შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანია დაიწყო

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 25 ნოემბერი 2019
25 ნოემბერს, ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეა, საიდანაც იწყება 16 დღიანი კამპანია გენდერული ძალადობის წინააღმდეგ. კამპანია 10 დეკემბერს, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს დამთავრდება. იგი მიზნად ისახავს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ქალთა მიმართ ძალადობის თვალსაზრისით ქვეყანაში არსებულ გამოწვევებსა და პრობლემებზე.კამპანიის ძირითადი თემა წელს სექსუალურ შევიწროებას უკავშირდება. საქართველოს ომბუდსმენის ინფორმაციით, მიმდინარე წელი მნიშვნელოვანი იყო სექსუალური შევიწროების საკანონმდებლო რეგულირების და შესაბამისი პრაქტიკის განვითარების მხრივ. ქალთა მიმართ ძალადობის ერთ-ერთი ფორმის - სექსუალური შევიწროების შესახებ ბოლო წლებში მიმდინარე აქტიური მსჯელობის შედეგად, 2019 წლის 19 თებერვალს სექსუალური შევიწროება აიკრძალა საკანონმდებლო დონეზე და დისკრიმინაციის ერთ-ერთ ფორმად გაიწერა. ამასთან, ამავე წლის 3 მაისის ცვლილებებით, საჯარო სივრცეში ჩადენილი სექსუალური შევიწროება მიჩნეულ იქნა სამართალდარღვევად, რაზეც მანდატი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიენიჭა. კანონმა სექსუალური შევიწროება განსაზღვრა როგორც სექსუალური ხასიათის არასასურველი ფიზიკური, სიტყვიერი ან არასიტყვიერი ქმედება, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს პირის ღირსების შელახვას ან მტრულ გარემოს უქმნის მას.სახალხო დამცველის პრაქტიკის თანახმად, სექსუალური შევიწროება ქალთა მიმართ ძალადობის ერთ-ერთი ყველაზე დაფარული ფორმაა, რომლის ყველაზე მეტ სავარაუდო შემთხვევას შრომით ურთიერთობებში აქვს ადგილი. როგორც წესი, მსხვერპლი ქალები სამართლებრივი დაცვის საშუალებებს მხოლოდ სამსახურის დატოვების შემდეგ მიმართავენ. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ სამართლებრივ კონტექსტთან ერთად, სექსუალური შევიწროების შემთხვევებს თან ახლავს ფსიქო-სოციალური ასპექტები, რომლებიც არსებითად განაპირობებს ინციდენტის შემდეგ მსხვერპლის ქცევას, მის მოწყვლადობას და გადაწყვეტილებას სამართლებრივი რეაგირების შესახებ.[sknews.ge]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია