შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

‘ქვეყანა მზად არაა პროპორციული სისტემისთვის’ – დეპუტატები სამცხე–ჯავახეთიდან

პოლიტიკა
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 15 ნოემბერი 2019
სამცხე–ჯავახეთიდან პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტს მხარი მხოლოდ გედევან ფოფხაძემ დაუჭირა.ახალქალაქი–ნინოწმინდის დეპუტატი ენზელ მკოიანი პროპორციული საარჩევნო სისტემის წინააღმდეგია, ხოლო ადიგენი–ახალციხის მაჟორიტარმა გიორგი კოპაძემ და „ქართული ოცნების“ პარტიული სიით პარლამენტში შესულმა სამველ მანუკიანმა, კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს.ენზელ მკოიანმა „სამხრეთის კარიბჭესთან“ მიცემულ ინტერვიუში სამი მიზეზი დაასახელა, რის გამოც კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა. მისი თქმით, ერთ–ერთი მთავარი მიზეზი კი ისაა, რომ პროპორციული სისტემა ჯავახეთში მცხოვრებლებს არ მოსწონთ.„ნინოწმინდის და ახალქალაქის სოფლების 70%–ს არ უნდა მაჟორიტარული სისტემის გაუქმება. ადგილობრივებს ვხვდები, ამის მოწმეებიც მყავს. მეუბნებიან რომ თუ რამე პრობლემა ექნებათ ურჩევნიათ მაჟორიტარს მიაკითხონ. თბილისში ხომ არ წავალთ და პარლამენტის თავმჯდომარეს ან პრემიერ–მინისტრს ხომ არ ვეტყვითო. ვფიქრობ, რომ მე ხალხისთვის არ უნდა მეღალატა. მერე მეტყოდნენ, ჩვენ ხმა მოგეცით, შენ კიდევ ბოლო მომენტში გვიღალატეო“, – ამბობს მკოიანი.მკოიანი, ასევე აღნიშნავს, რომ პროპორციული სისტემის არსებობის შემთხვევაში პარლამენტში სრული ქაოსი იქნება და ეს რიგი საკითხების გადაწყვეტაში ხელის შემშლელი ფაქტორია: „მახსოვს 1993–94 წლებში, როცა საქართველოს პარლამენტში 17 პარტია იყო შესული, ქაოსი იყო“.მესამე მიზეზად კი რამდენიმე ქვეყნის მაგალითი დაასახელა: „ძალიან ცოტა ქვეყანაშია პროპორციული სისტემა და იქაც არ მუშაობს კარგად. მაგალითად, მოლდოვა გადავიდა პროპორციულზე და უყურეთ, ქვეყანა უკან წავიდა. იტალიაში მაჟორიტარული იყო, შემდეგ გადავიდნენ პროპორციულზე და ახლა უკან დააბრუნეს“, – განმარტავს მკოიანი.„მე ვთვლი, რომ შერეული სისტემა უკეთესია. მხოლოდ ერთს გეტყვით, რომ ჩვენი ქვეყანა ჯერ მზად არაა პროპორციული სისტემისთვის“, – განაცხადა კოპაძემ.მანუკიანი კი ფიქრობს, რომ სწორი გადაწყვეტილება მიიღო: „შეიძლება ეს ვიღაცისთვის არასწორი იყოს, მაგრამ მე ის გადაწყვეტილება მივიღე, რაც ჩემი რეგიონისთვისაა საჭირო“.გუშინ, 14 ნოემბერს პარლამენტმა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტი ჩააგდო. 101 მომხრე, სამი წინააღმდეგი, კანონპროექტის მისაღებად 113 ხმა იყო საჭირო.კანონპროექტის ჩაგდების შემდეგ პარლამენტის წინ მთელი ღამის განმავლობაში აქცია მიმდინარეობდა. უმრავლესობა დატოვეს „ოცნების“ დეპუტატებმა. „პატრიოტთა ალიანსი“ კი პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასასვლელად საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირების მიზნით, დეპუტატების ხელმოწერების შეგროვებას იწყებს. საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირებას 76 დეპუტატის ხელმოწერა სჭირდება.[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია