სამცხე-ჯავახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ადიგენში ნაეკლესიარის აღდგენა უნებართვოდ დაიწყეს [ფოტო]

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 13 ნოემბერი 2019
წყისეს ნასოფლარზე არსებული ისტორიული ძეგლის ირგვლივ სამუშაოების უნებართვოდ დაწყების შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში არქეოლოგმა გიორგი ჩილინგარაშვილმა გაავრცელა. ამბობს, რომ ამის შესახებ მანაც შემთხვევით გაიგო: „რამდენიმე დღის წინ, დაზვერვებზე, ერთმა მწყესმა მითხრა ტრაქტორი თხრიდაო და მეც დაფეთებული გავვარდი და ეს სურათი დამხვდა. აშკარად ეტყობა ჩვენი წმინდა ეკლესიის ხელწერა.როგორც ჩანს, ეკლესიის აღდგენა განუზრახავთ და ამისთვის ჯერ პირველი ნაბიჯები გადაუდგამთ და სასმელი წყალი მიუყვანიათ“, - წერს გიორგი.მისივე თქმით, ტერიტორია გადათხრილია ტექნიკით, ხოლო არქეოლოგიური ფენები დაზიანებულია: „მთელი ტერიტორია ტრაქტორით არის გადათხრილი და ზედაპირზეა ამოყრილი მოჭიქული, მოუჭიქავი, მოხატული, შეღებილი და სადა კერამიკა. მიმოფანტულია ადამიანის ძვლები, ნაწილი შეუგროვებიათ ხის ყუთში! ეკლესიასთან ახლოს ორმოა გაკეთებული, სადაც ჭრილში ჩანს ნაცროვანი ფენა!“.კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, რომ ნაეკლესიარის აღდგენის ინიციატორი ადგილობრივი მართლმადიდებელი სასულიერო პირია, რომელსაც სააგენტოსგან თანხმობის აუცილებლობის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა.„ისევ საქმე გვაქვს იმასთან, რომ ადგილობრივი სასულიერო პირი, გაუთვითცნობიერებელი იყო ამ პროცედურებში. არ ვიცოდი თუ ამ ყველაფერს შეთანხმება სჭირდებოდაო. შევაჩერებინეთ პროცესი. მივეცით გაფრთხილება, რომ სამუშაოები უნდა შეთანხმდეს“, - აცხადებენ სააგენტოში. მათივე თქმით, არასწორად წარმართულმა სამუშაოებმა არქეოლოგიური ფენები ნამდვილად დააზიანა: „გაკეთებულ თხრილში თონის პატარა სეგმენტებია აღმოჩენილი. მოჭიქული კერამიკის ფრაგმენტებია და სავარაუდოდ, არქეოლოგიური შესწავლა დასჭირდება ამ ტერიტორიას“. ნაეკლესიარზე სამუშაოებს უდელი სასულიერო პირი, დეკანოზი ტიმოთე ჩილაშვილი აწარმოებდა: „აღდგენა ჯერ არ დაგვიწყია ოფიციალურად, მარტო ბუჩქები დავჭერით. მომავალ წელს დავიწყებთ. ნამდვილად არ ვიცოდი, რომ ნებართვა იყო საჭირო და ავიღებთ ახლა მაგასაც. სააგენტოდან იყვნენ მოსულები და თქვეს, მომავალ წელს ჩვენ შეგვეკითხეთ და ხელი არაფერს მოკიდოთო. ეპისკოპოსი ჩაერია ამ საქმეში. ჯერ-ჯერობით შევაჩერეთ. ახლა ქვები იხერხება და გვინდა რომ წელს ტრანსფორმატორი დავდგათ“. სასულიერო პირის თქმით, ტაძრის აღდგენას სამცხე-ჯავახეთის ყოფილი გუბერნატორი, ნუგზარ პარუნაშვილი დააფინანსებს: „მას უნდა რომ აღადგინოს ეს ეკლესია, თქვა ყველაფერს გავაკეთებო. აპირებს გალავნის და მღვდლის სახლის გაკეთებასაც. ამას უნდა დაახლოებით ორი წელი“. როგორც არქეოლოგი გიორგი ჩილინგარაშვილი ამბობს, ამ ნაეკლესიარს მწყემსები „ნასაყდრალს“ ეძახიან, მისი ზუსტი ტოპონიმი მისთვის უცნობია. ძეგლი სოფელ უდესა და ზაზალოს შორის, წყისეს ნასოფლარიდან დაახლოებით 500 მეტრში მდებარეობს.გიორგი ჩილინგარაშვილის ფოტოები [თაკო ფექირიშვილი, ადიგენი]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია