შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

გომისმთას მიენიჭოს დასახლებული პუნქტის სტატუსი და შევიდეს შემოქმედის ადმინისტრაციულ ერთეულში

საზოგადოება
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 06 დეკემბერი 2019

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის სათათბირო ორგანოს სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს მორიგი სხდომისას, ოზურგეთის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, დამსწრეებმა კურორტ გომისმთაზე უკანონო მშენებლობების საკითხის განიხილეს და მდგომარეობიდან გამოსვლისა და პრობლემების დარეგულირების მიზნით ადგილობრივი ხელისუფლებისათვის რეკომენდაციები შეიმუშავეს.;

კერძოდ - რეკომენდაცია: მივმართოთთ მუნიციპალიტეტს, რათა საქართველოს მთავრობასთან წარმართოს აქტიური კომუნიკაცია ზემოთხსენებული საკითხების დაჩქარებასთან დაკავშირებით, მიენიჭოს კურორტს დასახლებული პუნქტის სტატუსი და შევიდეს შემოქმედის ადმინისტრაციულ ერთეულში.

მთავარმა მომხსენებელმა,  საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ოზურგეთის ოფისის ხელმძღვანელი, თამაზ ტრაპაიძე, მოკლედ ისაუბრა კურორტის ღირსებებზე. აღნიშნა, რომ მიესალმება გომისმთის განაშენიანებას და მოხარულია, რომ საზოგადოებას აქვს ამ შესაძლებლობის გამოყენების საშუალება. თუმცა ეს პროცესი ქაოტურად მიმდინარეობს. დღესდღეობით არ არსებობს არანაირი სამართლებრივი მექანიზმი, რომელიც დაარეგულირებდა ხსენებულ ტერიტორიაზე განაშენიანების პროცესს. მომხსენებლის გამოსვლას მოჰყვა საბჭოს წევრთა ჩართულობა, რომლებმაც გამოხატეს საკუთარი მოსაზრებები საკითხთან დაკავშირებით:

"ხსენებული პრობლემის საფუძველი არის ის, რომ ქონება ეკონომიკის სამინისტროს საკუთრებაა”-განაცხადა სათათბიროს წევრმა მინდია სალუქვაძემ.

გრიგოლ მახარაძე: სათათბიროს თავმჯდომარე: "მუნიციპალიტეტს ჰქონდა ტენდერი გამოცხადებული გომის მთის გენგეგმის შემუშავების თაობაზე, მაგრამ ვერ მოხდა მისი დამტკიცება მასში არსებული ხარვეზების გამო. მუნიციპალიტეტიდან გაგზავნილია მოთხოვნა საქართველოს მთავრობაში, რომ გომისმთა შევიდეს შემოქმედის ტერიტორიული ერთეულში"

თუმცა, მან ასევე აღნიშნა, რომ გენგეგმის მიღებამდე რაღაც იურიდიული საფუძველი უნდა შეიქმნას, რაც მშენებლობის დარეგულირებისთვის საფუძველს შექმნის.

ზვიად ერაძე; სათათბიროს წევრი: - რეკომენდაციით უნდა მივმართოთთ მუნიციპალიტეტს, რათა წარმართოს აქტიური კომუნიკაცია ზემოთხსენებული საკითხების დაჩქარებასთან დაკავშირებით, მიენიჭოს დასახლებული პუნქტის სტატუსი და შევიდეს შემოქმედის ადმინისტრაციულ ერთეულში.

ხსენებული საკითხის ირგვლივ დისკუსიის დროს გაჟღერდა სხვადასხვა მოსაზრება, მათ შორის: ა) გამოვლინდნენ ის ადამიანები ვისაც ადრე ჰქონდა სახლები (2007 წლამდე) და მათი სახლები მიჩნეულ იქნან, როგორც კანონიერი მშენებლობა, ხოლო უკანასკნელი წლების განმავლობაში აშენებული სახლები მიჩნეულ იქნას უკანონოდ. ბ)ზოგიერთი მონაწილე მიიჩნევდა, რომ ბოლო პერიოდში აშენებული სახლები უნდა დაინგრეს და ამ გზით ხელი შეეშალოს უკანონო მშენებლობის პროცესს. გ)კანონიერ და უკანონო მშენებლობებს შორის დიფერენცირება ადვილად მოხდება გენგეგმის შემუშავების შემდეგ (ძველად აშენებული სახლები დატანილი იქნება რუკაზე, ხოლო ახლები კი არა).

შეხვედრას შემოუერთდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე შარაშენიძე და ჩაერთო საკითხის ირგვლივ დისკუსიის პროცესში. მან აღნიშნა, რომ თემა მტკივნეულია, რადგან სამართლებრივად არანაირი ბერკეტი არ გაგვაჩნია. არანაირი კერძო საკუთრება მიწის სახით გომისმთაზე არ არსებობს, არსებობს მხოლოდ სახლები. მან ასევე ისაუბრა გენგეგმის აუცილებლობის შესახებ. დასძინა, რომ როცა მოვლენები დამშვიდდება ქვეყანაში პარლამენტის თავმჯდომარეს მივმართავთ, რატა დაიძრეს პროცესები და შედეგი დროულად მივიღოთ. მან ასევე თქვა, რომ მიუხედავად იმისა, რომ მისი უშუალო დავალებით ზედამხედველობის სამსახურის მიერ არაერთგზის ხდება პროცესის კონტროლი, ვერანაირ ქმედებას ვერ ახორციელებს. უკანონ მშენებლობა ჯარიმდება 20 000 ლარით და აქედან გამომდინარე ხსენებული ტარიფით დაჯარიმება ადამიანების, რომლებიც ფიცრულს აშენებენ, უსამართლო და გაუმართლებელი იქნება. ბატონმა კონსტანტინემ აღნიშნა, რომ განაშენიანების გეგმა საშუალებას მოგვცემს გამოისყიდონ ის მიწა რომელზეც არის დამაგრებული სახლი, ხოლო პრობლემა შეექმნებათ იმ პიროვნებებს ვისი სახლებიც ისეთ ტერიტორიაზე იქნება, სადაც განაშენიანება არ იქნება ნებადართული. ბატონმა კონსტანტინემ, ასევე წუხილი გამოთქვა, რომ დეცენტრალიზაცია არის სიტყვიერი. პატარა თავისუფალი მიწაც თუ აღმოაჩინა ეკონომიკის სამინისტრომ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, მაშინვე ირეგისტრირებს, მუნიციპალიტეტს არ უტოვებს და სწორედ ამის შედეგია ზემოთხსენებული პრობლემა.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის სათათბირო ორგანოს სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს  სხდომა ამ დღეებში ოზურგეთის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა.

გრიგოლ მახარაძე, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის ოზურგეთის ოფისის კოორდინატორი, მერის სათათბირო ორგანოს სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე.

თამარ ღლონტი, გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრის აღმასრულებელი დირექტორი, მერის სათათბირო ორგანოს სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს მდივანი.

ესწრებოდნენ: საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირის წარმომადგენელი ირაკლი პაპავა, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ოზურგეთის ოფისის ხელმძღვანელი თამაზ ტრაპაიძე, ოზურგეთის ღვაწლმოსილი მოქალაქე კონსტანტინე შავიშვილი, კერძო ბიზნესის წარმომადგენელი ალექსანდრე ტუღუში, პედაგოგი ხათუნა თოიძე, გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრის გამგეობის თავმჯდომარე ზვიად ერაძე, გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრის აღმასრულებელი დირექტორი თამარ ღლონტი(მერის სათათბირო ორგანოს სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს მდივანი), მეწარმე ოლეგ გობრონიძე, „პროგრესის სახლისგამგეობის თავმჯდომარე მინდია სალუქვაძე. სხდომას ასევე ესწრებოდა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხებით დაინტერესებული პირები კახა ვასაძე, ნატო მუჯირი, დავით გურული და ოთარ რევიშვილი.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია