შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

როგორ აფასებენ თელავში საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდებას

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 15 ნოემბერი 2019

ოპოზიციამ მასობრივი საპროტესტო აქციები მთელ საქართველოს მასშტაბით დააანონსა, თუმცა ეპიცენტრი თბილისია.

ოპოზიციის პროტესტი გუშინ პარლამენტის მიერ საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით კონტიტუციურ კანონში ცვლილებების ჩაგდებამ გამოიწვია.

პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას პირველი მოსმენით 101-მა დეპუტატმა, მათ შორის ოპოზიციონერმა კანონმდებლებმა დაუჭირეს მხარი, თუმცა საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელებას 12 ხმა დააკლდა.

საქართველოს პარლამენტში კახეთის რეგიონის 6 მაჟორიტარი დეპუტატებიდან პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას მხარი მხოლოდ თელავისა და ყვარლის მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი სესიაშვილმა დაუჭირა, თელავისა და ახმეტის მაჟორიტარი დეპუტატი გელა სამხარაული პლენარულ სხდომას არ ესწრებოდა, ხოლო დანარჩენ კანონმდებლებს კი კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ.

პარლამენტის გადაწყვეტილებას ეხმაურებიან თელავში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები. მესამე სექტორი შერეული საარჩევნო სისტემის დატოვებას უკან გადადგმულ ნაბიჯად აფასებს და ამბობს, რომ პარლამენტი მოსახლეობის უმრავლესობის ნების წინააღმდეგ წავიდა.

,,პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა საქართველოს მოსახლეობის სურვილს, გადასულიყო პროპორიული არჩევის წესზე, მაშინ როცა აქციების პარალელურად მთავრობის მხრიდან დაანონსდა მზაობა 2020 წელს პარლამენტის არჩევნები ჩატარებულიყო პროპორციული სისტემით’’,- განუცხადა Knews.ge-ს ლიკა იმერლიშვილმა.

პროპორციულ საარჩევნო სისტემას ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ერთადერთ გზად აფასებს ,,სამოქალაქო მოძრაობის’’ კახეთის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი.

ნინო გოგოლაშვილის განცხადებით, ძალიან მნიშვენლოვანია ხალხმა არ დათმოს ხელისუფლების მიერ გაჟღერებული დაპირება, რომ 2020 წელს პარლამენტის არჩევნები ჩატარდებოდა პროპორციული სისტემით.

,,პროპორციული სისტემა და მრავალპარტიული პარლამენტი ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითრების ერთდერთ გზად რჩება. ქართველი ხალხი არ დათმობს ამ სისხლით მოპოვებულ დაპირებას და გაზულუქებულ ფეოდალებს არ დავუთმობთ არაფერს. ამ ქვეყნის განვითარება შეუქცევადი პროცესია. რუსთაველზე მივდივარ აქციაზე დასასწრებად და იქ ვიდგები საერთო მიზნის მიღწევამდე’’,- აღნიშნა knews.ge-სთან საუბრისას ნინო გოგოლაშვილმა.

თელავის დემოკრატიის სკოლის ხელმძღვანელი კი საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტის ჩაგდებას საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატების ნაწილის პირად ინტერესებს უკავშირებს.

ნიკოლოზ შარვაშიძე აღნიშნავს, რომ პარლამენტის გუშინდელი გადაწყვეტილება ქვეყნის განვითარებაზე მკვეთრად უარყოფითად აისახება.

,,პარლამენტმა გასული რამდენიმე თვის განმავლობაში ჩაატარა საკონსტიტუციო სახალხო განხილვები, სადაც მოსახლეობას უხსნიდნენ, რომ პროპორციული სისტემა მნიშვნელოვანი და საჭიროა ქვეყნისთვის. მათ შორის დეპუტატებიც აქტიურად ესწრებოდნენ ამ განხილვებს და მონაწილეობას იღებდნენ საერთაშორისო პარტნიორებთან შეხვედრებში. მაშინ არცერთ მათგანს განსხვავებული აზრი არ დაუფიქსირებია ამის შესახებ. დღეს კი მათ ამ ცვლილებებს მხარი არ დაუჭირეს იმ მიზეზით, თითქოს ქვეყანა არასტაბილურობას და პოლიტიკურ კრიზისებს გადაარჩინეს.

ჩემი აზრით, ისინი არიან სრულიად უპრინციპოები, რომლებსაც საკუთარი გავლენისა და პირადი კეთილდღეობის გარდა, სხვა არანაირი ინტერესი არ აქვთ და სწორედ ასეთი ქმედებით უქმნიან ქვეყანას კრიზისს, რომელიდანაც გამოსვლა შესაძლოა ქვეყანას საკმაოდ ძვირი დაუჯდეს და ბევრი მნიშვნელოვანი პროცესი გადავადდეს და გაიწელოს დროში.

დარწმუნებული ვარ მათი ნაწილი წავა პოლიტიკიდან და არც თუ ისე კარგი სახელით და ქმედებით, რომლებმაც პირად ინტერესს გადააყოლეს ამ ქვეყნის მომავალი სწორი პოლიტიკური განვითარება’’,- აცხადებს knews.ge-სთან საუბრისას ნიკოლოზ შარვაშიძე.

საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტის ჩაგდებასთან დაკავშირებით16-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ ერთობლივი განცხადება გაავრცელა. მესამე სექტორი ბიძინა ივანიშვილსა და „ქართულ ოცნებას” მოუწოდებს, გაიაზრონ ის მძიმე პოლიტიკური კრიზისი, რომელშიც ქვეყანა შევიდა.

არასამთავრობო ორგანიზაციები მოითხოვენ, მთავრობამ მიიღოს ყველა პოლიტიკური ზომა კრიზისის დასაძლევად, რომლის ერთადერთ და უალტერნატივო გზად პარლამენტის მიერ სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემის დაუყოვნებლივ მიღება წარმოადგენს.

საპარლამენტო უმრავლესობის 93 დეპუტატის მიერ შემუშავებული კანონპროექტი კონსტიტუციაში ცვლილებებს ითვალისწინებს, რომლის მიხედვითაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული საარჩევნო სისტემითა და ნულოვანი ბარიერით ჩატარდება.

საკონსტიტუციო ცვლილებები კონსტიტუციური კანონის გარდამავალ დებულებებში ხორციელდება. პროექტის მიხედვით, ამოღებულია ჩანაწერი3%-იან საარჩევნო ბარიერსა და ასევე, პოლიტიკური პარტიების საარჩევნო ბლოკებზე.

კონსტიტუციური კანონის გარდამავალ დებულებებში გაწერილი ფორმულის მიხედვით, იმისათვის, რომ განისაზღვროს რამდენი მანდატი მიიღო პარტიამ, მის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა150-ზე გამრავლდება და არჩევნებში მონაწილე ყველა პარტიის მიერ მიღებული ხმების ჯამზე გაიყოფა. მიღებული მთელი რიცხვი პარტიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობა იქნება.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია