შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ეუთოს 15 ქვეყნის განცხადება: მოვითხოვთ ვაჟა გაფრინდაშვილის სასწრაფოდ გათავისუფლებას

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 07 დეკემბერი 2019

მოვითხოვთ ვაჟა გაფრინდაშვილის სასწრაფოდ გათავისუფლებას! - ეუთო-ს მინისტერიალის ფარგლებში, საქართველოს მეგობართა ჯგუფმა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის შესახებ ერთობლივი განცხადება მიიღო.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში წერია, რომ საქართველოს მეგობართა ჯგუფი საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობის სრულ მხარდაჭერას უცხადებს.

„შეშფოთებული ვართ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით და ხაზგასმით აღვნიშნავთ კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების საჭიროებას. მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეასრულოს ევროკავშირის შუამდგომლობით მიღწეული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები. მოვუწოდებთ რუსეთს, უკან წაიღოს საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება.

შეშფოთებული ვართ რუსეთის, სოხუმისა და ცხინვალის რეჟიმების გახშირებული პროვოკაციებით, ოკუპაციის არეალის გაფართოების მცდელობით, „საგუშაგოების“ მშენებლობით სოფელ ჩორჩანის სიახლოვეს, საქართველოს მთავრობის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, მავთულხლართებისა და სხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვით სოფელ ატოცსა და გუგუთიანთკარში და ე.წ. გადასასვლელი პუნქტების გრძელვადიანი დახურვით.

შეშფოთებული ვართ ქართველი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავებით და მოვითხოვთ მის სასწრაფოდ გათავისუფლებას.

ახლახანს ახალგორის რაიონში მცხოვრები მარგო მარტიაშვილის გარდაცვალება კიდევ ერთი ტრაგიკული ილუსტრაციაა ადგილობრივი მოსახლეობის გადაადგილების თავისუფლების მუდმივი შეზღუდვით გამოწვეული მძიმე შედეგების.

შეშფოთებული ვართ 2019 წლის 24 ოქტომბერს სამხრეთ ოსეთის რეგიონის ე.წ. უსაფრთხოების ძალების წარმომადგენლების მიერ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მონიტორების დაკავებით

ყურადღებით ვადევნებთ თვალს საქართველოს მოქალაქის, ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალების საქმეს. ვგმობთ საქართველოს მოქალაქეების, არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიასა და დავით ბაშარულის მკვლელობებს

მხარს ვუჭერთ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებს, რომელიც წარმოადგენს ერთადერთ და მნიშვნელოვან ფორმატს, რუსეთსა და საქართველოს შორის არსებული მოუგვარებელი კონფლიქტიდან მომდინარე უსაფრთხოების, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული გამოწვევების გადასაჭრელად.

გამოვხატავთ მხარდაჭერას ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმებისადმი

ჩვენ აღვნიშნავთ რუსეთის ფედერაციასთან საქართველოს მთავრობის დიალოგის პოლიტიკას, რომელიც მიმართულია დაძაბულობის დეესკალაციისკენ საქართველოს სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობის სრული პატივისცემით.

აღვნიშნავთ, გაერო-ს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიის ფარგლებში საქართველოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას, რომელიც გაიმართა შვეიცარიის კონფედერაციის ინიციატივითა და შუამდგომლობით.

ვუცხადებთ მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივას - „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“

მოვუწოდებთ ეუთო-ს საქართველოში არსებული კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარებაში ჩართულობისკენ, “ - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ საქართველოს მეგობართა ჯგუფის ქვეყნები გააგრძელებენ კონფლიქტზე და ადგილზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ცნობადობის ამაღლებას და ზეწოლას რუსეთზე, რათა მან შეასრულოს დაკისრებული ვალდებულებები.

აღნიშნული განცხადება ბულგარეთის, კანადის, ჩეხეთის რესპუბლიკის, ესტონეთის, ფინეთის, ირლანდიის, ლატვიის, ლიეტუვას, ნორვეგიის, პოლონეთის, რუმინეთის, შვედეთის, უკრაინის, გაერთიანებული სამეფოსა და ამერიკის შეერთებული შტატების სახელით გაკეთდა.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია