შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ახალციხის საკრებულოში ევროპელი დეპუტატების პროტესტი გრძელდება

პოლიტიკა
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 18 დეკემბერი 2019
დღევანდელი, 18 დეკემბრის საკრებულოს სხდომის დღის წესრიგის მიხედვით, 2019 წლის ბიუჯეტში კიდევ ერთი ცვლილება შევიდა. კერძოდ, მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების სუბსიდიის მუხლიდან 10 000 ლარი, ხოლო ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის პროცენტის მუხლიდან 5 000 ლარი გადაიტანეს კულტურული ღონისძიებების ორგანიზებაში.იძულებით გადაადგილებულ პირთა, დევნილთა და უკიდურესად გაჭირვებულთა სოციალური დახმარების მუხლიდან 1 700 ლარი, ასევე აწყურში განვითარებული მეწყერის შედეგად დაზარალებული ოჯახების თანადაფინანსების მუხლიდან 3 600 ლარი გადაიტანეს ახალშობილების ერთჯერადად დახმარების მუხლში.საკრებულოს თავმჯდომარის განმარტებით, აღნიშნული თანხა ტენდერებიდან მორჩა და ნაშთის სახით ისინი სხვა მუხლებში გადაანაწილეს: „ყოველკვარტალურად, ჩვენ სოციალური დახმარების კუთხით ვეხმარებით პროდუქტებით შეჭირვებულ ოჯახებს და ამ ტენდერიდან გათავისუფლებული თანხა გადავიდა ახალშობილთა დახმარების მუხლში, ასევე კულტურული ღონისძიებების გამართვის მიზნით“, - განაცხადა გელა ნოზაძემ.ბიუჯეტში შესულ ცვლილებას პრეტენზია მოჰყვა ოპოზიციონერი დეპუტატების მხირდან. „ევროპული საქართველოს“ დეპუტატმა ირინა გელაშვილმა პროტესტის ნიშნად სხდომა დატოვა, სხვა ოპოზიციონერი დეპუტატები კი სხდომაზე არ გამოცხადდნენ: „ყოველ მეორე დღეს ინიშნება რიგგარეშე სხდომა და ბიუჯეტის ერთი კოდიდან გადააქვთ მეორეში თანხა, დამთავრდა წელი და კიდევ ვერ ჩამოყალიბდნენ. გადააქვთ დევნილთა და უკიდურესად გაჭირვებულთა კოდიდან თანხა ერთჯერადად ახალშობილების დასახმარებლად, ეს მესმის, მაგრამ არის კიდევ კულტურული ღონისძიებებისათვის, საქონლისა და მომსახურებისთვის. ნორმალური განმარტებითი ბარათიც არ არის, რომ გავიგოთ რა მომსახურებაა“, - განაცხადა გელაშვილმა. მისივე თქმით, დღევანდელ სხდომაზე იგი ფრაქციის „ევროპული საქართველო–მოძრაობა თავისუფლებისთვის“ პოზიციის დასაფიქსირებლად მივიდა.ამ ფრაქციას გელაშვილი თავად ხელმძღვანელობს: „მოვედი აქ არა იმიტომ, რომ ამათ მოვუსმინო, არამედ ფრაქციის სახელით, რომ დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია. ეს არის ფარსი, რასაც მე აქ ვუყურებ. გარდა ამისა, მოხდა ტრაგედია [15 წლის ლუკას გარდაცვალება], ეს ბავშვი იყო ამ რეჟიმის მსხვერპლი და წუთიერი დუმილითაც კი არ მიაგეს პატივი, რაზე ვილაპარაკო“.საკრებულოს თავმჯდომარე გელაშვილის პრეტენზიას არ იღებს: „როცა ასეთი ტრაგედიაა, ყველაფერს ფარავს ეს ტრაგედია და შესაბამისად, შეიძლება გადაწყვეტილებაც მივიღოთ. არ არის გამორიცხული რომ ღონისძიებები არ გაიმართოს, თუმცა წინასწარ ამაზე ვერ ვისაუბრებთ და ვერ ვიტყვი რომ ასე იქნება. ცხოვრება მაინც ცხოვრებით მიდის, რასაც წინ ვერაფერი დაუდგება, თუმცა ეს არის საერთო ტრაგედია“, - განაცხადა ნოზაძემ.15 წლის ლუკა სირაძე, რომელმაც თვითმკვლელობა სავარაუდოდ პოლიციაში მასზე განხორციელებული ფსიქოლოგიური ძალადობის გამო სცადა, იაშვილის კლინიკაში გუშინ, 17 დეკემბერს გარდაიცვალა.მოზარდი 11 დეკემბერს საცხოვრებელი კორპუსის მეცხრე სართულიდან გადმოხტა და მრავლობითი დაზიანებები მიიღო. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით, თვითმკვლელობის მცდელობას წინ უსწრებდა დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის პირველ განყოფილებაში, 2019 წლის 10 და 11 დეკემბერს არასრულწლოვნის გამოკითხვა, რა დროსაც იგი პოლიციელთა მხრიდან ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი გახდა.ოპოზიციონერმა დეპუტატებმა პროტესტის ნიშნად სხდომა 12 დეკემბერსაც დატოვეს.[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია