შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ხმელი ფოთლების დაწვა კარცეროგენებს გამოყოფს

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 01 ნოემბერი 2019

სოფლებში მცხოვრები მოსახლეობის უმეტესობა ეზოებში და ბაღებში მოგროვილ ხმელ და ნედლ ფოთლებს ადგილზე წვავს, რაც გარემოს დამცველების თქმით, ეკოლოგიას და ადამიანის ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის. მცენარეული ნარჩენების, მათ შორის ფოთლების, წვა აბინძურებს როგორც ჰაერს, ისე ნიადაგს.

გარემოს დამცველის, ,,ბუნების მოყვარულთა საზოგადოების“ დირექტორის, კახა სუხიტაშვილის თქმით, 1 ტონა მცენარეული ნარჩენის კვამლი გამოყოფს 9 კგ მიკრონაწილაკს, ისინი  ჰაერის ორთქლთან ურთიერთქმედებენ და წარმოქმნიან ადამიანის ჯანმრთელობისათვის საშიშ ეგრეთწოდებულ „სმოგს”; ნიადაგის ზედა ფენაში კი, მძიმე მეტალების შემცველობა 1,5-2 ჯერ იზრდება.

-,,ფოთოლი როცა იწვება, მისი უდიდესი ნაწილი არ არის მშრალი და ბოლომდე გამხმარი, ამას ჰქვია არასრული წვა, კვამლი, რომელიც ამ დროს გამოიყოფა, ძალიან ბევრ შხამიან ნივთიერებას, მათ შორის მეთანს შეიცავს, რომელიც არის ადამიანისთვის ძალიან საშიში. ეს კი მრავალი დაავადების გა­მოწვევას უწყობს ხელს, კერძოდ, ბრონქულ ასთმას, ყელის სიმსი­ვნესა და სხვა.

რაც შეეხება ბუ­ნებას, შეიძლება ითქვას, რომ ეს ამცირებს ჟანგბადის რაოდენობას და მატებს ამიაკისა და მეთანის რაოდენობას ჰაერს, რომელსაც ვსუნთქავთ ჩვენ.

მე მიმაჩნია, რომ ჩემი გამოთვლებით სეზონურად ნარჩენების 30%, რომელიც თე­ლავიდან გადის, განსაკუთრებით გაზაფხულსა და შემოდგომაზე, არის ფოთოლი. მე არ მგონია, მი­ზანშეწონილი იყოს, რომ ეს ნარჩე­ნები გადიოდეს ნაგავსაყრელზე,’’ – განუცხადა knews.ge-ს კახა სუხიტაშვილმა.

მისივე თქმით, ფოთლის წვა არის სეზონური პროცესი, რომელიც დასახლე­ბულ ადგილებში ძირითადად გაზაფხულობითა და შემოდგო­მობით მიმდინარეობს, ხოლო სასოფლო-სამეურნეო სავარგუ­ლებში – გაზაფხულობით.

სუხიტაშვილის განმარტებით, ეკონომიკური თვალსაზრისით ფოთოლი ბუნების მნიშვნელო­ვანი პროდუქტია, რომელიც კომპოსტირების ან მისი მინერა­ლიზაციის შემთხვევაში, იქცევა ძალიან კარგ და სასარგებლო სასუქად, რომელიც შემდეგ შეი­ძლება, ფერმერებმა ან ქალაქის გამწვანებისთვის გამოიყენონ.

,,სამწუხაროდ, ჯერჯერობით არ არსებობს ადგილობრივი თვითმ­მართველობების წარმომადგენლე­ბის მხრიდან ინიციატივა და მზაო­ბა, რომ ფოთლები შევინახოთ და სასუქად გარდავქმნად.

როდესაც მოსახლეობას ვეუბნებით, რომ არ უნდა დაწვას ფოთოლი, მაშინ უნდა შევთავაზოთ მას ალტერნა­ტივა, რა ღონისძიებას მიმართოს. აქედან გამომდინარე, მე შემი­ძლია ვურჩიო მოსახლეობას, რომ დატოვონ სასოფლო-სამეურნეო სავარგულებში ფოთოლი, ის არა­ფერს არ უშლით მათ და პირიქით სასარგებლოც კია კარგი მოსავლის მისაღებად”,– აცხადებს სუხიტაშვილი.

აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად, ექსპერტი ერთ-ერთ გამოსავლად საკომპოსტე ადგილების მოწყობას მიიჩნევს, რომლის გაკეთებაც ძვირი არ ჯდება.

,,უნდა გაკეთდეს ხის ყუთივით სათავსი და გამხმარი ფოთლები ჩაიყაროს. მერე კი გამწვანების სამსახურის თანამშრომლებმა გარკვეული პე­რიოდულობით უნდა ამოურიონ, ერთ წელიწადში კი ამ ყველაფრის შედეგად მიიღება უკვე სასუქი, რომელიც შემდეგ გამოდგება გა­მწვანებისთვის.

ამას ფინანსები არ სჭირდება და ეს ქალაქისთვის კარგის მომტანი იქნება არა მარ­ტო ფინანსური და ეკონომიკური, არამედ ესტეთიკური თვალსაზრი­სითაც. გარდა ამისა, ტურისტე­ბისთვისაც მიმზიდველი იქნება. ყველა ტურისტს მოსწონს ისეთ ქალაქში მოგზაურობა, სადაც თვითმმართველობა და საზოგა­დოება ბუნებაზე ზრუნავს”,– განაცხადა სუხიტაშვილმა.

როგორც თელავის მუნიციპალიტეტის სოფლებში მცხოვრები მოსახლეობა აცხადებს, მიუხედავად იმისა, რომ ფოთლების წვის დროს გამოყოფილი ბოლი ჯანმრთელობისთვის საშიშია, მათი უმეტესი ნაწილი აღნიშნულ პრაქტიკას მაინც იყენებს.

მოსახლეობის მეორე ნაწილი ამბობს, რომ  ინფორმაცია არ აქვთ. მათი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ნაგვის მანქანებით სოფლებიდან საყოფაცხოვრებო ნარჩენები რეგულარულად გააქვთ, ფოთლების ეზოში მოგროვება და ადგილზე დაწვა მათთვის მოსახერხებელია.

იხილეთ ამავე თემაზე Knews.ge-ს მიერ მომზადებული მულტიმედია მასალა:

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია