როგორ ართმევენ ღვთისმშობელს მის ქვეყანას
გგონიათ, ქრისტე არაფერს ამბობს ქვეყნის მიტაცებაზე?
ყველა ხელისუფალმა, ვისაც საქართველო საკუთარი ეზო ჰგონია, ვინც მიიტაცა და დააკნინა ამ ქვეყნის ღირსება, ვინც მიიტაცა და გაამრუდა სამართალი, ვინც ცდილობს ჯიბეში ჩაიდოს და ბორკილი დაადოს ამ ქვეყნის ნათელ და თავისუფალ მომავალს, კარგად იცოდეს, რომ ასეთ ბოროტ ხალხს სახარება ბოროტ დასასრული უწინასწარმეტყველებს.
შეუძლებელია, ამ ქვეყანას ღვთისმშობლისას ეძახდე, ოფიციალურადაც ზარ-ზეიმით გააფორმო ეს წილხვდომილობა და თან ამ წილხვდომილი ქვეყნის მიტაცებას ცდილობდე და ისე ექცეოდე მას, როგორც შენს საკუთარ ეზოს, არ გაწუხებდეს, რომ სახე და სიმძიმე დაკარგეს მისმა უმაღლესმა, ხელშეუხებელმა ინსტანციებმა, რომ დაეცა ქვეყნის ავტორიტეტი, რომ ფასი დაუკარგე უმაღლეს ღირებულებებს და სირცხვილმა და უიმედობამ გამოხრა მისი ხალხის გული.
ყველა მთავრობას და განსაკუთრებით მათ, ვისაც ქრისტიანად მოაქვს თავი, უნდა ახსოვდეს, რომ ეს ქვეყანა ჯერ ღმერთს ეკუთვნის და შემდეგ მთელ საქართველოს ხალხს. ეს ქვეყანა ღმერთის მიერ ჩაყრილი ვენახია და შენ - მისი ხელისუფალი დროებით დაგადგინა მისმა ზეციურმა პატრონმა მის მევენახედ. ყოველ წელს მოსავალი უნდა ჩააბარო მფლობელს და მოვა დრო როცა უმკაცრესად აგებ პასუხს ამ ვენახის გამო.
მათეს 21-ე და ლუკას 20-ე თავებში ბოროტ მევენახეებზე ლაპარაკობს ქრისტე. მაშინაც ისრაელი - უფლის ვენახი მიტაცებული ჰქონდა მის მთავრობას-სინედრიონს, მწიგნობრებს, ფარისევლებს და სადუკევლებს. ქრისტე ახსენებს მათ, რომ ვენახის პატრონმა (ღმერთმა) მრავალჯერ გამოუგზავნა მათ მსახურები მოსავლის ჩასაბარებლად, მაგრამ მევენახეებმა ზოგიერთი მოკლეს, ზოგიერთს სცემეს და ზოგიერთსაც ქვები დაუშინეს. საბოლოოდ საკუთარი ძე (ქრისტე) გამოუგზავნა მათ, რადგან იფიქრა: იქნებ ჩემი ძის მაინც მოერიდოთო. მათ კი შეიპყრეს ვენახის პატრონის ძე, გაიყვანეს ვენახს გარეთ და მოკლეს. შემდეგ ქრისტე სახეში შეხედავს მათ და ეკითხება: - როგორ გგონიათ, როცა მოვა ვენახის პატრონი, რას უზამს მისი ვენახის მიმტაცებელ ბოროტ მევენახეებს? უპასუხეს: - ბოროტებს ბოროტად დახოცავს და ვენახს სხვას მისცემს. ღმერთმა ნუ ჰქნას ეს!
ყველა, ვისაც საქართველო საკუთარი ეზო ჰგონია, თავხედურად ბედავს უფალის ვენახის მიტაცებას.
ღვთისმშობლის წილხვედრი საქართველო (როგორც კალენდარშიც გიწერიათ უკვე) უფლის ვენახია, მისი საკუთრებაა მთელი საქართველოს ხალხისთვის ბოძებული და არც ერთ ხელისუფალს არ გაპატიებთ ღმერთი მისი ვენახის მიტაცებას.
მოწიწებით, პასუხისმგებლობით და სიყვარულით მოეპყარით უფლის ვენახს - საქართველოს და მის ხალხს!
დეკანოზი თამაზ ლომიძე