შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"არც ერთ დედას მსოფლიოში ისე დიდხანს არ ჰყავს შვილი კაბის კალთაზე გამოკერებული, როგორც ქართველ დედას"

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 06 ოქტომბერი 2019

"მართალია, ბავშვის აღზრდა აკვნიდან იწყება, მაგრამ მე მაინც უკუღმიდან დავიწყებ. ამ რამდენიმე წლის წინათ, შუაღამისას, უსაზღვროდ შეშფოთებულმა ნაცნობებმა დამირეკეს და მთხოვეს: - გვიშველე, ჩვენს ბიჭს რაიონში ანაწილებენ, თბილისში დაატოვებინე როგორმე, თორემ სოფელში დაგვეღუპება და მერე ჩვენც არ ვიცოცხლებთ თავს. ვიდრე ამ ამბავს სხვა ამბავსაც მივაყოლებდე, მოგაგონებთ: ის ბიჭი მაშინ 27 წლისა იყო, ახლა 35 წლისაა, თბილისში ცხოვრობს, ცოლშვილიანია და უმუშევარი. - ვის კმაყოფაზეა?! - მკითხავთ თქვენ. - რა თქმა უნდა, პენსიონერი მშობლების კმაყოფაზე. - თავმოყვარეობა არა აქვს? - ისევ მკითხავთ თქვენ. - როგორ არა. აკი მირეკავს კიდევაც დროდადრო და მთხოვს ცალყბად, მეყო უსაქმოდ ყოფნა, მიშოვე რამე, ჩემი შესაფერი სამუშაო ქალაქის ცენტრში და ნუ ჩააყოლებ ამ მოხუცებს ჩემს ჯავრს საფლავშიო. - მერედა უშველე რამე?! - მეტყვით თქვენ. - ვცდილობ, ბატონო, ვცდილობ, აბა, თქვენ თვითონ უშოვეთ ქალაქის ცენტრში თქვენს ნათესავს მისი შესაფერისი სამუშაო, თუ ადვილია.      ამას მოჰყვება ათასჯერ თქმული, ათასჯერ გაგონილი და მოსაბეზრებელი მტკიცება იმისა, რომ რაიონიც საქართველოა, რომ საქართველო თავკომბალას დაემსგავსა, რაკიღა ნახევარი მისი მოსახლეობისა თბილისში ცხოვრობს, რომ ქართველებმა შვილების აღზრდა არ ვიცით, რომ 40 წლის ვაჟკაცებს და დედაკაცებს კვლავ ბიჭს- და გოგოს- ვეძახით, რომ ვანებივრებთ, ხელის, ფეხის განძრევის საშუალებას არ ვაძლევთ, ყველაფერს მზამზარეულს მივართმევთ, რითაც დიდად ვუწყობთ ხელს ზარმაცის, უნდილის, უზრუნველის, ეგოისტის, ბრიყვის, უდარდელის, უსაქმურის, მუქთახორასა და ბოლოს ბოროტმოქმედის აღზრდასა და ჩამოყალიბებას. ეს შეიძლება ცოტა გადამეტებული იყოს, მაგრამ ის კი ფაქტია, რომ არც ერთ დედას მსოფლიოში ისე დიდხანს არ ჰყავს შვილი კაბის კალთაზე გამოკერებული, როგორც ქართველ დედას, რატომ? გულჩვილები ვართ? სხვაზე უკეთესი, ფაქიზი, ნაზი, ნიჭიერი და ლამაზი შვილები გვყავს თუ რაშია საქმე?..."

ნოდარ დუმბაძე
"ოცნებას კაცი არ მოუკლავს"

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია