შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

მოქალაქეთა მობილიზება  საჯარო მოხელეებზე ზეწოლის ფონზე

თვითმართველობა
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 13 დეკემბერი 2019

სამოქალაქო ორგანიზაციები და ოპოზიციური პარტიები მიიჩნევენ, რომ 14 დეკემბერს პარტია „ქართული ოცნების“ მიერ დაგეგმილი აქცია მუნიციპალიტეტების საჯარო პირებზე ზეწოლის ფონზე ტარდება. 

ცნობილი გახდა, რომ კახეთის მუნიციპალიტეტებში, პარტიის კოორდინატორების გარდა, მოქალაქეთა მობილიზებაში აქტიურად არიან ჩართულები მერების წარმომადგენლები სოფლებში და საკრებულოს დეპუტატები.

 

`მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები დადიან მოსახლეობაში, საჯარო სკოლებში, საბავშვო ბაღებში და საჯარო სკოლის მასწავლებლებს, ბაღის თანამშრომლებს, ()იპ და სსიპების თანამშრომლებს მოუწოდებენ გაემგზავრონ ხელისუფლების მიერ დაგეგმილ აქციაღონისძიებაზე. ზოგ შემთხვევაში აქციაზე წასვლისკენ მოწოდებას დავალების, ზოგ შემთხვევაში კი თხოვნის შინაარსი აქვს. ასევე, რამდენიმე მუნიციპალიტეტში, თვითმმართველობის საჯარო მოხელეებს დავალებული აქვთ აქციაზე წამსვლელი 10 ან 20 კაციანი სიების წარმოდგენა სახელის, გვარის და პირადი ნომრის მითითებით. ხელმომწერი ორგანიზაციები მმართველ პარტიასა და ადგილობრივი თვითმმართველობის მაღალი თანამდებობის პირებს მოუწოდებენ რომ აღკვეთონ საჯარო მოხელეებისა და მუნიციპალიტეტში დასაქმებულ პირებზე, სოციალურად დაუცველ მოქალაქეებზე ღონისძიებაზე დასწრებასთან დაკავშირებით ზეწოლის/იძულების ნებისმიერი ფორმა. ამასთან, მაქსიმალურად უზრუნველყონ დაგეგმილი პარტიული ღონისძიების გამიჯვნა საჯარო სამსახურის და თვითმმართველობების საქმიანობისგან, და თავი შეიკავონ დაგეგმილი ღონისძიების შესახებ მოქალაქეთა შეცდომაში შეყვანისგან’’,- ნათქვამია  სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების, საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს, საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის და საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში.

,,ევროპული საქართველოს“ თელავის ოფისის ხელმძღვანელი, ლელა მენთეშაშვილი განმარტავს, რომ ამ აქციით ბიძინა ივანიშვილი ცდილობს ხალხს ტყუილები დააჯეროს.

,,ხვალინდელი აქცია ემსახურება მხოლოდ ერთს: ბიძინა ივანიშვილს სურს საკუთარი ტყუილი დააჯეროს თავსაც და საზოგადოებასაც, რომ ხალხი ისეთი ბედნიერია, წინასაახალწლო პერიოდში და ყინვაში კონცერტზე დგომის ჟინი კლავთ. რა თქმა უნდა აქციაზე იქნება რიცხობრივად ბევრი ადამიანი, მაგრამ ეს არაფერს არ ცვლის, პირიქით საზოგადოება კიდევ უფრო გაღიზიანებულია ამ ტყუილი სპექტაკლით’’,- განუცხადა Knews.ge-ს ლელა მენთეშაშვილმა.

,,ნაციონალური მოძრაობის’’ გურჯაანის რაიონული ორგანიზაციის წარმომადგენელი, თემურ ბუწაშვილი განმარტავს, რომ საჯარო სამსახურებში დასაქმებულების უმეტესობა ხელისუფლებას აქციაზე იძულებით მიყავს.

,,ხვალინდელი აქცია თავიდან ბოლომდე გამოვლინებაა ხელისუფლების უგუნურობის. საერთო სახალხო პროტესტმა უზურპატორი აიძულა, მათი ნების საწინააღმდეგოდ დაეყენებინა ქუჩაში საჯარო მოხელეები, პედაგოგები, საბავშვო ბაღებში დასაქმებული ადამიანები და ამით შექმნას სურათი, რომ ოცნების პოლიტიკას “უამრავი” მხარდამჭერი ყავს ქვეყანაში.

ის რომ ხალხის უდიდეს ნაწილს არ უნდა წასვლა, მათთან პირად საუბრებში ვლინდებ. მათ ეუბნებიან, რომ ”შავი ორშაბათი” გათენდება ვინც აქციაზე არ წავა, განცხადება “დაგხვდებათ” მაგიდაზე და აშ. ხელისუფლება დაადგა სამოქალაქო დაპირისპირების გზას. მათ არაფერი დარჩათ საკუთარ მოქალაქეებზე შესათავაზებელი ძალადობის და ხელის გადაგრევხის გარდა რაც უკიდურესად შემაშფოთებელია’’,- განუცხადა knews.ge-ს თემურ ბუწაშვილმა.

,,ლეიბორისტული პარტიის“ თელავის ოფისის ხელმძღვანელი, ნიკა ვარდოშვილი აცხადებს, რომ აქციაზე საჯარო მოხელეების წაყვანა ადმინისტრაციული რესურსის უხეში გამოყენებაა.

,,ხვალინდელ აქციაზე მიყავთ საჯარო მოხელეები. ეს არის ადმინისტრაციული რესურსის უხეში გამოყენება. რაც შეეხება იმას, რომ ხელისუფლება ოპოზიციას უწყობდეს მიტინგებს და საპროტესტო აქციებს, მსგავსი გვახსოვს უახლოეს წარსულში და ვნახეთ როგორი ცუდად დამთავრდა ეს იმ ხელისუფლებისთვისაც და სახელმწიფოსთვისაც ასეთი თემიდან გასული პროცესები. უახლოეს წარსულში ვგულისხმობ იმ დროს, როცა ასლან აბაშიძეს ჩამოყავდა აჭარიდან ხალხი და მოქალაქეთა კავშირი რომ აწყობდა პოლიტიკური კრიზისის ბოლოს აქციებს. ახლა ასეთი პერიოდი აქვს ქართულ ოცნებას. ,,ქართული ოცნება“ რათქმაუნდა მთავრდება მაგრამ ეს ისე უნდა მოხდეს, რომ ქვეყანამ რაც შეიძლება ნაკლები ზიანი მიიღოს’’,– განაცხადა ნიკა ვარდოშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ქართული ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია 14 დეკემბერს თბილისში მასშტაბურ აქციას გეგმავს. პარტიის ახალაგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარის, გიორგი ჩავკეტაძეს ინფორმაციით, აღნიშნული შეკრება საქართველოს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯომარეობის აღსანიშნავი კვირეულის ფარგლებში იმართება. მასშტაბურ შეკრებაზე რეგიონებიდან მხარდამჭერების ჩამოყვანას ქართული ოცნება უზრუნველყოფს.

აქციას გამოეხმაურა 4 არასამთავრონო ორგანიზაცია. სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების, საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს, საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის და საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ 14 დეკემბერს „ქართული ოცნების“ მიერ დაგეგმილი აქციისთვის მოქალაქეთა მობილიზება მუნიციპალიტეტების საჯარო მოხელეებზე ზეწოლის ფონზე მიმდინარეობს.

,,ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ რამდენიმე მუნიციპალიტეტში, პარტიის კოორდინატორების გარდა, მოქალაქეთა მობილიზებაში აქტიურად არიან ჩართულები მერების წარმომადგენლები სოფლებში და საკრებულოს დეპუტატები. კონკრეტულად, მსგავსი ფაქტები დაფიქსირდა ქუთაისში, წყალტუბოში, ზუგდიდში, ფოთში, ხობში, მარტვილში, ოზურგეთში, ჩოხატაურში, ქობულეთში, ბათუმში, ხელვაჩაურში, ახალციხეში, გორში, ხაშურსა და კახეთის თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში.

 

ავტორი: მაკა ხაზიური

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია