შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ევროკავშირი ჩაის დარგის რეაბილიტაციის მიზნით ადგილობრივ კოოპერატივებს აფინანსებს

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 22 ოქტომბერი 2019

ნაგომრის ჩაის პლანტაციებში სეირნობისას ევროკავშირის ელჩი კმაყოფილებას არ მალავდა


კვირის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა ოზურგეთში ჩატარებული ევროპის დღეები გახდა.

ამ დღეების ფარგლებში გურიას, კერძოდ კი მის ადმინისტრაციულ ცენტრს ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი, მეუღლესთან, მეტე ჰარცელთან ერთად სტუმრობდა

ელჩის სტუმრობა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგომარიდან დაიწყო, სადაც მისმა აღმატებულებამ ევროკავშირის მხარდაჭერით გაშენებული ჩაის პლანტაცია და კოოპერატივ „ნაგომარის“ ჩაის საწარმო მოინახულა.

აქამდე ნაჭყეპიების უბანს მსგავსი რანგის სტუმარი არ ჰყოლია და თავისთავად ცხადია, რომ ეს მოვლენა განსაკუთრებული იყო მათ ცხოვრებაში, მითუმეტეს რომ ევროკავშიორის ელჩი ჩაის საწარმოს მოსანახულებლად იმყოფებოდა, ხოლო ჩაის დარგის რეაბილიტაციას ამ სოფლისა და უბნის მაცხოვრებლები, როგორც მთელი გურია განსაკუთრებული ყურადღებით ეკიდება, რადგან ადგილობრივების სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება უმრავლესობისათვის ამ დარგის პერსპექტივაზეა დამოკიდებული.

დამატებით განსაკუთრებულ მნიშვნელობას ამ მოვლენას ის ანიჭებდა, რომ ამ დარგის რეაბილიტაციის აუცილებლობაზე არა რომელიმე ადგილობრივი თუ ცენტრალური მთავრობის ჩინოვნიკს უნდა ესაუბრა, რომლებთანაც შეხვედრები ხშირად ფორმალურ ხასიათს ატარებს და საუბარი საუბარს არსცდება, არამედ ევროკავშირის მაღალჩინოსანს, რომლის სიტყვასაც აქაურთათვის დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან დარწმუნებულნი არიან რომ მას საქმე მოყვება და ეს ნაგომრის მაგალითმაც აჩვენა.

ამ კოოპერატივში ჩაის დარგის რეაბილიტაციისათვის ევროკავშირმა 40 ათასი ევრო ჩადო და სწორედ ამ სამუშაოების დასათვალიერებლად იმყოფებოდა კიდეც ელჩი ნაგომარში:

"ჩაის პლანტაციები ძალიან შთამბეჭდავია, ეს არის ჩვენი პარტნიორების პროექტი გურიაში, კოოპერატივი "ნაგომარი"  ერთ-ერთია ჩვიდმეტი პარტნიორი კოოპერატივებისგან, რომლებსაც ჩვენ ჩაის დარგის რეაბილიტაციისათვის და ახალი თანამედროვე მანქანა დანადგარების შესასყიდად ფინანსები გამოვუყავით. ძალიან შთამბეჭდავია რაც ვნახე.  ჩაი, არის გურიის  საფირმო ნიშანი.  იმედი მაქვს რომ კოოპერატივ "ნაგომარის" პროდუქტი  არამარტო ქართულ ბაზარზე, ექსპორტზეც გავა, როგორც საერთაშორისო ბაზრებზე, ასევე, ევროპის ბაზარზეც"-გვითხრა ნაგომარში სტუმრობის შემდეგ იქ შეკრებილ ჟურნალისტებს კარლ ჰარცელმა, რომელიც ნანახით კმაყოფილებას არ მალავდა.

კოოპერატივი „ნაგომარი“ 2015 წლის დეკემბერში შეიქმნა. ENPAღD-ის პროგრამის ფარგლებში, კოოპერატივმა ჩაის გადამუშავებისთვის საჭირო დანადგარების შეძენა და 12 ჰექტარი ჩაის პლანტაციის რეაბილიტაცია შეძლო. ამ დრომდე, კოოპერატივის მიერ სოფელ ნაგომარში, ჯამურად 25 ჰექტრამდე ჩაის პლანტაციაა რეაბილიტირებულია. ჩაის პლანტაციები შესაძლებლობას მისცემს კოოპერატივს, წარმოებული პროდუქციის რაოდენობა 12-13 ტონამდე გაზარდოს. ამ ეტაპზე, აქ 15 ტონამდე ნედლეული იკრიფება და 4 ტონა მაღალი ხარისხის შავ და მწვანე ჩაის ამზადებენ.

კოოპერატივის სათავეებთან ადგილობრივები, ძმები კახა და ჯონი ნაჭყეპიები დგანან. ისინი წარსულში ცნობილი მეჩაიეს, ნინო ნაჭყეპიას ძმაა. ნინო საბჭოთა კავშირში ლეგენდად ქცეული ქალ ტრაქტორისტთა რგოლის წევრია, ეს რგოლი ერთადერთი ქალ ტრაქტორისტთა რგოლი იყო მაშინდელ საბჭოეთში და მას ასევე, ლეგენდარული ცისანა თალაკვაძე ხელმძღვანელობდა.

ნინო ამბობს, რომ ხშირად სამუშაოეზე, მაშინ მას მისი პატარა ძმა, კახა დაჰყავდა, რომელსაც მამასთან ერთად თვითონაც ზრდიდა, სწორედ ბავშვობიდან ჩაინერგა მასში ჩაის დარგის სიყვარული:

"ცისანა თალაკვაძე იყო ჩვენი რგოლის ხელმძღვანელი, ბრიგადირიც ეგ იყო და ყველაფერი.გოგოები ვიყავით: ნანა მეგრელიძე, მე და იამზე სარიშვილი, ჩვენ გვყავდა ჩვენი „პამოშნიკი“, თანაშემწეები კაცები, ხელს არ გვაკარებიებდნენ რამეზე, "ტაოტში" არ გვესვრებოდა ხელი, ეს იდეა იყო ჩვენი კოლმეურნეობის პარტიის მდივანის თამარ მელუასი, მან დაგვიბარა,შექმნა რგოლი. მაშინ 17 წლის ვიყავი, დაუსწრებლად ვსწავლობდი. ამხელა ტრაქტორს რომ შევხედე გული გამისკდა. ვსწავლობდი სასოფლო სამეურნეოში, მერე აგვაღებინეს მართვის მოწმობა, სოფელ ბახვში 6 თვიანი კურსი გავიარეთ.ძალიან მოგვეხმარა ჩვენი კოლმეურნეობის თავჯდომარე გური თენიეშვილი, ისე გვედგა გვერდში როგორც მამა, თითო კილო შოკოლადი მოქონდა ყველა დღე რომ ჩვენ გული არ აგვცრუებოდა. 

ყოველდღიურად მოგვიკრეფია 5-6 ტონა ყველაზე ბევრი. 3-4 ტონა, ამას ყოველდღე ვკრეფდით.ანაზღაურება გვქონდა მართლა კარგი 2000 მანეთი ყოველთვე.ეს იყო კარგი ფული.წლის ბოლოს პრემიები, დანამატები, მაგრამ ეს იყო სეზონური ხელფასი. 3-4 თვე ვკრეფდით. მერე კი ვსხლავდით, ვწმენდით, გვიმრებისგან ვასუფთავებდით. თანაშემწეებს, 900- 1000 მანეთი ქონდათ. უფასოდ ვისვენებდით- საბერძნეთი, კვიპროსი, ეგვიპტე, თურქეთი, ბულგარეთი, გემით მოგზაურობა, კრუიზები. მანეთი არ გვეხარჯებოდა. საბჭოთა კავშირის თხუთმეტივე რესპუბლიკაში ნამყოფი ვართ. ძაან პატივისცემაში ვიყავით. 83 -ში გავთხოვდი და ყველას დანებებული გვქონდა თავი.

ჯონიმ და კახამ 7 წლის წინ დაიწყეს ჩაის მოყვანა ბრენდული სახელწოდებაა „ნაგომრის ჩაი“.ძირითადად შავი ბაიხის ჩაია, მწვანეც,ერთი-ორი წელი მოცვის ჩაიც ვცადეთ, მაგრამ ადგილზე არ მოდის და გვიწევდა ჩამოტანა ნაბეღლავიდან და ჩხაკაურადან, წელს შევწყვიტეთ, უფრო გავფართოვდით და არ გვეცალა. მოგებას აქამდე თითქმის არ ვნახულობდით, თბილისში, მაღაზიებში კი შევედით, თავიდან 30 ლარად ვყიდდით,ახლა 40 ლარად,იაფია ძალიან.

როგორცკი ჯონიმ და კახამ გაიგეს რომ ევროკავშირი დაინტერესდა ჩაის დარგის რეაბილიტაციით საქართველოში, იმ დღიდან, უკვე 4 წელია ევროკავშირთან  დავამყარეთ ურთიერთობა და მერე გადავწყვიტეთ,ოფიციალურად გვეთანამშრომლა" -გვიყვება  ნინო ნაჭყეპია.

კახა ნაჭყებია; კოოპერატივის დამფუძნებელი:"დავიწყეთ იმით რომ, ძალიან მნიშვნელოვან პროექტს ჩაეყარა საფუძველი , ჩაის რეაბილიტაციის პროექტს ვგულისხმობ, დიდი დახმარება გავიწია ევროკავშირმა, მოგვეცა შესაძლებლობა საწარმო აღგვეჭურვა შესაბამისი მანქანა დანადგარებით. სოფელში წელს დასაქმებული გვყავდა 70 ადამიანი რომელებიც მინიმუმ 50-60 ლარს დღეში შოულობდნენ. ამან იმხელა აჟიოტაჟი გამოიწვია, მასიურად დაიწყეს სოფელში ჩაის გაშენება, მოვლა, პატრონობა. 40 წლია დაახლოებით გაჩერებულია ეს ხალხი და წელს გამოიღვიძა. ძალიან გახარებულები ვართ".

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია