სამცხე-ჯავახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

აბასთუმანში მცხოვრებლები ამბობენ, რომ ბიძინა ივანიშვილი სანატორიუმ „ზეკარის“ და ამჟამად მოქმედი ტუბსაავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიას ათავისუფლებს, ამიტომ აქ მცხოვრებლების გადასაყვანად კურორტზე სამსართულიანი კორპუსის მშენებლობა დაიწყო.

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 22 ნოემბერი 2018
აბასთუმანში მშენებარე კორპუსი 15 ოჯახისთვისაა განკუთვნილი. კურორტზე ამბობენ, რომ აქ იმ ოჯახებს შეასახლებენ, რომლებსაც ავარიული სახლები აქვთ. „აბასთუმანში ავარიულ სახლებს რა დალევს, მაგრამ მე როგორც გავიგე, ტუბის უკან 15–მდე ოჯახი ცხოვრობს და ისინი უნდა გადმოიყვანონ მანდ. თან იმ ადგილს მთლიანად აცარიელებენ და რაში სჭირდებათ არ ვიცი“,– გვითხრა აბასთუმანში მცხოვრებმა ნუგზარ ხოსიტაშვილმა. წიწვოვან ტყეში მდებარე ტუბსაავადმყოფოს, ანუ ყოფილი „ზეკარის“ სანატორიუმის უკან 12 ოჯახი ცხოვრობს. მათ შორის ცხრა კურორტზე სეზონურად მოდის, სამი კი მუდმივად აქაა, თუმცა უკვე ყველა მათგანმა იცის, რომ აბასთუმანში ახალი კორპუსი მათთვის შენდება. „ბიძინა ივანიშვილი მოვიდა აქ აგვისტოში, სათითაოდ დაათვალიერა ყველაფერი, და გვითხრა, რომ მომავალ წელს ახალ შენობაში იცხოვრებთო და მალე მშენებლობაც დაიწყო“, – გვიყვება ციური თუთაშვილი, რომელიც სანატორიუმ „ზეკარის“ უკან უკვე 40 წელია ცხოვრობს – „ვიდრე ჩვენთვის კორპუსის აშენებას დაიწყებდნენ აქ მოვიდნენ ინჟინრები და იურისტები და გვკითხეს როგორი სახლი გვინდოდა რომ გვქონოდა. მშენებლობის პროცესშიც მივდივართ და ვნახულობთ ხოლმე რა კეთდება და როგორ“. აქ მცხოვრებლების თქმით, როგორც კი გაზაფხულზე ამინდი გამოდის, ეზო ბავშვებით ივსება: „ახლოს ვართ ტუბერკულოზით დაავადებულებთან და ეს პატარებისთვის საშიშია. თან ჩვენი სახლებიც ავარიულია“. რატომ გადაწყდა მხოლოდ ტუბსაავადმყოფოს მიმდებარედ მცხოვრებლებისთვის ახალი კორპუსის აშენება, მაშინ როცა კურორტზე ბევრი ავარიული სახლია, ამაზე არც ადიგენის თვითმმართველობაში და არც ფონდ „ქართუში“ გვპასუხობენ. კორპუსის მშენებლობას აქ სწორედ „ქართუ“ აფინანსებს. „გადაწყვეტილი ჯერ არაფერია და ვერ გეტყვით“, – ამბობს აბასთუმანში მერის წარმომადგენელი გიორგი გედევანიძე. აბასთუმანში ტუბსაავადმყოფოს კურორტიდან მოშორებით გადატანა და აქ მცხოვრებლების სხვაგან გადაყვანა ერთდრულად დაიგეგმა. ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც მან აბასთუმანში, აგვისტოში, ოჯახთან ერთად ორ კვირაზე მეტი გაატარა. შემოდგომიდან აბასთუმანში ფონდმა „ქართუმ“ ექვსი პროექტის განხორციელება დაიწყო და მათ შორის ერთ–ერთი ფილტვით დაავადებულთა სარეაბილიტაციო ცენტრია. აბასთუმანში სახლსა და ხუთვარსკვლავიან სასტუმროს აშენებს ივანიშვილიც. ფონდი „ქართუ“ კურორტზე მიმდინარე პროექტებისთვის ოთხ მილიონ ლარს ხარჯავს. [ლუბა გიორგაძე, ადიგენი]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია