საქართველო – აზერბაიჯანის საზღვართან დაჭრილი საქართველოს მოქალაქე 26 წლის რამინ ბაქიროვია. ის საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში ცხოვრობს.
ბაქიროვი საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან ახლოს მდებარე ფერმაში მწყემსად მუშაობდა.
ბაქიროვის ოჯახის წევრების ინფორმაციით, რამინს აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა გაუფრთხილებლად მაშინ ესროლეს, როდესაც მას რამდენიმე სული ცხვარი საზღვრისკენ გაექცა და მათ მობრუნებას ცდილობდა. საზღვარი საძოვრიდან 5-10 მეტრშია. ახალგაზრდა თავის არეშია დაჭრილი და ის განჯის ჰოსპიტალშია მოთავსებული.
„მთავარმა არხმა“ გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა საქართველოს მოქალაქე უდაბნოს მონასტრის ტერირტორიაზე დაჭრეს.
დავით-გარეჯის მონასტრის წინამძღვარი არქიმანდრიტი ილარიონი უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ინციდენტი დავით-გარეჯის ტერიტორიაზე მოხდა. უდაბნოს მონასტერი დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ნაწილია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველო – აზერბაიჯანის საზღვრის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე წლის 6 დეკემბერს მომხდარი ინციდენტის შედეგად დაზარალდა საქართველოს მოქალაქე, რომელიც მკურნალობის მიზნით გადაყვანილია შემთხვევის ადგილთან მდებარე უახლოეს სამედიცინო დაწესებულებაში. პაციენტი უკვე მოინახულეს შინაგან საქმეთა სამინისტროს და აზერბაიჯანში საქართველოს საელჩოს წარმომადგენლებმა.
“აზერბაიჯანული მხარის ინფორმაციით, დაზარალებულის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია. მომხდარ ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება. პროცესში აქტიურად თანამშრომლობენ ქართველი და აზერბაიჯანელი სამართალდამცველები”, – აცხადებენ შსს-ში.