შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

გაზრდილი მიგრაცია და შობადობის არასახარბიელო რაოდენობა – საქართველო გადაშენების პირას მყოფი ერების ხუთეულშია

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 05 ოქტომბერი 2019

ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა მკვეთრად არ იცვლება. 7 წლის მონაცემებზე დაყრდნობით, შეიძლება ითქვას, რომ არც მაღალი ზრდის და არც მკვეთრი კლების დინამიკა არ ფიქსირდება, თუმცა სამომავლო პერსპექტივა მაინც სავალალო სურათს მოასწავებს.

აღსანიშნავია, რომ გაეროს ბოლო პროგნოზების მიხედვით, პოსტ საბჭოთა სივრცეში ყველაზე სავალალო პროგნოზი უკრაინასა და საქართველოს აქვს. გაეროს პროგნოზის მიხედვით, 2050 წლისთვის უკრაინის მოსახლეობა 25%-ით შემცირდება, ხოლო საქართველოს მოსახლეობა 17%-ით.

აღნიშნული პროგნოზის ფონზე, საინტერესოა თუ როგორ იცვლება საქართველოში დემოგრაფიული მდგომარეობა. 2019 წლის არასრული მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობა 3 მილიონ 723.5 ათას ადამიანს შეადგენს, გასულ წელს კი 3 მილიონ 729.6 ათას ადამიანს შეადგენდა. გასული წლების შედეგები კი ასე გამოიყურება: 2013 წელი – 3 მილიონ 718.4 ათასი; 2014 – 3 მილიონ 716.9 ათასი; 2015 – 3 მილიონ 721.9 ათასი; 2016 – 3 მილიონ 728.6 ათასი; 2017 – 3 მილიონ 726.4 ათასი.

შობადობა 2019 წელს

სავალალო პროგნოზების ფონზე, მიმდინარე წელს შედარებით დამაიმედებელი მონაცემები დაფიქსირდა. წელს შობადობის რაოდენობა სიკვდილიანობის მაჩვენებელზე 4%-ით მეტია. კერძოდ, მიმდინარე წლის 9 თვის მონაცემებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით დაიბადა 36 138 ბავშვი, ხოლო გარდაიცვალა სხვადასხვა ასაკის 34 691 მოქალაქე.

კიდევ უფრო უკეთესი დინამიკა ფიქსირდება ბოლო 3 თვის (1 ივლისიდან 1 ოქტომბრამდე), მონაცემების მიხედვით, რომლის ფარგლებშიც შობადობამ სიკვდილიანობის რაოდენობას 23%-ით გადააჭარბა.
რაც შეეხება გასულ, 2018 წელს, ცოცხლად დაბადებულების რაოდენობამ საქართველოში 51 138 ადამიანი შეადგინა, ხოლო გარდაცვალებამ კი 46 524.

მიგრაცია

საქართველოს სტატისტიკის სამსახურის ინფორმაციით, მიგრაციული სალდოს ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ბოლო 9 წლის საქართველოში 2011 წელს დაფიქსირდა -35 982. მიმდინარე, 2019 წლის მონაცემები საქსტატს ჯერ არ გამოუქვეყნებია.

რაც შეეხება წინა წლების მონაცემებს, 2018 წლის მონაცემებით, მიგრაციული სალდო -10783 შეადგენდა; 2017 წელს -2 212; 2016 წელს კი ეს მაჩვენებელი -8 060 შეადგენდა.

უნდა აღინიშნოს, რომ ზემოთ აღნიშნული მონაცემები ოფიციალურია და არაოფიციალურად, თუ გავთვალისწინებთ სხვადასხვა ქვეყანაში ქართველების არალეგალურად ყოფნას, ეს მაჩვენებელი გაცილებით დიდი უნდა იყოს.

გაცილებით სავალალო მონაცემებს აქვეყნებს “ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი”. მათი ინფორმაციით, რომელიც დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატიდან მიწოდებულ ინფორმაციას ეყრდნობა, საქართველოს საზღვრებს გარეთ საქართველოს დიასპორა 1 607 000 ადამიანს აღწევს.

არაოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, საქართველოდან ყველაზე მეტი ადამიანი რუსეთის ფედერაციაში ცხოვრობს. მათი რაოდენობა 800 ათასს აღწევს, რომელთაგან 285 915 (2009წ.) რუსეთის ფედერაციის მოქალაქეა. რუსეთს საბერძნეთი მოსდევს – 250 ათასიანი დიასპორით, მესამე ადგილას უკრაინაა – 150 ათასი ადამიანით. თანამემამულეების სიმრავლით ასევე გამოირჩევიან: თურქეთი (100 ათასი), ამერიკის შეერთებული შტატები (80 ათასი), აზერბაიჯანი (35 000), ესპანეთი (30 ათასი), გერმანია (25 ათასი). დიასპორის სიმცირით გამოირჩევა ავსტრალია (20), იაპონია (100), ყირგიზეთი (200), ლიტვა (300).

აბორტი

დემოგრაფიულ ფაქტორებზე საუბრისას, იმასთან დაკავშირებით, თუ რა უშლის ხელს მოსახლეობის გამრავლებას, აბორტის და განქორწინების რაოდენობების გაანალიზებაც აუცილებელია.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2018-2019 წლებში საქართველოში 22 763 აბორტი გაკეთდა. უფრო კონკრეტულად, 2018 წელს ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტის 14 066 ფაქტი დაფიქსირდა, ხოლო 2019 წლის იანვრიდან აგვისტოს ჩათვლით 8 697.

ამასთან, ოფიციალური ინფორმაციით, 2018 წელს აბორტი 86 არასრულწლოვანს გაუკეთდა. ფაქტების ნახევარი თბილისში დაფიქსირდა. 2019 წელს კი 18 წლამდე პირთათვის სამედიცინო დაწესებულებებში აბორტის 38 შემთხვევაა რეგისტრირებული. ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტის ყველაზე ხშირი შემთხვევა 25-დან 34 წლამდე ასაკის ქალებში ფიქსირდება. რაც შეეხება რეგიონებს, აბორტის ყველაზე მეტი რაოდენობა (თბილისის შემდეგ) აჭარაში ფიქსირდება.

ქორწინება-განქორწინება

საქსტატის მონაცემებით, 2018 წელს რეგისტრირებული ქორწინებების რაოდენობამ 23 202 შეადგინა, ხოლო რეგისტრირებულ განქორწინებათა რაოდენობამ – 10 288. რაც შეეხება განქორწინებას გეოგრაფიული არეალის მიხედვით, 2018 წელს ქორწინების (29%) და განქორწინებების (37.9%) ყველაზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა თბილისში.

ამასთან, 2018 წელს პირველი ქორწინების საშუალო ასაკმა ქალებისთვის 27.7, ხოლო მამაკაცებისთვის 30.4 წელი შეადგინა.

სანდრო პირველი

წყარო: bfm.ge

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია