გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"აქეთ კარიერი, იქეთ ქვის სამტეხლო.."-მოხუცი ცოლ-ქმარი დახმარებას ითხოვს

საზოგადოება
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 15 ოქტომბერი 2019

"წაგვლეკავენ მალე. მშიერი თუ დავრჩი რად მინდა რამე? 30 წლიანი ნიგოზის ხეები მაქვს ეზოში და გადარეცხა მდინარემ. ყოველ დილით ისეთი ხმაა, გეგონება რამე შუაზე გასკდაო და მერე მთელი დღე არის გრუხუნი. ისე ამოაცალეს მდინარეს ძირი, დაურღვიეს კალაპოტი, რომ მაგათი გამდიდრების გულისთვის, ჩვენ ეზოებს წალეკვა ემუქრება"-უყვება "გურიის მოამბეს" 70 წლის ქალბატონი, რომელიც უკვე მეორე თვეა მუნიციპალიტეტის მერიიდან  მისი პრობლემის მოგვარებას ელოდება. 

სოფელ მელექედურში არსებული ქვის სამტეხლოს მხრიდან შექმნილი პრობლემების გამო, სოფელში აქცია ხშირად გაუმართავთ. ადგილობრივებს მტვერთან და ხმაურთან ერთად, მძიმეწონიანი მანქანებისგან არა ერთი ზიანი მიადგათ. დაიბზარა სახლების ნაწილი და დაზიანდა გზა. 

სოფელში, მდინარე ნატანებზე არსებულმა კარიერმა კი, რამდენიმე ოჯახი ეზოებისა და სახლების დატბორვის საფრთხის წინაშეც დააყენა. ერთ-ერთი მათგანი, კუჭუხიძეები არიან, რომლებსაც უკვე ორ თვეზე მეტია, ყოველი გაწვიმებისას ეზოში ადიდებული მდინარის წყალი უვარდება. 

"დილის 9 საათიდან, საღამოს 8-მდე ისეთი საშინელი ხმაურია, ისეთი მტვერი, ცხოვრება გახდა უკვე სოფელში შეუძლებელი. ჩემი ეზოს მიწა მცოცავი გახდა. იმ სიღრმიდან იღებენ ღორღსა და ქვიშას მდინარიდან, რომ მან კალაპოტიც შეიცვალა. როგორც კი გაწვიმდება, უკანა ეზო მთლიანად ირეცხება. მალე შეიძლება სახლშიც შემომივარდეს წყალი"-გვეუბნება ქალბატონი ელენე. 

ოჯახმა შექმნილი პრობლემის მოგვარებისთვის ოზურგეთის მერიას ერთი თვის წინ მიმართა, როგორც გვეუბნებიან, პასუხად ის მიიღეს, რომ ქვის სამტეხლოს მუშაობის ლიცენზიას შუჩერებენ და დახურავენ: " კარიერების მუშაობა კი, ისედაც აკრძალულიაო". 

"როცა წყალი ეზოში შემომივარდა, მივედი ჯერ ამ "დრაბილკას" ვინც ამუშავებს იმ კაცთან, ბათუმელია, ვიღაც მიქელაძე. ამან მითხრა, მიდი კოტესთან და უთხარი ნებართვა მომცეს, რომ არხი გავაკეთო მაქ და გავამაგრო შენი ღობეო. მერიამ მომწერა, რა ნებართვა, საერთოდ გავაჩერებინებთ მაგათ მუშაობასო. ძალიან ბევრ ფულს შოულობენ, უნდა ნახოთ რა ხალხი მოდის...ჩემი ეზოს უკანა მხარეს ჰქონდათ გაკეთებული შემოვლითი გზა, ეტყობა ამის ბრალია, რომ მძიმეწონიანმა მანქანებმაც სულ მოშალეს მიწა. რა გავაკეთოთ, ვინმე მაინც გვეტყვის? სახლიც რომ დამეშალოს და ეზო რომ გამომეცალოს, ვინ შეგვიფარებს, სახლს ვინ მოგვცემს? საფრთხეს გვიქმნის ეს "ტრაილერები", ამას წინათ სამგზავრო რაფს კინაღამ დაეჯახა. უამრავი ადამიანის სიცოცხლე შეიძლება დადგეს საფრთხის წინაშე."-ამბობს ქალბატონი.  

70 წლის ელენა კუჭუხიძე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მელექედურში 80 წლის პირველი ჯგუფის შშმ მეუღლესთან და შვილთან ერთად ცხოვრობს, ყოფილ სამხედროსთან, რომელიც 10 წლის განმავლობაში ემსახურებოდა ქვეყანას. ის ორჯერ ავღანეთში იყო, არის აგვისტოს ომის მონაწილე, ახლა კი, როგორც დედა გვიყვება, იმისთის რომ ოჯახი არჩინოს და მოხუც დედ-მამს მიხედოს, პოლონეთში სამუშაოდ აპირებს წასვლას. 

კუჭუხიძეებს თავი დღეს მხოლოდ კუთვნილი პენსიით გააქვთ. ოჯახის უფროსი მამაკაცი, რომელსაც მხედველობა არა აქვს, შშმ პირის პენსიის სახით ყოველთვიურად 260 ლარს იღებს, მისი მეუღლე კი, ასაკობრივ პენსიას, 200 ლარის ოდენობით. გვიყვებიან, რომ მედიკამენტები ორივეს ყოველდღიურად სჭირდება, რის ყიდვასაც ხან საერთოდ ვერ ახერხებენ.

როცა ძალიან გაუჭირდათ, პენსიაც წინსწრებით გამოიტანეს ბანკიდან და ახლა თვეში 460 ლარის ნაცვლად, მხოლოდ 230 ლარით უწევთ თავის გატანა: 

"ჩემი შვილი 10 წელი იყო სამხედრო სამსახურში. სენაკის ბაზაზე იყო ბოლო წლებში. მანამდე ორჯერ ავღანეთში იყო მისიით. აგვისტოს ომშიც ბრძოლობდა. ხელფასიც ჰქონდა, მაგრამ 2013 წელს, ისე აირია სიტუაცია, ვთხოვე სახლში წამოსულიყო. მერე აქ დაიწყო მუშაობა, "დრაბილკაზე" ოპერატორად იყო, გადმოვარდა და ფეხი დაიზიანა, სახლში მომიყვანეს ასე ფეხნატკენი. არც ხელფასი გადაუხადეს, არც უმკურნალეს. ჩვენი ხარჯებით გავაკეთეთ ყველაფერი"-გვიყვებიან ოჯახის წევრები, რომლებიც ახლა იმის მოლოდინში არიან, როდის შეასრულებს მერია წერილობით დაპირებას და არა მარტო ერთი ოჯახის, არამედ მთლიანად სოფლის ერთ-ერთ დიდ პრობლემას არა დროებით, საბოლოოდ მოაგვარებს.  

ის, რომ ოზურგეთის სოფლები კარიერების მუშაობამ მნიშვნელოვნად დააზარალა და ერთეულების გამდიდრების ხარჯზე, მოსახლეობის უდიდესი ნაწილი სერიოზული პრობლემის წინაშე დააყენა, ეს არ ახალი ამბავია და ამის შესახებ "გურიის მოამბეს" არა ერთი წერილი მოუმზადებია, თუმცა, რატომ ვერ ერევა სახელმწიფო ხშირ შემთხვევაში თვითნებურად, ლიცენზიების გარეშე მდინარეებზე შესეულ კონკრეტულ ჯგუფებს, ამ კითხვაზე ჯერ პასუხი არც ერთ შესაბამის უწყებაში არა აქვთ. 

თავად მოსახლეობა, რომელსაც არა ერთი მასშტაბური აქცია მოუწყვია სოფლებში კარიერების აკრძალვის მიზნით, დარწმუნებულია, რომ ამ ყველაფრის უკან კონკრეტული კრიმინალური დაჯგუფებები დგანან, რომლებიც სერიოზულ თანხებს შოულობენ, თუმცა ესეც ხელისუფლების დამსახურებით, რომელმაც ბოლო წლებში გურიის მდინარეების განადგურების გეგმას მწვანე შუქი აუნთო. 

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია