შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

დღეს ქუჩაში ადამიანი უფულობის გამო აღარ იღუპება - დიმიტრი ხუნდაძე საყოველთაო ჯანდაცვაზე

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 02 ოქტომბერი 2019

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დამსახურებით დღეს ქუჩაში ადამიანი უფულობის გამო აღარ იღუპება,- ამის შესახებ ჯანმრთლობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ დიმიტრი ხუნდაძემ გადაცემა „პირისპირში" ისაუბრა.

ხუნდაძემ „ქართული ოცნების" მმართველობის პერიოდში ჯანდაცვის მიმართულებით გატარებული ღონისძიებები დადებითად შეაფასა.

მისი თქმით, საქართველო პრაქტილულად ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც თავის მოქალაქეებს C ჰეპატიტის პროგრამას სთავაზობს.

„გავზარდეთ წამლით უზრუნველყოფის პროგრამა 10-დან 20-მდე მილიონამდე. ეტაპობრივად მოვახდენთ ქრონიკული დაავადებების და ასევე, შემდეგი ეტაპი იქნება სხვა დაავადებებისათვის საჭირო პრეპარატებით უზრუნველყოფა, განსაკუთრებით მოწყვლადი ჯგუფებისთვის. ცე ჰეპატიტის პროგრამით ჩვენ მსოფლიო ყურადღების ცენტრში აღმოვჩნდით, რადგან ეს არის პრაქტიკულად ერთადერთი ქვეყანა, რომელიც თავის მოქალაქეებს ამ პროგრამას სთავაზობს ამერიკელი მეგობრების დახმარებით". - განაცხადა ხუნდაძემ.

პარლამენტარმა მშობიარობის დაფინანსების პროგრამაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს იმ ქვეყნისთვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს, რომელსაც აქვს დემოგრაფიული პრობლემები. „დემოგრაფია - ეს არ არის მხოლოდ შობადობისა და სიკვდილიანობის თვლა, ეს არის პირდაპირ სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხი. ჩვენ შემოვიტანეთ პროგრამა, რომელიც მუშაობის 2014 წლიდან და ყოველი მესამე და შემდეგი ბავშვი დაფინანსდება იმ კრიზისულ რეგიონებში, სადაც ჯერ კიდევ ჭარბობს სიკვდილიანობა შობადობას - ბარში 150 ლარის ოდენობით და მთაში 200 ლარის ოდენობით, სანამ ბავშვი 2 წლის არ გახდება". - აღნიშნა ხუნდაძემ.

დიმიტრი ხუნდაძე პატიმართა მდგომარეობასაც შეეხო.

„გახსოვთ, 2003 წლის შემდეგ პატიმართა რიცხვი როგორ მზარდი იყო და 2003 წლიდან 3500-დან თითქმის 25 ათას მიაღწია პატიმართა რაოდენობამ. აქ რეპროდუქციული ასაკი იყო თითქმის 60-70%. ეს იყო პირდაპირი გენოციდი საკუთარი მოსახლეობის წინაშე. ჩვენ ამ პროგრამებს დავუპირისპირეთ ერთი ის, რომ საპატიმრო პროგრამები შევცვალეთ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით და ასევე, შობადობის წამახალისებელი პროგრამა შემოვიტანეთ", - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

მისი თქმით, მთის კანონი ეს არის მთის გადარჩენის და პრაქტიკულად ქვეყნის ყველაზე კრიზისული მიმართულების ხსნის პროგრამა.

„მთაში სოციალური პროგრამასთან ერთად, წავახალისეთ მეწარმეებიც, რომ შეიქმნას სამუშაო ადგილები თუ მეწარმე მთის სტატუსის მქონე რეგიონში შექმნის საწარმოს ის თავისუფლდება მოგებისა და ქონების გადასახადისაგან 10 წლის ვადით", - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

ხუნდაძემ ომში დაღუპულთა ოჯახებიც ისაუბრა და თქვა, რომ მათ დახმარების სახით 1000-ლარიანი ყოველთვიური დახმარება მიეცათ. „რა თქმა უნდა, ეს არ არის საკმარისი, ეს არ არის კომპენსაცია იმ ზიანისა, რაც ამ ოჯახებმა მიიღეს, მაგრამ ეს არის სახელმწიფოს დამოკიდებულება იმ საკითხის მიმართ, რაც არის ყველაზე მაღალი მნიშვნელობის და პრაქტიკულად ქვეყნის ღირსების საკითხი", - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

წყარო: პრაიმტაიმი

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია