მსახიობი და დირიჟორი ირაკლი ჩოლოყაშვილი მიმდინარე პოლიტიკურ ამბებზე თავის შეხედულებებს გვიზიარებს, თვლის, რომ შემოქმედებითი კუთხით სიახლეები, მუსიკა და თეატრი მაშინაა კარგი და სასურველი, როცა ქვეყანაში დალაგებული სიტუაციაა და ადამიანებს შვილების მომავალი სადარდებელი არ აქვს. აღნიშნავს, რომ თვითონ მალე, რამდენიმე თვეში მეოთხე შვილს ელოდება.
როცა გინდა, რომ შენს სამშობლოში მშვიდობა იყოს და არ არის, ძნელია, პასიურად, გულხელდაკრეფილი იჯდე და არ იაქტიურო, ამიტომ, როგორც შემიძლია, აქციებზეც დავდივარ ხოლმე და ვცდილობ, მაყურებლის როლში არ ვიყო. ვთვლი, რომ ქვეყანა გადასარჩენია და მეც შესაბამის ადგილას უნდა ვიდგე.
დიდი ამოცნობა არ სჭირდებოდა იმას, რომ „ქართული ოცნება“ თავიდანვე შენიღბული „რუსული ოცნება“ იყო. ჩემი მხრიდან რაც შემეძლო, ვცდილობდი, მათთვის ეს ნიღაბი ჩამომეხსნა, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ეს პარტია თვითონვე შევიდა ჩიხში და ბიძინა ივანიშვილი ისევე იქცევა, როგორც ადრე ასლან აბაშიძე. ეს კი ქვეყანას არ წაადგება. ხვალ თუ ზეგ ეს ყველაფერი დამთავრდება და მას მაინც მოუწევს ხელისუფლების დათმობა, რიგგარეშე არჩვენების გზით, თუ პროტესტის ფონზე. ახლა კი სიტუაცია ხელოვნურად იძაბება, რადგან მისავე დანაპირები პროპორციული არჩევნები, თვითონვე წაიღო უკან. მომხრეებიც აღარ ჰყავს. ხვალვე რომ თქვან, მოდი, პროპორციული არჩევნები დავნიშნოთო, ყველაფერი ჩაცხრება და იმ 2020 წლის არჩევნებამდე მშვიდად მივალთ.
გვახსოვს, პირველ და მეორე ტურში არჩევნები როგორც ჩატარდა, რამდენად ობიექტური იყო, ეს მკითხველს მივანდოთ და შარშან, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თბილისში, ზოგიერთ რაიონში იმაზე მეტი აიღო, ვიდრე მაშინ, როცა ხელისუფლებაში იყო. პაექრობის ველი რამდენად თანაბარია ყველასთვის და არჩევნები როგორ გარემოში ტარდება, რა პირობებში, ამას რომ თავი დავანებოთ, ფაქტია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არჩევნებიდან არჩევნებამდე სულ უფრო მეტ ხმას იღებს. ოპოზიციური სპექტრი დღითიდღე ძლიერდება.
„ქართულ ოცნებას“ რატომ ტოვებენ? იმიტომ, რომ მიხვდნენ, ეს წარსულის საქმეა და დღეს თუ არა, ხვალ თავის მოღვაწეობას მაინც დაასრულებს. ყოველ შემთხვევაში, სახელისუფლო ძალა აღარ იქნება. ვინც პრაგმატულად აზროვნებს, ცდილობს, პერსპექტივა დაიტოვოს და მომავალში სამსახური ჰქონდეს. არავის უნდა, ბიძინას ბოლო დამცველი რომ იყოს."- აცხადებს ჩოლოყაშვილი.