გახდა, ერთ თვეში მოიხრეშება.ვიდრე ეს მოხდება, ადგილობრივებმა გზის მცირე ნაწილი საკუთარი ხელით მოასწორეს: “დანარჩენი დიდი ლოდებია და მაგას სერიოზული მუშაობა სჭირდება, ჩვენ ვერაფერს ვიზამთ“.ნიჯგორში, სოფლის პროგრამით შერჩეული სასმელი წყლის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები 15 000 ლარის ფარგლებში ხორციელდება.[ლუბა გიორგაძე, ასპინძა]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია