თბილისის საკრებულოს ქართული ოცნების წევრი ერეკლე კუხიანიძე დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთში უკანონოდ დატყვევებულ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილსა და მის ოჯახს პროვოკატორებს უწოდებს და შეურაცხმყოფელად მოიხსენიებს. კრიტიკული პოსტი კუხიანიძემ პირად ფეისბუქგვერდზე მას შემდეგ გამოაქვეყნა, რაც გაფრინდაშვილის ოჯახმა ოცნების ორგანიზებულ ღონისძიებაზე თქვა, რომ ზეიმის დრო არ არის.
გაფრინდაშვილის ოჯახის წევრებმა დღეს განაცხადეს, რომ უხარიათ საქართველოს ევროსაბჭოს თავმდჯომარეობა, მაგრამ როდესაც ქვეყანაში ზეიმია ყველა ბედნიერი უნდა იყოს, ისინი კი არ არიან.
"მინდა მივულოცო საქართველოს ხვალინდელი დღე, ის, რომ ანბანის მიხედვით გავხვდით ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა. ძალიან საზეიმოა, მაგრამ საინტერესოა ვის გვეზეიმება და ვის არა", — განმარტა გაფრინდაშვილის ცოლმა, თუმცა საკრებულოს წევრი ამტკიცებს, რომ ისინი ზეიმის ჩაშლით იმუქრებიან. მისი აზრით, ამით იკვეთება, რომ გაფრინდაშვილი და მისი ოჯახი პროვოკატორები არიან.
კომენტარში ის წერს, რომ არ ესმის სხვას რას ითხოვს სახელმწიფოსგან უკანონოდ დატყვევებული ექიმის ოჯახი.
აღნიშნულ პოსტზე კომენტარი დატოვა სუს-ის ხელმძღვანელის ყოფილმა მოადგილემ, სოსო გოგაშვილმაც, რომელსაც კუხიანიძე პასუხობს, რომ მისთვის გაუგებარია "ოჯახის დაპირისპირება საყოველთაო ზეიმთან".
აღსანიშნია ისიც, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც კუხიანიძის ფეისბუქგვერდზე შეურაცხმყოფელი პოსტები ქვეყნდება. ის აგინებს და დამამცირებლად მოიხსენიებს ოპოზიციის ლიდერებსა და ჟურნალისტებსაც.
მაგალითად, დღევანდელ პოსტში ის აგინებს ოპონენტს ევროპული საქართველოდან, ლელა ქებურიას.
რამდენიმე დღის წინ მან შეურაცხმყოფელად მოიხსენია ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძეც, რომელმაც აქციის დაშლისას პროტესტის მონაწილეებს ბიბლიოთეკაში თავის შეფარება შესთვაზა.
უფრო ადრე, თან არაერთხელ, საკერბულოს წევრის თავდასხმის ობიექტი ტელეკომპანია პირველის წამყვანი ვახო სანაიაც გახდა.
კუხიანიძის ფეისბუქგვერდზე სხვა ბევრი აგრესიული პოსტი იძებნება, რომლის ძირითადი ადრესატებიც პოლიტიკური ოპონენტები არიან. ფეისბუქი რომ მას ეკუთვნის მოწმობს ფოტო, რომელიც ქართული ოცნების თავმდჯომარესთან, ბიძინა ივანიშვილთან ერთად 7 წლის წინ აქვს გამოქვეყნებული.