შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ხელისუფლებისადმი ნდობის დაკარგვა და ბოლო ათწლეულის მანძილზე უცვლელი პრობლემები - IRI-ის მასშტაბური კვლევა საპროტესო აქციების შემდეგ

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 19 ნოემბერი 2019

 

 

პირველი კვლევის მიხედვით, რომელიც საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა საქართველოში 2019 წლის ივნისის ანტი-რუსული საპროტესტო აქციების შემდეგ ჩაატარა, ხელისუფლებისადმი ნდობის მაჩვენებელმა საგრძნობლად დაიკლო. არცერთ პარტიას არ გააჩნია გამოკვეთილი უპირატესობა მომავალი არჩევნებისთვის, თუმცა, არსებობს ამომრჩევლის მოზიდვის პოტენციალი ეკონომიკური პრობლემების წინ წამოწევით, რაც კვლავაც საქართველოს მოქალაქეების მთავარ პრობლემად რჩება.

„ეკონომიკა და უმუშევრობა საქართველოს მაცხოვრებელთათვის ყველაზე დიდ პრობლემას წარმოადგენს ბოლო ათწლეულის განმავლობაში, თუმცა, ქვეყნის პოლიტიკური პარტიების მხრიდან ამ პრობლემების მიმართ ყურადღება არ არის გამახვილებული. პარტიების ლიდერებს აქვთ შესაძლებლობა, შეიმუშაონ დეტალური პროგრამები და პლატფორმები, რომლებიც სწორედ მოსახლეობისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემების გადაჭრაზე გააკეთებს აქცენტს“ - განაცხადა სტივენ ნიქსმა, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის ევრაზიის განყოფილების დირექტორმა.

რესპოდენტების 80 %-მა ქვეყნის მასშტაბით უმთავრეს პრობლემებად დაასახელა უმუშევრობა, საცხოვრებელი ხარჯები და სიღარიბე. ზემოაღნიშული, ასევე, წარმოადგენს ყველაზე მთავარ პრობლემებს პიროვნულ დონეზეც. 50%-ის შეხედულებით, უმუშევრობა, დაბალი ხელფასები, სიღარიბე და ზოგადი ეკონომიკური მდგომარეობა არის მათი ოჯახებისთვის წუხილის ძირითადი მიზეზი. გარდა ამისა, რესპოდენტთა უმრავლესობა (59%) ეკონომიკურ პრობლემებს ყველაზე დიდ წინაღობად მიიჩნევს საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის.

ამ წელს ხელისუფლებამ გასცა დაპირება, შერეული საარჩევნო სისტემა პროპორციული სისტემით შეეცვალა. საქართველოს მოსახლეობის 78%, რომელსაც სმენია სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ საპარლამენტო არჩევნებისთვის, ემხრობა აღნიშნულ ცვლილებას. გარდა ამისა, გამოკითხულთა 78% მიიჩნევს, რომ სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლა დადებითად იმოქმედებს საქართველოს დემოკრატიულ განვითარებაზე.

მაშინ, როცა საპარლამენტო არჩევნებამდე ერთ წელზე ნაკლები დრო რჩება, მთავარი უპირატესობის მქონე ძალა ჯერ კიდევ არ არის გამოკვეთილი. იქიდან გამომდინარე, რომ ამომრჩეველთა 61% არჩევნებისთვის ეკონომიკურ პროგრამაზე აკეთებს აქცენტს, ხოლო ერთი მესამედი ჯერ ისევ გადაუწყვეტელია იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ იქნება მათი პირველი არჩევანი, იმ პოლიტიკურ პარტიებს, რომლებიც შეიმუშავებენ თანმიმდევრულ და მიმზიდველ ეკონომიკურ პლატფორმას, ყველაზე დიდი შანსი ექნებათ, შექმნან საპარლამენტო უმრავლესობა.

ნატო-ში ინტეგრაციის მხარდამჭერთა რაოდენობა საქართველოში, ბოლო ექვსი თვის მანძილზე, 68%-დან 71%-მდე გაიზარდა, ხოლო ევროკავშირში გაწევრიანების მომხრეთა რაოდენობა - 75%-დან 80%-მდე. ეს მხარდაჭერა, ძირითადად, განპირობებულიაუსაფრთხოებითა და ეკონომიკური სარგებლით, რაც მოსახლეობისთვის ნატო-სა და ევროკავშირში ინტეგრაციასთან ასოცირდება.

მეთოდოლოგია

წინამდებარე კვლევის საველე სამუშაოები ჩაატარა კვლევისა და მარკეტინგის ინსტიტუტმა (IPM), 2019 წლის 11 სექტემბრიდან 14 ოქტომბრის ჩათვლით. კვლევას კოორდინაციას უწევდა კვლევითი კომპანიის „ბალტიის კვლევები/გელაპის ორგანიზაციის“ წარმომადგენელი, დოქტორი რასა ალისაუსკიენე, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის დაკვეთით. კვლევა განხორციელდა პირისპირ ინტერვიუს მეთოდის გამოყენებით რესპოდენტების საცხოვრებელ სახლებში. კვლევაში მონაწილეობა მიიღო საარჩევნო ხმის უფლების მქონე საქართველოს 1500-მა მაცხოვრებელმა, 18 წლის ასაკიდან. შერჩევა არის წარმომადგენლობითი და ზუსტად ასახავს საქართველოს მთლიან მოსახლეობას ასაკის, სქესის, რეგიონისა და სიდიდის გათვალისწინებით. გამოყენებული იქნა მრავალსაფეხურიანი ალბათობის მეთოდი, შემთხვევითი მარშრუტისა და შემდგომი დაბადებისდღის მქონე რესპოდენტის შერჩევის კრიტერიუმით.

წინამდებარე კვლევის ჩატარება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის უანგარო მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით. კვლევაში გამოთქმული შეხედულებები ეკუთვნის კვლევის ავტორ(ებ)ს და შესაძლოა, არ გამოხატავდეს აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID) ან/და აშშ-ის სახელმწიფოს ხედვებს.

 

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია