გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

წულუკიანი: გვაქვს კარგი არასრულწლოვანთა კოდექსი, გამოიყენეს თუ არა კარგად, იტყვის გამოძიება

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 19 დეკემბერი 2019

იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის შეფასებით, საქართველოს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების "ძალიან კარგი" კოდექსი აქვს. მისი თქმით, კოდექსი "ზედმიწევნით კარგად" უნდა გამოიყენონ იმ ადამიანებმა, ვინც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში მონაწილეობს. ტაბულას კითხვაზე, 15 წლის ლუკა სირაძის გამოკითხვისას გამოიყენეს თუ არა სამართალდამცველებმა კარგად არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი, იუსტიციის მინისტრი ამბობს, რომ გამოძიებას ელოდება.

 

"ჩვენ ვერ ვიქნებით ამ დარბაზში ვერც პროკურორები, ვერც გამომძიებლები და მითუმეტეს, ვერც მოსამართლეები. შესაბამისად, თქვენთან ერთად ვაკვირდები, როგორ განვითარდება მოვლენები, მესმის, საქართველოში ძალიან მოდაშია, გამომძიებლის ნაცვლად ვილაპარაკოთ ყველამ, მაგრამ ეს ასე ვერ იქნება. ამიტომაც მოგახსენეთ, მეც თქვენსავით ვაკვირდები, გაფართოვდება თუ არა გამოსაკითხი ან დასაკითხი პირთა წრე. გამოსაკითხი პირი შეიძლება იყოს მოწმე, ხოლო დასაკითხი - ვინც პასუხისგებაშია მიცემული. ვნახოთ, ეს წრე გაფართოვდება თუ არა, მოიცავს თუ არა სამართალდამცავ სისტემაში სხვა პირებს, ვიდრე ერთი გამომძიებელია. და ასევე ძალოვანი სტრუქტურების გარდა, საგანმანათლებლო სისტემაში, მათ შორის, სკოლის მესვეურებს და სხვა წარმომადგენლებს, ამიტომაც არის ეს საქმე კომპლექსური" - ამბობს წულუკიანი.

იუსტიციის მინისტრმა არ უპასუხა ტაბულას კითხვას, მისი განცხადებიდან გამომდინარე, ძირითად პასუხისმგებლობას სკოლაზე ხედავს თუ სამართალდამცველებზე.

"არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი არის ძალიან კარგი კოდექსი, ამ ხელისუფლების ერთერთი მთავარი მიღწევა, რომლის გადაღებასაც ცდილობს ევროპული ქვეყანა, სულ ახლახან ლუქსემბურგმა დაიწყო ჩვენი მოდელის მიხედვით საკუთარი არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემის რეფორმა, მაგრამ თუ ჩვენ გვინდა ეს კოდექსი ამოქმედდეს, აუცილებელია, ის იყოს გამოყენებული ზედმიწევნით კარგად, იმ ადამიანების მიერ, ვინც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში მონაწილეობს, იქნება ეს სოციალური მუშაკი, პროკურორი, მოსამართლე თუ სხვა.

იყო თუ არა არასრულწლოვანთა ქართული კარგი მართლმსაჯულების კოდექსი კარგად გამოყენებული იმ დღეს, მოცემული არასრულწლოვანი პირის გამოკითხვისას თუ დაკითხვისას, ამაზე მე ჩემი პასუხები შეიძლება მქონდეს, მაგრამ დაველოდოთ, რას იტყვის სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური, რადგან მას მიჰყავს გამოძიება. კარგი იქნება თუ ჩვენ იმ ორგანოს, რომელიც პირველ ნოემბერს ამუშავდა და დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანოა, არ შევუშლით ხელს, რადგან არამხოლოდ სირაძის საქმეზე ჭეშმარიტების გამოვლენაა სასწორზე, არამედ თვითონ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის რეპუტაციაც, ამიტომ შევეცადოთ, მათ ვაცადოთ მუშაობა" - ამბობს წულუკიანი, რომელიც მიიჩნევს, რომ კერძო სკოლებსაც უნდა დაუწესდეთ საჯარო სკოლების მსგავსი "თუნდაც მკაცრი" რეგულაციები.

"ტაბულა"

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია