კახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

სახალხო დამცველი მოქალაქეებზე განხორციელებულ სავარაუდო ზეწოლის ფაქტებზე საუბრობს

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 13 დეკემბერი 2019

საქართველოს სახალხო დამცველი მოქალაქეთა მიმართ განხორციელებული სავარაუდო ზეწოლის ფაქტებზე განცხადებას ავრცელებს.

ნინო ლომჯარია ეხმაურება უკანასკნელ დღეებში სხვადასხვა მედია საშუალებით გავრცელებულ ინფორმაციას, საქართველოს რეგიონებში მოქალაქეთა მიმართ განხორციელებულ შესაძლო ზეწოლის ფაქტების თაობაზე.

,, მედიაში გავრცელებულ ინფორმაციასთან ერთად სახალხო დამცველის რწმუნებულებმა საქართველოს რეგიონებში გამოკითხეს მოქალაქეები, რომლებმაც კონფიდენციალობის სრული დაცვის პირობით, სახალხო დამცველის რწმუნებულებს დაუდასტურეს გავრცელებული ინფორმაცია.

კერძოდ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, ქვემო ქართლის, შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, კახეთის, სამეგრელოს, გურიის, იმერეთის რეგიონებიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, ადგილობრივი თვითმმართველობების მიერ შექმნილი ა(ა)იპ-ების, საგანმანათლებლო დაწესებულებების (ბაღების, საჯარო სკოლების, სამუსიკო სასწავლებლების) თანამშრომლების მიმართ ხორციელდება სავარაუდო პირდაპირი ან ირიბი ზეწოლა და იძულება 2019 წლის 14 დეკემბერს თბილისში დაგეგმილ აქციაში მონაწილეობის მისაღებად.

მოქალაქეების განცხადებით, აქციაში მონაწილეობის მიღებაზე უარის შემთხვევაში ხელმძღვანელი პირები სამუშაო ადგილებზე სამომავლოდ პრობლემების შექმნაზე მიანიშნებენ”, – აცხადებს ნინო ლომჯარია.

ომბუდსმენი აღნიშნავს, რომ მოქალაქეთა მიმართ განხორციელებული იძულება, მათი ნების საწინააღმდეგოდ, მონაწილეობა მიიღონ რაიმე აქციასა თუ ღონისძიებაში და ამ მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში პირდაპირი, თუ ირიბი მინიშნება სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ, სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.

,,იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საქართველოს სახალხო დამცველსა და მის რწმუნებულებს მოქალაქეებმა ინფორმაცია კონფიდენციალობის დაცვის პირობით მიაწოდეს, სახალხო დამცველის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის თანახმად, ომბუდსმენი ამ ეტაპზე მოკლებულია შესაძლებლობას, მიმართოს საქართველოს გენერალურ პროკურატურას კონკრეტულ პირთა მიმართ შესაძლო დანაშაულებრივი ფაქტების გამო გამოძიების დაწყების მოთხოვნით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს ადგილობრივი თვითმართველობის ხელმძღვანელ პირებს და სამსახურების ხელმძღვანელებს, შეწყვიტონ თანამშრომელთა იძულება. პარალელურად მოვუწოდებთ საგამოძიებო ორგანოებს განახორციელონ შესაბამისი მოქმედებები და გამოავლინონ შესაძლო პასუხისმგებელი პირები, რომელთა ქმედებაშიც შეიძლება იკვეთებოდეს დანაშაულის ნიშნები.

საქართველოს სახალხო დამცველი ასევე მოუწოდებს საქართველოს მოქალაქეებს მათ მიმართ შესაძლო იძულების და ზეწოლის განხორციელების შემთხვევაში, მიმართონ სამართალდამცავ ორგანოებს შესაბამისი რეაგირებების განხორციელების მოთხოვნით. საქართველოს სახალხო დამცველი სრულ მზაობას გამოთქვამს, მოქალაქეთა სურვილის შემთხვევაში, დაეხმაროს მათ საგამოძიებო ორგანოებისათვის მიმართვის პროცესში”, – აღნიშნავს ნინო ლომჯარია.

ქართული ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია 14 დეკემბერს თბილისში მასშტაბურ აქციას გეგმავს. პარტიის ახალაგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარის, გიორგი ჩავკეტაძეს ინფორმაციით, აღნიშნული შეკრება საქართველოს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯომარეობის აღსანიშნავი კვირეულის ფარგლებში იმართება. მასშტაბურ შეკრებაზე რეგიონებიდან მხარდამჭერები “ქართული ოცნებას” ჩამოჰყავს.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია