გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ნანა კარსანიძე: - შემოქმედებითი უნარი ბუნებრივად უნდა არსებობდეს ადამიანში

კულტურა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 04 ნოემბერი 2019

ქალბატონ ნანას დიდი წარდგენა არ სჭირდება მეოცე საუკუნის მიწურულის ახალგაზრდობის წინაშე – იგი ერთ-ერთი რჩეული სტილისტი ანუ მაშინდელი პარიკმახერი იყო. მას შეეძლო წარმატებით გაეგრძელებინა თავისი საქმე და ახალი საუკუნისათვის აეწყო ფეხი. მით უფრო, რომ მძიმე წლები გამოიარა. იხსენებს შემთხვევებს, როცა სანთლის შუქზე გაუკეთებია ვარცხნილობა, ქაღალდის ალზე შეუთბია წყალი სილამაზის სალონური პროცედურებისათვის.…` - იყო გაჭირვება, რომელიც ერთმანეთის სიყვარულმა გადაგვატანინაო,~ - ამბობს ნანა.

მაინც, რატომ გაქრა ნანა კარსანიძე ოზურგეთის სალონებიდან და რა შემოქმედებით პროცესებზე ვსაუბრობთ ჩვენ?

ნანა კარსანიძე: ` _ ჩემი შვილი ბექა ცხომელიძე მომღერალია, თბილისში ერთ-ერთ პრესტიჟულ რესტორანში მღერის და კარგად ანაზღაურებადი სახეა. არის სატელევიზიო პროექტის `ნუცას სკოლა~, ფინალისტი, სადაც გურიის სახელით გამოდიოდა, აქვს მიწვევა ახალ სატელევიზიო პროექტში. აქამდის რომ მოსულიყო სწორედ ამიტომ გადავწყვიტე ოზურგეთის დატოვება და შვილთან ერთად თბილისში გადასვლა. ძალიან გამიჭირდა ამ გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ შვილის ინტერესს წინ არაფერი დაუდგება.

ნანა, დარწმუნებული ვარ ახლაც შეგიძლიათ თქვენი ოსტატობით დაამშვენოთ ადამიანი.

- ჩემთვის ხელოვნებაა ადამიანისათვის შესაფერი ვარცხნილობის შერჩევა,  თითოეულ თმის ღერს ვესათუთები. ბუნებრივად მაქვს ამის უნარი. სხვები კი აღმიზრდია, მაგრამ ვერ წარმომიდგენია როგორ შეიძლება ამის სწავლა. ეს უნდა იდოს შენში. მიყვარს თითოეული ჩემი კლიენტი. უზარმარ სითბოს ვგრძნობ მათგან ოზურგეთის ქუჩებში შეხვედრებისას. ოზურგეთი და ანასეული ჩემი ბავშვობა, ახალგაზრდობა, ცხოვრების დიდი ნაწილია და ამიტომაც მგონია, რომ ყველაზე თავისუფლად აქ ვსუნთქავ და ლაღად დავდივარ.

ბოლო პერიოდში, კი ვცადე თბილისში, სალონში დაბრუნება სამუშაოდ, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ასაკმა მომისწრო თურმე. მკითხეს ვისთვის ეძებ სამსახურსო და აშკარად ახალგაზრდას ეძებდნენ თვალით. შემრცხვა და გამოვიძურწე იქედან.~

ნანა კარსანიძე ხელმეორედ ფეისბუქზე აღმოვაჩინე. იგი დეკორატიული ხელოვნების ნიმუშებს ქმნის კანაფის ძაფით, ყავის მარცვლებით, სილიკონის წებოთი და ძველმანებით. საოცრად ლამაზი ნივთებია. ისინიEნანას მეორე შემოქმედებითი სიცოცხლით აუცილებლად დაგაინტერესებთ.

ნანა კარსანიძე: ` _ პირველი ნივთი გავაკეთე თითქოს შემთხვევით და შემდეგ დავინტერესდი ამ საქმით. ყველა ნივთი გამორჩეულად მიყვარს. მათში სიმბოლოებსა და ხასიათებს ვხედავ და ძალიან მიხარია, თუ სხვებსაც სიამოვნებს ჩემი ნაკეთობების ნახვა. პირველად ჩანახატს ვაკეთებ. ზოგჯერ მუშაობის პროცესში არ ვიცი ბოლოს რას მივიღებ. ჯერ ჰობია ჩემთვის ეს საქმე, ვიფიქრებ ჩემი პროდუქციის რეალიზაციაზეც, ვაპირებ ზღვის კენჭები შევმატო ჩემს `იარაღებს~. მძივებითაც მაქვს ამოქარგული ნახატები. მუშაობის დასრულებისას მიღებული შედეგი ორმაგი ენერგიით მმუხტავს და სტიმულს მაძლევს.

- ნანა,  უკვე საკმაოდ გაქვს  ცხოვრებისეული გამოცდილება და ყველაზე მთავარი რა გამოცდილება შეიძინე, რომელსაც გაგვიზიარებდი?

- ყველაზე მთავარი არის ურთიერთობები ადამიანებთან. ეს თუ ისწავლე ყველაფრის დალაგებას შეძლებ. მთავარი სიყვარულია. ოცდათხუთმეტი წელიწადი ვიმუშავე ოზურგეთში და მაახალგაზრდავებს, მასაზრდოებს ყოფილ კლიენტებთან, ამ ძვირფას ადამიანებთან შეხვედრა. დედობა უდიდესი მისიაა ცხოვრებაში და მადლიერი ვარ უფლის, რომ კარგი შვილის დედა ვარ. მადლობა ჩემს რაიონს, რომლის მხარდაჭერასაც სულ ვგრძნობ. მადლობა თოთოეულ ოზურგეთელს. ყველა ძალიან მიყვარს და წარმატებებს ვუსურვებ. მინდა მომრავლდეს ღიმილიანი სახეები და მეც ბედნიერი ვიქნები. 

`ასაკმა მომისწროო~ - თქვა ნანამ. ეს 60-70-იანელთა სატკივარია. ჯერ `ძალიან ახალგაზრდები~ იყვნენ, მერე `არაფერში~ აღმოჩნდნენ, მერე – უცებ `ასაკოვნები~. საქართველომ თითქოს უარი თქვა ამ თაობებზე და მაინც, მათ შეძლეს, გაძლიერდნენ, შექმნეს... 

სამომავლოდ, ნანა კარსანიძის პერსონალურ გამოფენაზე შეხვედრას ვაანონსებ და ვუსურებ წარმატებებს ახალ საქმეში.

სტატიის ვიდეოვერსია იხილეთ ფეისბუქ გვერდზე "ცოცხალი – ლივე".

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია