შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

რატომ ვერ სრულდება ცენტრალური ქუჩების რეაბილიტაცია დათქმულ ვადაში

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 21 ოქტომბერი 2019
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის განმარტებით, სამუშაოების შეფერხება საკანალიზაციო სისტემის პრობლემამ გამოიწვია. „რუსთაველის ქუჩის ერთ-ერთ მონაკვეთზე საჭირო გახდა ახალი საკანალიზაციო სისტემის მოწყობა, რომელიც წყალმომარაგების კომპანიამ განახორციელა. გზის გარკვეულ მონაკვეთზე შეიცვალა საკანალიზაციო ჭებიც. ასევე, საკმაო დრო დასჭირდა, ასპინძის ქუჩის ჩასახვევთან არსებული კოლექტორებისა და ხიდის მშენებლობის პროცესს. მოსახლეობასთან შეთანხმებით ასევე, გარკვეული დრო მოითხოვა, მათ საცხოვრებელ სახლებთან და კომერციულ ობიექტებთან მისასვლელებისა და მიერთებების მოწყობის სამუშაოებმა. შესაბამისად სახელშეკრულებო შეთანხმებით ვადა გახანგრძლივდება“.ამ დრისთვის, რუსთაველის ქუჩაზე მოასფალტების სამუშაოები მიმდინარეობს, დასრულების ზუსტი დრო კი, მერიის თქმით „უახლოესი მომავალია“.„ამ დროისთვის, რუსთაველი-კეცხოველის ქუჩების კაპიტალური რეაბილიტაცია ინტენსიურად გრძელდება და უახლოეს ხანში ქალაქის მაცხოვრებლები, როგორც ფეხით სავალ, ასევე სამანქანო გზაზე კომფორტულად გადაადგილებას შეძლებენ“, - გვითხრეს მერიაში.წყალმომარაგების კომპანიაში განმარტავენ, რომ რუსთაველის ქუჩაზე საკანალიზაციო არხის შეკეთების სამუშაოები დაახლოებით ორი კვირის შემდეგ დაიწყეს, მას შემდეგ, რაც ახალციხის მერიამ მათ ამ პრობლემის შესახებ აცნობა. ამ დროისთვის კი ყველა სახის სამუშაო დასრულებულია.„200 მეტრ გზის მონაკვეთზე მთლიანად განახლდა საკანალიზაციო მილები და გაკეთდა ახალი საკანალიზაციო ჭები. სამუშაოები დაახლოებით ორი კვირის წინ დავასრულეთ“, - განმარტავენ გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში.ახალციხეში, ცენტრალური, რუსთაველისა და კეცხოველის ქუჩების რეაბილიტაცია 20 ივნისს დაიწყო. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ცენტრალური ქუჩების კაპიტალური რეაბილიტაცია. პროექტს, რომლის ღირებულებაც 1 554 321 ლარია, ტენდერში გამარჯვებული კომპანია, შპს „არალი“ ახორციელებს. აღნიშნულ კომპანიას სამცხე-ჯავახეთის მასშტაბით მიმდინარე წელს 33 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ტენდერი აქვს მოგებული. [რობი ზარიძე, ახალციხე]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია