შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

‘დატოვეთ კომფორტის ზონა’ – ახალციხელი ნათია ჯინიუზაშვილის წარმატება ჰოლანდიაში

მულტიმედია
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 06 ნოემბერი 2019
მთელი დღე დაკავებულია, თუმცა დრო გამონახა და ვისაუბრეთ, დავიწყეთ ახალციხით. „ახლანდელი მეექვსე საჯარო და მაშინდელი მეექვსე საავტორო სკოლა დავამთავრე 2012 წელს, ოქროს მედალზე. შემდეგ 100%-იანი დაფინანსებით ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოვხვდი, საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტზე, სადაც ასევე ვიყავი უნივერსიტეტის სტიპენდიანტი. 2017 წელს ჩავაბარე თსუ-სა და შპაიერის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა ინსტიტუტის ერთობლივ სამაგისტრო პროგრამაზე, საჯარო მართვის მიმართულებით“, – გვიყვება ნათია ჯინიუზაშვილი.საქართველოში სწავლის პარალელურად მუშაობდა ერთ–ერთ ავიაკომპანიაში. სწორედ, აქედან გაუჩნდა ინტერესი განათლება ამ მიმართულებით მიეღო.ნათია ამჟამად ჰოლანდიაში, ლაიდენის უნივერსიტეტში, საჰაერო და ბიზნეს სამართლის პროგრამაზე სწავლობს. „ჩემი სწავლისა და საცხოვრებელი ხარჯების დასაფარად მივიღე სტიპენდია განათლების საერთაშორისო ფონდისაგან. ვცხოვრობ ლაიდენში, სტუდენტურ საერთო საცხოვრებელში. გადატვირთული დღის რეჟიმი მაქვს, თუმცა ვთვლი, რომ მიზნის მისაღწევად შრომაა საჭირო“, – ამბობს ის.ნათიას თქმით, გამომდინარე იქიდან რომ 2019 წლის სასწავლებლების რეიტინგების მიხედვით ლაიდენის უნივერსიტეტი ევროპის მასშტაბით მეხუთე, ხოლო მსოფლიო მასშტაბით მეოცე ადგილზეა არჩევანის გაკეთება თუ სად უნდა ესწავლა არ გაჭირვებია.ნათია ბავშვობის ოცნებებზეც გვესაუბრა – „არარეალური ოცნებები არასდროს მქონია, არც ბავშვობაში და არც ახლა. ყოველთვის მიწასთან ახლოს ვიყავი და ოცნებებიც შესაბამისი მქონდა - რეალური და შესრულებადი. ბავშვობაში დიპლომატობა მინდოდა, მიმაჩნდა რომ საინტერესო ცხოვრება ჰქონდათ, რამდენადაც ბევრ სხვადასხვა ქვეყანაში უწევდათ ცხოვრება და ბევრ საინტერესო ადამიანს ხვდებოდნენ“.ხდება ოცნებები? – ვეკითხები. „ოცნებებს გააჩნია, თუმცა ყველაფერი ასრულებადია თუ ოცნებები ფანტასტიკის ჟანრს არ განეკუთვნება. შრომა, საკუთარი შესაძლებლობების ადეკვატური შეფასება, მოთმინება და მიზანდასახულობა - ოცნების ასრულების გარანტიაა“. უყვარს მოგზაურობა.„ყოველ შესაძლებლობას ვიყენებ იმისათვის, რომ ვიმოგზაურო, ხშირად რთულია ხოლმე მეგზურების პოვნა, შესაბამისად არც მარტო მოგზაურობის წინააღმდეგი ვარ და ხშირადაც ვმოგზაურობ მარტო. ნამყოფი ვარ ამერიკაში, არაბეთის გაერთიანებულ ემირატებში, პორტუგალიაში, გერმანიაში, იტალიაში, ბელგიაში, ლატვიაში, აზერბაიჯანში, ლუქსემბურგში და თავისთავად ჰოლანდიაში“.სწავლის დასრულების შემდეგ სამშობლოში დაბრუნებას აპირებს და ამბობს: „დიდი იმედი მაქვს საქართველოში ერთ დღეს ისეთი სტაბილური და განვითარებული მდგომარეობა იქნება, რომ საქართველოს გარდა არსად მომიწევს ცხოვრება. თუ ყველა ქართველი, რომელმაც მის სფეროში წარმატებას მიაღწია ქვეყანას დატოვებს იმის გამო, რომ საკუთარი სამშობლო შესაფერისად ვერ აფასებს, ან ვერ სთავაზობს განვითარების ადეკვატურ შესაძლებლობებს, მაშინ ქვეყანა განწირულია დარჩეს იმ რესურსის გარეშე, რომელმაც გარდამტეხი და გადამრჩენი როლი უნდა ითამაშოს ქვეყნის სამომავლო განვითარებაში“.კითხვაზე თუ რას ეტყოდა თანატოლებს ასე მიპასუხა – „თანატოლებს და განსაკუთრებით გოგონებს, იმიტომ რომ ქართული სოციუმი მაინც პატრიარქალური წნეხის ქვეშაა, ვეტყოდი რომ არასოდეს დაკარგონ საკუთარი თავის რწმენა, იბრძოლონ იმისათვის, რისი მიღწევაც უნდათ. დაიმახსოვრონ რომ ჩვენი ლიმიტი, ისევ და ისევ ჩვენშია. როგორც კი გადაწყვიტავთ დატოვოთ საკუთარი კომფორტის ზონა, ცხოვრება ბევრ თავგადასავალს შემოგთავაზებთ.[გულო კოხოძე, ახალციხე]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია